თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს პროკურორმა და გამომძიებელმა სახაზინო ადვოკატები შესთავაზეს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, უკანონო ზემოქმედების დასაწყისია. 12 ნოემბერს პროკურორი და გამომძიებელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდნენ ბრალდებულებს, სადაც უთხრეს, წაეკითხათ საქმის მასალები, მაგრამ ასლების გადაცემაზე უარი განაცხადეს, რაზეც ბრალდებულებმა და ადვოკატებმა უპასუხეს, რომ ეს არ იქნებოდა მხარეთა თანასწორობის პრინციპის განხორციელება და ეს იქნებოდა მხოლოდ ფორმალური დაცვის განხორციელება. შესაბამისად, სტუმრად მყოფი პროკურორისა და გამომძიებლის მოთხოვას, ადვოკატები და ბრალდებულები არ დათანხმდნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულებს ადვოკატების თანდასწრებით შესთავაზეს სახაზინო ადვოკატები აეყვანათ. თუმცა, როგორც ადავოკატი გოგა სამუშია for.ge-სთან საუბრისას ამბობს, ბრალდებულებმა უარი განცხადეს სახაზინო ადვოკატების აყვანაზე.
ბატონო გოგა, რა მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა მიზნით შეხვდა გამომძიებელი და პროკურორი ბრალდებულებს?
- ბრალდებულებს შესთავაზეს საქმის მასალების გაცნობა. გამომძიებელს მოტანილი ჰქონდა სისხლის სამართლის მასალის ორიგინალი. წარმოუდგენელი იყო საპატიმრო დაწესებულებაში 5 ბრალდებული და პლუს ადვოკატი გაცნობოდა საქმეს. ეს ემსახურებოდა იმის იმიტაციას, რომ თითქოსდა, ბრალდების მხარემ, დაცვის მხარეს შესთავაზა სისხლის სამართლის მასალების გაცნობა და დაცვის მხარემ თქვა უარი.
რაც ყველაზე საინტერესოა, პროკურატურამ წარმოადგინა ოქმი, სადაც მითითებული იყო, რომ ვინაიდან, ბრალდებულების ინტერესების დამცველები არ ეცობიან სისხლის სამართლის მასალებს, პროკურატურა მათ სახაზინო ადვოკატს სთავაზობს. ამ ოქმზე ბრალდებულებმა გააკეთეს შენიშვნა, რომ არათუ ადვოკატები, არამედ თვითონაც ვერ ეცნობიან სისხლის სამართლის საქმეს, ითხოვენ საქმის ასლებს, რის უფლებასაც პროკურატურა არ აძლევს.
ოქმი, სახაზინო ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით პროკურატურამ იქვე დაწერა?
- არა, ეს ოქმი წინასწარ ჰქონდათ დაბეჭდილი და შემოტანილი. პროკურატურამ წინასწარვე იცოდა, რომ უარს მიიღებდა ბრალდებულებისგან(?!).
თუმცა, საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ადვოკატებს არაერთხელ ჰქონდათ შანსი, საქმის მასალებს გასცნობოდნენ და არ გამოიყენეს...
- პროკურატურამ ამ საქმეში დაკარგა ყველანაირი სამართლებლივი ბერკეტი. იცის, რომ დარღვეული აქვს კანონი, საპროცესო კოდექსი და პიარ ბრძოლა დაიწყო ბრალდებულებისა და ადვოკატების წინააღმდეგ. ის რაც ბატონმა პროკურორმა ბრძანა, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არის სიცრუე - თითქოსდა, ბრალდებულებს ჰქონდათ სურვილი გაცნობოდნენ საქმის მასალებს და ადვოკატმა აუკრძალა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ყველა ბრალდებულმა ცალსახად განაცხადა, რომ ისინი ითხოვენ საქმის მასალებს. ბრალდებულები სხვადასხვა ოთახში იჯდნენ, სათითაოდ შედიოდა გამომძიებელი მათთან და სთავაზობდა მასალების გაცნობას. ამ დროს საქმე იყო ერთი.
იმ შემთხვევაშიც კი, ბარლდებულებს რომც გამოეხატათ საქმის მასალების გაცნობის სურვილი, მაგ ფორმატში და მოცემულობით ფიზიკურად ვერ გაეცნობოდნენ საქმეს. წარმოდგენილი იყო საქმის ორიგინალი და არა ასლები. 5 ბრალდებული ჯგუფურად საქმეს ფიზიკურად ვერ გაეცნობოდა. ბრალდების მხარე ამით ცდილობს გაამართლოს ის დარღვევა, რაც ჩაიდინეს და რასაც ჩადიან ამ დროის განმავლობაში. სამართლებლივ ჩარჩოს გასცდა პროკურატურა. მოქმედებენ არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რითაც წესით უნდა მოქმედებდეს ბრალდების მხარე, არამედ ჩადიან უკანონობას.
პროკურატურის ეს ქმედება, ადასტურებს, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს?
- რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად, არ აწყობს, რომ საჯარო გახდეს ეს საქმე, ადვოკატებს არ მიეცეს ადეკვატურად დაცვის განხორცილების საშუალება და შესაბამისად, საზოგადოებამ არ გაიგოს საქმის შიგთავსი. ყველანაირ სამართლებლივ ჩარჩოს სცდება იგივე სახაზინო ადვოკატის შემოთავაზება.
დაახლოებით იგივე მოხდა „ტრაქტორების საქმეზე“ დაკავებული მამუკა ივანიაძის შემთხვევაში, როდესაც პროკურატურის მოთხოვნით, ადვოკატ სოსო ბარათაშვილს აცილება მისცა. უშვებთ შესაძლებლობას, რომ ამ სახის ზეწოლა განხორციელდეს ბრალდებულებზე, მითუმეტეს, რომ მოახლოებულია სასამართლო პროცესი?
- პროკურატურა იმდენად გასცდა სამართლებლივ ჩარჩოებს, რომ მათი ქმედების პროგნოზირება რთულია. მითუმეტეს, რომ ამის მაგალითი გვაქვს „ტრაქტორების საქმის“ შემთხვევაში. გამორიცხვა, რომ ამ შემთხვევაში იგივეს არ გააკეთებენ, ამის მტკიცება არ შემიძლია.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არ მოხდეს ზეწოლა ბრალდებულებზე?
- იმაზე, რომ პროკურორები, უკანონოდ არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში არ შევიდნენ და ზეწოლა არ მოახდინონ ბრალდებულებზე, ამაზე პასუხისმგებელია სასაჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც ვალდებულია უკანონო მოქმედების საშუალება არ მისცეს პროკურორებს.
დგანან თუ არა ბრალდებულები იმ საფრთხის წინაშე, რომ ბრალდების მხარემ განახორციელოს მათზე ზეწოლა, რათა მიიღონ მათთვის სასურველი ჩვენება?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაკავების დღიდან დღემდე ირღვევა ამ ადამიანების უფლებები, რა თქმა უნდა, ამას არ გამოვრიცხავ. ის რაც ხდება, ეს არის უკანონო ზემოქმედების დასაწყისი. ჩვენ ვაპირებთ საქმის კურსში ჩავაყენოთ საერთაშორო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსი და მოვითხოვთ, რომ გამოიყენონ მათ ხელთარსებული სამართლებლივი ბერკეტი, აიძულონ პროკურატურა დაბრუნდეს სამართლებლივ ჩარჩოში და იმოქმედოს კანონის შესაბამისად.