თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსი საფრთხეშია, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საბაბი გახდა. გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 14 ნოემბერს, სწორედ, ამ თემაზე ისაუბრებს. მანამდე კი მან ხმაურიანი განცხადების ავტორს პირადად უმასპინძლა - გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შედგა.
რა ქვეტექსტები შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თავკაცის შეხვედრას, რატომ არ საუბრობს ირაკლი ალასანია ღიად ევროინტეგრაციის კურსის საფრთხესთან დაკავშირებულ კონკრეტულ მაგალითებზე და რეალურია თუ არა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების შემდეგ ირაკლი ალასანიას დაპატიმრების გეგმაც მუშავდებოდეს?
For.ge პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტს ვანო მაჭავარიანს ესაუბრა
ბატონო ვანო, პრეზიდენტი თავდაცვის ყოფილ მინისტრს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა, შეხვედრის მთავარი თემა კი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები და პროდასავლური პოლიტიკური ძალების გაძლერების აუცილებლობა იყო. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? რა დატვირთვა აქვს გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრას?
-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მეთაურს აქვს საშუალება და სურვილი, რომ პირადად ირაკლი ალასანიასგან მოესმინა პოზიცია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შესახებ, ასევე განეხილა მასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის სამინისტროსთან. ალასანია, გარდა იმისა, რომ არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და, ზოგადად, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განვითარების თემებში, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საქართველო-ნატოსა და საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხებში.
მარგველაშვილისა და ალასანიას შეხვედრა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ირაკლი ალასანია არის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები. თემები, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ახსენეს, საზოგადოების ინტერესის საგანია. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მსგავს საკითხებზე ინფორმაციას თავად ამბებში უშუალოდ მონაწილე პირისგან იღებს, ვფიქრობ, სასარგებლოა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და პოზიტივია, ზოგადად, მმართველობის თვალსაზრისით.
თავად ამ შეხვედრის ფაქტი არის თუ არა ერთგვარი ხაზგასმა, რომ პრეზიდენტის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის პოზიციები, პრაქტიკულად, ერთმანეთს ემთხვევა და პრეზიდენტი იზიარებს ალასანიას განცხადებას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსს საფრთხე ემუქრება?
- არ მგონია, ეს მაინცდამაინც ალასანიას მხარდაჭერას გამოხატავდეს. აქ უფრო საუბარია იმაზე, რომ 14 ნოემბერს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა არის დაგეგმილი. მარგველაშვილი ამ გამოსვლაში საკუთარ ხედვებზე ისაუბრებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოსვლამდე პრეზიდენტმა მოუსმინა ირაკლი ალასანიას. ამ შეხვედრის ინიციატორი იყო ირაკლი ალასანია და მას პრეზიდენტი გამოეხმაურა. ის ვალდებულია, მოუსმინოს ყველა მხარეს, ვისაც ამის სურვილი აქვს.
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა, სწორედ, ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ თემებზე იგეგმება. პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, დებატებიც გაიმართოს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ მოხსენების მოსმენა სურს. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- ჩემთვის უცნობია ეს მიზეზები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას არა მხოლოდ ისაუბროს ევროინტეგრაციის კურსზე, არამედ, დასვას ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც უშუალოდ აკისრია საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა და მთავრობის ზედამხედველობის ფუნქცია. ამიტომ, აქ არა მხოლოდ პრეზიდენტის პოზიციის გამოხატვაა მნიშვნელოვანი, არამედ, იმ აქცენტებისა და კითხვების დასმაც, რომლის ადრესატი არის პარლამენტი, მთავრობა და ზოგადად, ქართველი საზოგადოება, რომლისთვისაც ეს თემა უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის უცნობია, რატომ შეარჩია პარლამენტმა ამგვარი ფორმატი, როცა არსებობდა პრეზიდენტის თანხმობა დებატებში მონაწილეობაზე.
შესაძლოა, თუ არა, ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტში პრეზიდენტთან დებატებზე უარის თქმა საპარლამენტო უმრავლესობას იმის გამო არ სურს, რომ ამ ეტაპზე საგარეო კურსთან დაკავშირებული თემების გაშლა არ აძლევს ხელს?
- აქ საინტერესო არის ის, რამდენად არიან დაინტერესებულები მთავარი მოქმედი პირები - თავისუფალი დემოკრატები, რომ ეს თემა მეტად გაიშალოს და მეტი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ, თუ რას გულისხმობდა მათი ლიდერი და რას გულისხმობდნენ მინისტრები, რომლებიც ამ თემის სოლიდარობის გამო გადადგნენ. სწორედ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდრებისგან უნდა მოგვესმინა ინფორმაცია ამ კონკრეტულ თემაზე. ასევე საინტერესოა, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის პოზიცია, რომელმაც ჯერ დააყენა საფრთხის ქვეშ ევროატლანტიკური კურსი, მერე „დარწმუნდა“, რომ არ ემუქრება საფრთხე ამ კურსს და საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. სწორედ, ის არის ვალდებული, ქვეყნის საგარო კურსზე - ევროპასთან თუ ევროატლანტიკურს სივრცესთან დაახლოების თვალსაზრისით.
ამიტომ, ვფიქრობ, ამ საკითხზე პრეზიდენტის აქცენტებისა და კითხვების გარდა საინტერესო იქნებოდა, მოგვესმინა „თავისუფალი დემოკრატების“, მთავრობის და მათ შორის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის არგუმენტები. სასურველი იყო, ყველა ამ მხარეს შორის გამართულიყო დებატები, მაგრამ ეს შესაძლებლობა გამოუყენებლი რჩება და საზოგადოებას კითხვებიც კვლავ ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობდა ალასანია და რას გულისხმობს მთავრობა. მთავრობას ადრეც უჭირდა და ახლაც უჭირს ძირითადი აქცენტებისა თუ გზავნილების საზოგადოებამდე მიტანა და კომუნიკაცია.
ალასანიასთან შეხვედრის საკითხს რომ დავუბრუნდეთ - რამდენად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაში გადასული ირაკლი ალასანიას თანამოაზრე და მისი ერთგვარი პოლიტიკური პარტნიორიც კი გახდეს?
- ამ ეტაპზე და, ზოგადადაც, ამგვარ რამეს გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ პრეზიდენტს აქვს ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია. ის არის სახელმწიფოს მეთაური და მთავარსარდალი. მას საკმარისი უფლებამოსილებები ვალდებულებები და შესაძლებლობები აქვს, რომ ზუსტად განახორციელოს კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციები. მისი ვალდებულებაა, ითანამშრომლოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ლიდერთან, რომელთაც ხელეწიფებათ მმართველობა ან მმართველობის შესაძლებლობა. პრეზიდენტის ფუნქციები და ვალდებულებები სცილდება ერთი რომელიმე პარტიის კონკრეტულ მიზნებს.
მარგველაშვილი-ალასანიას შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებზეც იყო მსჯელობა. ეს თემა დღეს საკმაოდ მწვავეა, დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალების სათანადოდ გაცნობის საშუალება კვლავ არ მიეცათ, პარალელურად კი თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ აუდიტის სამსახურმაც აიმაღლა ხმა. როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს ეს ფაქტები - შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურას უჭირს სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული ბრალის დამტკიცება?
- ეს ძალიან ტექნიკური თემაა და ამის შესახებ ვერ ვისაუბრებ, რადგან კომპეტენტური ვერ ვიქნები.
შექმნილ ვითარებაში მოსალოდნელია ირაკლი ალასანიას დაკავება, თუ გამორიცხავთ მოვლენების ამგვარად განვითარებას?
- ვეყრდნობი განცხადებებს, რომელიც მოდის, მათ შორის, ალასანიასგან. რაც შეეხება მის სამართლებრივ დევნას - არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალასანია უფრო ღიად ესაუბროს საზოგადოებას მასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემატიკაზე. უშუალოდ მისგან უნდა გავიგოთ დასაბუთება, რას ედავება სახელმწიფო მანქანა, ანუ მოქმედი მთავრობა. შემდეგ კი დრო აჩვენებს, რა ხდება მიმდინარე პროცესების მიღმა. რა თქმა უნდა, საფუძველს არ არის მოკლებული განცხადება, რომ მისი დევნა პოლიტიკური ხასიათისაა, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები კი მხოლოდ საბაბია. ალასანიას მიერ დასახელებული არგუმენტი, რომ პოლიტიკურად სდევნიან, საგულისხმოა და საზოგადოებამ მასზე აუცილებლად უნდა იფიქროს.