მთავარ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაგზავნილი მასალების საფუძველზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გიორგი ბადაშვილის უწყება დეტალებზე არ საუბრობს. როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს შემოწმება 2013 წლის 7 ივლისიდან დაიწყო. გენერალური აუდიტორის განმარტებით, მასალები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს, რამდენიმე შესყიდვასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს ბადებს.
უკვე ცნობილია, რომ მასალები არ უკავშირდება ე.წ. კაბელების და არც სამხედროების კვების თემას. არის სხვა ტიპის შესყიდვებთან დაკავშირებული მასალები, თუმცა, ვინაიდან მათ გრიფით „საიდუმლო“ ადევს, აუდიტის სამსახურის ხელძღვანელი დეტალებზე არ საუბრობს.
სახელმწიფო აუდიტის განცხადებას უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავის დროზე, სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო სამინისტროს შემოწმება აუდისტის სამსახურმა, თუმცა ამჟამად, მისი და თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ყველაფერი ერთად კონცენტრირდება და ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ალასანია ამბობს, რომ მოთმინებით ელოდება, გასაჯაროვდეს ის საქმე, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას უკვე აწარმოებს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი, აუდიტის სამსახურიდან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული მასალების მოთხოვნას, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანიას გუნდის დევნას უწოდებს. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქმეები იმსხვრევა და ახლა არის მცდელობა, რომ მოხდეს საქმეების შეკერვა.
რას უკავშირდება აუდიტის სამსახურის გააქტიურება და რატომ დუმდა 2 წლის განავლობაში „ნდობის ჯგუფი“ ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.
ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე დატოვა. თუმცა, პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს. როგორ აფასებთ ამ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებას?
- მისასალმებელია სასამართლოს გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარა, რომ აბსოლუტურად ყველა საქმეში სასამართლო დაამტკიცებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების უდანაშაულობას, რასაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომში პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არაა ერთი კონკრეტული უწყების, ან ერთი კონკრეტული ძალის საქმე, ეს არის მთელი ქვეყნის საქმე. ეს საკითხი ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აუცილებელია გამოძიება მივიდეს ბოლომდე და ასევე, ყოველთვის ვამბობდით, რომ ის ვინც ამის უკან დგას, აუცილებლად აგებს პასუხს და ასეც იქნება მომავალში.
უმრავლესობის ლიდერმა დავით საგარენიძლემ მოითხოვა აუდიტის სამსაურიდან მასალები, რასაც ოპერატიულად მოჰყვა ლაშა თორდიას პასუხი, რომ არის შესყიდვები, რომელიც ეხება ალასანიას პერიოდს და რომელზეც როგორც თავად ამბობს, არსებობს კითხვები. ადვოკატების განცხადებით კი, პროკურატურა კაბელების საქმეში ჩიხში აღმოჩნდა, ვერ წარმოადგინა მტკიცებულება და სწორედ, ამიტომ გააქტიურდა უკვე აუდიტის სამსახური. როგორია თქვენი პოზიცია?
- ეს არა იმდენად აუდიტის სამსახურის გააქტიურებაა, არამედ, რეალურად, ეს არის იარაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო გუნდის გააქტიურება. აქ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობაც გამოჩნდა პროკურატურის მხარედ. აბსოლუტურად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ როგორც კი ადვოკატების ხელში აღმოჩნდება მასალები (იცით, რომ ჯერ კიდევ არ მიუღიათ მასალები), ეს საქმე ძალიან მალე ჩამოიშლება. კაბელების და ექიმების საქმეში რეალურად ხელჩასაჭიდი არაფერია, ამიტომ, ახლა მიდის გაცხარებული მცდელობა, როგორმე ბნელ ოთახში აღმოაჩინონ შავი კატა, რომელიც იქ არაა.
გარწმუნებთ, რომ ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყვება, ეს აუცილებლად კრახით დასრულდება. საქმეს უკვე აქვს პოლიტიკური ელფერი და ამას ყველა ხედავს. ეს არის ბრძოლა კონკრეტულად ირაკლი ალასანიას, მისი პოლიტიკური საქმიანობისა და მისი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ბრძოლა და ამ ტიპის დესტრუქციული ნაბიჯები, ბუმერანგივით მიუბრუნდება მთავარ პროკურატურას და მასაც, ვინც ამის უკან დგას.
ეს პირდაპირ უკავშირდება ღარიბაშვილის გუნდის მხრიდან ალასანიას გუნდის დევნას. სამწუხაროა, რომ ამ სქემაში ჩართულია ღარიბაშვილის გუნდის საკანონმდებლო ფრთაც პარლამენტში. ასე ვთქვათ, „ნაციონალური ოცნების“ წარმომადგენლებმა და ლიდერმა მიიღო და დაიჭირა უკვე მხარე.
ლაშა თორდიას განცხადებით, მასალები პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია. მისივე თქმით, არის შესყიდვები, რომელიც ალასანიას პერიოდს ეხება და, რომელზეც კითხვები აქვს. ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის რეალური მიზეზია ირაკლი ალასანიას დაკავება?
- მართლა არ ვიცი რა იხარშება ახლა მათ ტვინებში და მართალი გითხრათ, არც მაინტერესებს. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დროსაც ყველაფრისთვის მზად ვიყავით და ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდშიც ყველაფრისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. დღის წესრიგში ჩვენი ქვეყანაა, ქვეყნის დემოკრატიზაციაა. მიზნები, რომელსაც ჩვენ ვუერთგულეთ 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ამ მიზნების განსახორციელებლად ყველაფერს გავაკეთებთ, უკვე, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული პარტია „თავისუფალი დემოკრატები“
ერთი რამ ცხადია, რომ ამ ტიპის განცხადებები აქამდე არ გაუკეთებია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, ასეთი პრინციპული მოთხოვნა არ დაუყენებია საქმის განსაჯაროვებასთან დაკავშირებით. საქმის მოთხოვნა აუდიტის სამსახურიდან, კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით და არა რომელიმე სხვა უწყებებთან დაკავშირებით, ეს კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს იმაზე, რაზეც მე მოგახსენეთ - ეს არის ბრძოლა ირაკლი ალასანიას, მისი პოლიტიკური გუნდის და მისი საქმიანობის წინააღმდეგ. ასე რომ, რაც უფრო შორს წავა პროკურატურა და მის მხარეს მდგომი ყველა ინდივიდუალური პიროვნება თუ კონკრეტული პოლიტიკური ძალა, მით უფრო მაზიანებელი იქნება თვითონ მათთვის. ამიტომ, ვურჩევდი მათ - სანამ დროა, დაყარონ ფარ-ხმალი.
დავით საგანელიძე არის „ნდობის ჯგუფის“ წევრი და როდესაც დღეს ითხოვს ამ მასალებს აუდიტის სამსახურდიან, თავისთავად ჩნდება კითხვა, თუ კი ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კორუფციული სქემა არსებობდა თავდაცვის სამინისტროში, რატომ არ შეიკრიბა „ნდობის ჯგუფი“ და რატომ არ დაისვა ეს საკითხი? როდესაც 2 წლის განმავლობაში ამ საკითხით არ დაინტერესებულა „ნდობის ჯგუფი“ ეს ნიშნავს თუ არა, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის თვითონ საგანელიძეც?
- უმრავლების ლიდერი დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების უმრავლესობაში გაწევრიანების და ასე ვთქვათ, მათი ლობირებით, მაგრამ ეს კითხვა მას აუცილებლად უნდა დაუსვან მედიამ და ექსპეტრებმა. ნამდვილად კარგი კითხვაა, მაგრამ ადრესატი არის თვითონ უმრავლესობის ლიდერი და ასევე ნდობის ჯგუფის სხვა წევრები.
ალასანიას კორუფციაში დადანაშაულება, ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის?
- ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ეს ეხება უწყებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული რეფორმების განხორცილებაში, რეფორმების გამჭვირვალეობასა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ამით 2 წლის განამვლობაში თავს იწონებდა ჩვენი მთავრობაც, როდესაც მაღალ შეფასებებს ვიღებდით ნატოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შემფასებელი მისიის საბოლოო დოკუმენტების გახმიანებისას.
ეს არის დროის ტყუილად კარგვა. ირაკლი ალასანიას ავტორიტეტს ასეთი ტიპის ქმედებები არათუ საერთაშორისო თანამეგობრობაში, არამედ საქართველოს მოსახლეობაშიც ვერ შეარყევს. ეს თანმიმდევრობა - ამ საქმეების გამოთხოვის, ამ ინსტიტუციების ჩართვის, კიდევ უფრო მეტად მეტყველებს, რომ თავდაცვის უწყება მართლაც არის ძალიან სერიოზული წარმატებული უწყება და ეს წარმატებები დაკავშირებულია ირაკლი ალასანიასთან, ეს ცხადზე ცხადია და ეს ყველამ კარგად იცის.
ამ დღეების განმავლობაში შეხვედრები გქონდათ დიპლომატებთან, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამ შეხვედრებზე თუ დაისვა კითხვა ამ კონკრეტულ ბრალდებებზე და თუ საუბრობენ ისინი, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე?
- კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ალასანიას რაიმე კავშირი აქვს თუ არა ამ თითიდან გამოწვეულ კორუფციულ სქემასთან, საერთოდ არ დგას და ძალიან გამიკვირდებოდა ასე რომ ყოფილიყო. ბუნებრივია, მათ ძალიან კარგად იციან ვისთან აქვთ საქმე და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ და ამ დასკვნებს, შემდგომ, თითოეული ელჩი უზიარებს თავის დედაქალაქს.