ირაკლი ალასანიას საპარლამენტო გუნდი საკუთარი ნებით დაკავებული თანანმდებობების დათმობას არ აპირებს, უმრავლესობის ნაწილი კი „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ პოსტების ჩამორთმევის საკითხზე უკვე ზრუნავს.
საკითხზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი უკვე მოქმედებს.
for.ge-მ უმრავლესობის დახურული სხდომის მოსმენა შეძლო, სადაც დავით საგანელიძემ ზურაბ აბაშიძისთვის ვიცე-სპიკერის პოსტის ჩამორთმევა მოითხოვა, ხოლო თამაზ ავდალიანმა გუნდს კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობებიდან - გიორგი ცაგარეიშვილის, ვიქტორ დოლიძისა და დავით ონოფრიშვილის გადაყენება ურჩია.
შეხვედრაზე დავით საგანელიძემ თანაგუნდელებს უსაყვედურა, რომ ზურაბ აბაშიძის თემასთან დაკავშირებით ის მარტო იბრძვის.
დეპუტატის თქმით, ის საკითხზე ერთ პოზიციას აფიქსირებს, მაგრამ უმრავლესობიდან მისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები განსხვავებული პოზიციით გამოდიან, რაც ძალიან საწყენია.
„ადამიანი ტელევიზიით ამბობს, რომ მაგათთან ყოფნა აღარ ღირსო, მაშინ თუ ჩემთან ერთად ყოფნა არ ღირს, ჩემი კვოტით ვიცე-სპიკერობა როგორ ღირს?! ჩემო კარგებო, პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვებული რამდენჯერ მაქვს? იმის თქმა, რომ უმრავლესობიდან მივდივარ, მაგრამ ვიცე-სპიკერობიდან არ მივდივარ, არასწორია. კაი ბიჭია კი, ყველა კაი ბიჭია, მაგრამ ამით რა? ამ პარლამენტში ვიკა დოლიძეზე ახლობელი არავინ მყავს, ის ჩემი უახლოესი მეგობრის შვილია, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა“, - აღნიშნა უმრავლესობის დახურულ სხდომაზე საგანელიძემ.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, აბაშიძის საკითხზე თემა უნდა გაიხსნას და მმართველი გუნდი ჩამოყალიბდეს.
„იქნება რამე მეშლება და ამის უფლება არ მაქვს, მოდით, შევთანხმდეთ. იმაზე არ ვსაუბრობთ, ვინ დავნიშნოთ და ვიცე-სპიკერი ვინ იყოს, მაგრამ უმრავლესობაში შემოერთებულ მეგობრებს არ ეწყინებათ თუ ვიტყვი, რომ მათგან ვიცე-სპიკერი არ შეირჩევა, რადგან ამას სახე მიეცემა, რომ მათი გადმოსვლა ვაჭრობის თემა იყო და ა.შ. რიგითობასაც თავისი ფორმა აქვს. პოსტი ენუქიძეს რომ შევთავაზოთ და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ არა, მართლები არ ვიქნებით. მეორე მხრივ, ეს საკითხი არ დავაყენოთ და თვალი დავხუჭოთ, რომ ჩვენი კვოტა ოპოზიციას აქვს, მაგალითად, ანი მიროტაძე ხომ მეტყვის, რომ რისთვის აგირჩიეს, კვოტები რომ დავთმოთო? ამ სიტუაციაში მარტო ვიბრძვი. ისე გამოდის, რომ საკითხი დავაყენე, ხოლო ჩემი საპატივცემულო ხალხი განსხვავებულ რაღაცას ამბობს. აბა გავხსნათ თემა და ჩამოვყალიბდეთ“, - მიმართა თანაგუნდელებს საგანელიძემ, რომელსაც „ეროვნული ფორმის“ წევრი ანი მიროტაძე გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, ის მხარს დაუჭერს, რომ აბაშიძის მიერ დაკავებული კვოტა უმრავლესობას ჰქონდეს.
„თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ, მაშინ შევთანხმდეთ და ასე იყოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ერთი საერთო პოზიცია უნდა გვქონოდა. პირადად მე, მხარს დავუჭერ, რომ ეს კვოტა არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ საკითხი შეთანხმებული უნდა იყოს და ყველამ ერთნაირად ვისაუბროთ“, - მიმართა დეპუტატებს მიროტაძემ, რომლის შემდეგ სიტყვით გამოსვლა ყოფილმა „თავისუფალმა-დემოკრატმა“ გედევან ფოფხაძემ მოითხოვა.
კანონმდებელის მტკიცებით, ის ვიცე-სპიკერის პოსტიდან აბაშიძის გადაყენებას მხარს არასოდეს არ დაუჭერს.
მისი თქმით, სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, თუ აბაშიძე პოსტზე დარჩება.
„განსხვავებული პოზიცია მაქვს და არგუმენტებსაც მოგახსენებთ. ამ არგუმენტებში სუბიექტური ემოცია ყველაზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ აბაშიძე ჩემთვის ახლობელი ადამიანია და მის საწინააღმდეგოდ ვერც ვერაფერს ვიტყვი და ხმასაც ვერ მივცემ, მიმაჩნია, რომ სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება, თუ მას ეს პოსტი დარჩება. შეიძლება ეს იყოს გზავნილი. ეს მაჩვენებელი უნდა იყოს იმისა, რომ ამ ფრაქციასთან თანამშრომლობას მაქსიმალური რეჟიმით ვაპირებთ. რაც შეეხება ზურას განცხადებას, რომელიც არასწორი იყო, მაგრამ ნათქვამი ემოციურად იყო და რა თქმა უნდა, ეს მისატევებელი შეცდომაა“, - აღნიშნა გამოსვლისას ფოფხაძემ.
ფოფხაძის მოსაზრებით, „თავისუფალ-დემოკრატებთან“ უმრავლესობამ უნდა ითანაშრომლოს და წყენა გვერდზე გადადოს.
„ამ მიდგომით მათ ვაგრძნობინებთ, რომ ჩვენ მყარი და სწორი პოლიტიკა გვაქვს. მომავალში, ამ ადამიანებთან თანამშრომლობა გვჭირდება, რადგან ორი წელი ერთად უნდა ვიყოთ და ალბათ, ვადამდელი არჩევნები ყველაზე დიდი უბედურება იქნება, რაც შეიძლება საპარლამენტო ცხოვრებიდან გამომდინარე მოხდეს. წყენა გვერდზე უნდა გადავდოთ. თუ ჩვენი კოლეგების მხრიდან არადეკვატური აღქმა იქნება, მორალურად სხვა ნაბიჯების გადადგმის უფლება გვექნება“, - აღნიშნა ფოფხაძემ, რომლის შემდეგ საკუთარი მოსაზრება ნუკრი ქანთარიამ დააფიქსირა.
დეპუტატის მოსაზრებით, პოსტიდან წასვლის საკითხს თავად აბაშიძე უნდა წყვეტდეს და საკითხი კენჭისყრაზე არც უნდა დადგეს.
„პრემიერთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ეს საკითხი აუცილებლად დადგებოდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ. „თავისუფალ-დემოკრატებთან“ კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ბატონ გედევანს ვერ დავეთანხმები, რომ ამაზე არ უნდა წავიდეთ. ამ საკითხს ბატონი ზურაბი უნდა წყვეტდეს. მე მაგალითად, ამ საკითხს კენჭისყრაზე არ დავაყენებდი. ოპოზიციაში გადასვლა ნიშნავს, რომ აქტიური იყო, მათ ოპოზიციური მოვალეობის შესრულება ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ქანთარიამ.
თანაგუნდელების მსგავსად, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ პოსტების ჩამორთმევის საკითხზე ყურადღება გაამახვილა თამაზ ავდალიანმა.
უმრავლესობის სხდომაზე ავდალიანმა პოსტებიდან კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენება მოითხოვა და მან მაგალითად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშივილის განცხადება მოიყვანა, რომელმაც თქვა, რომ მის გუნდში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„პირადი ურთიერთობის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ პოლიტიკაც არსებობს. გაჩუმებულები ვიყავით, მაგრამ გუშინ, ონოფრიშვილის განცხადება იყო, რომ ბიუჯეტთან მიმართებაში რას ვაკეთებთ, მოვიფიქრებთო. ჯერ კიდევ კომიტეტის თავმჯდომარის რანგში იძახი, რომ კონსულტაციებს გავივლი და გუნდი როგორც გადაწყვეტს ისე გავაკეთებო. კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება ვიცე-სპიკერს, გარდაუვალია, რომ აბაშიძე უნდა შეიცვალოს. კომიტეტების თავმჯდომარეების შემდეგ თუ გზა დაგვრჩება, ვიცე-სპიკერის შეცვლაზე უნდა ვიმსჯელოთ. უმცირესობა და უმრავლესობა არსებობს, მაგრამ ის უფლება უნდა გამოიყენოთ, რომლის მიხედვითაც, კვოტა გვეკუთვნის“, - განაცხადა ავდალიანმა, რომელიც ერთადერთი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელმაც უმრავლესობის სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეების მხრიდან პოსტების დატოვება მოითხოვა.
თამაზ ავდალიანის პოზიცია გარკვეულწილად გასაგებია, რადგან იმ შემთხვევაში თუ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის პოსტს „თავისუფალი დემოკრატი“ შალვა შავგულიძე დატოვებს, ვახტანგ ხმალაძის პირველი მადგილე თამაზ ავდალიანი ხდება, რომელსაც პარლამენტის კუთვნილი ავტომობილი მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძისთვის პოსტის ჩამოთმევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც „თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში წავიდნენ. აბაშიძეს თანამდებობა უმრავლესობის კვოტით უკავია, რეგლამენტში კი წერია, რომ უმრავლესობას არანაკლებ სამი ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება აქვს.