თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე „ნდობის ჯგუფი“ სავარაუდოდ, ნოემბერში იმსჯელებს, მაგრამ მანამდე, „ნდობის ჯგუფის“ წევრებმა მასალების შეგროვებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა მასალების მიწოდების მიზნით, თავდაცვის უწყებას მიმართა და როგორც თავად ამბობს, გარკვეული მასალებიც მიიღო, ხოლო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი აუდიტის სამსახურს პარლამენტში მასალების წარდგენას სთხოვს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ თუ რა კომპრომატები აქვს აუდიტის სამსახურს, ამას უწყების ხელმძღვანელი და ყოფილი ნაციონალი ლაშა თორდია არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ მასალები ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს არ შეეხება.
მისი ინფორმაციით, მასალები საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დღეში მიეწოდება.
„ის მასალები, რომლებიც გაგვაჩნია, „სილქნეტთან“ დაკავშირებულ შესყიდვას არ უკავშირდება. მასალები გვაქვს, რომლებიც სხვა ტიპის შესყიდვებს უკავშირდება, რაზეც ინფორმაციას „ნდობის ჯგუფს“ მივაწოდებთ“, - ამბობს თორდია, რომელსაც „ნდობის ჯგუფის“ წევრმა დავით საგანელიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.
for.ge-სთან საუბარში დავით საგანელიძე საკუთარი მოთხოვნის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ პოლიტიკური ჯგუფების მოსაზრებაა, რომ ადგილი აქვს ირაკლი ალასანიას მიმართ ანგარიშსწორებას. შესაბამისად, საინტერესოა ის, მთავარი პროკურატურის ანალოგიურად, თუ რა მასალებს ფლობს აუდიტის სამსახური.
დეპუტატის თქმით, პროკურატურის მიერ გამოვლენილია კორუფცული ფაქტები, რომელსაც გამოძიება და დამტკიცება სჭირდება.
„მასალების დიდი ნაწილი, რაზეც პროკურატურა საუბრობს, შარშანდელია. შესაბამისად, საინტერესოა, ანალოგიურად აუდიტის სამსახურს რა აქვს შესწავლილი. პროკურატურისგან მასალები სპეციალურად არ გამოგვითხოვია, რომ საკითხს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდეს. საიდუმლო ინფორმაციების გამოთხოვის უფლება მეც მაქვს, მაგრამ ამას სხვა ელფერი რომ არ მისცემოდა, ინფორმაციას აუდიტის სამსახურს ვთხოვ“, - აცხადებს საგანელიძე, რომელიც ყურადღებას ირაკლი ალასანიას გუნდის კოალიციიდან გასვლაზე ამახვილებს.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტებში ალასანია დამოუკიდებელ გზას ეძებდა, ვიდრე გუნდურობას.
„მას საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვს და მან ის გაერთიანებები ყოველთვის კარგად გამოიყენა, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდა. როგორც ჩანს, მათ სწორი ორინტირები აქვთ და ეს კარგიცაა, მაგრამ ისინი გაერთიანებებიდან ყოველთვის პირველები გამოდიოდნენ“, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი, რომელიც ალასანიას „თავისუფალი-დემოკრატების“ თავმჯდომარის პოსტზე არჩევისა და თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებზე ეჭვებს გამოთქვამს.
საგანელიძის მოსაზრებით, თავდაცვის უწყებაში პროკურატურა ორი თვის შესული იყო, როდესაც პარტიის ყრილობის ჩატარება და ალასანიას თავმჯდომარედ არჩევის სურვილი უცებ ერთმანეთს დაემთხვა.
„ალასანია-წულუკიანი მინისტრები რომ გახდნენ, მათ პარტიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მაგრამ როცა პროკურატურა შევიდა, მან თავმჯდომარეობა მოინდომა. აქაც ბევრი კითხვა გაჩნდა“, - აღნიშნავს საგანელიძე, რომელიც თვლის, რომ ალასანიას შეცდომა ის იყო, რომ მან უწყებაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური ელფერი მისცა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში ირაკლი ალასანიას ახასიათებს როგორც „ნიჭიერ დიპლომატს“, „ნიჭიერ ორატორს“ და „კარგი კომუნიკაციის“ ადამიანს, მაგრამ ამბობს, რომ მას სუსტი მხარეებიც აქვს.
სესიაშვილი ალასანიას მინუსად მის საკადრო პოლიტიკას ასახელებს და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ თავდაცვის უწყებისგან მასალები უკვე მიღებული აქვს.
კანონმდებელი ამბობს, რომ მიღებული მასალებიდან მისი ინტერესის სფეროს ის საკითხი წარმოადგენს, პროექტების განხორციელებისას რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, ხოლო ფინანსური საკითხები მას არ შეუმოწმებია.
„თავდაცვის სამინისტროდან ინფორმაციის ნაწილი მიღებული მაქვს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საქმეები პროკურატურაშია, არ ვჩქარობ. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესებზე „ნდობის ჯგუფში“ ვიმსჯელებთ, მაგრამ ცხელ ფონზე ამ საკითხისადმი ზედმეტი ყურადღების მიპყრობა შეიძლება ვინმემ პოლიტიკურად მოტივირებულად ჩათვალოს. შესაბამისად, პროცედურებს მივყვები“, - აცხადებს სესიაშვილი.
დეპუტატის თქმით, თავდაცვის უწყების საქმიანობის შესახებ მასალების მოძიებას და იმის განსაზღვრას ცდილობს, სხდომაზე ვინ მოიწვიოს. სესიაშვილის ინფორმაციით, მან თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურთან მუშაობა გასულ წელს დაიწყო, მაგრამ მას არანაირი დოკუმენტი არ მიუღია.
„აუდიტის სამსახურმა შემოწმება ცოტა ხნის წინ დაასრულა და წერილი გავაგზავნე, რომ დახურულ ანგარიშებს ვითხოვ. მას შემდეგ, რაც მასალებს გავეცნობი, „ნდობის ჯგუფის“ სხდომა დავნიშნავ“, - ამბობს სესიაშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ კორუფციული ფაქტი არ დადასტურდება.
ყოფილი თანაგუნდელების შეფასებების საპასუხოდ, „თავისუფალი-დემოკრატი“ გიორგი ცაგარეიშვილი ინტერესდება, „ნდობის ჯგუფის“ წევრები საიდუმლო ინფორმაციას საზოგადოებას რა ფორმით მიაწოდებენ, რადგან მათ ეს კანონით ეკრძალებათ.
for.ge-სთან დაუბარში დეპუტატი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით პროცესებში, რაც მეტ შესაბამის კომიტეტს ჩართავენ, საკითხი მით მეტ პოლიტიკურ ელფერს შეიძენს.
„დეპუტატების მოთხოვნა არის უსაგნო, რადგან „ნდობის ჯგუფის“ წევრს უფლება არ აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე საჯაროდ ისაუბროს. შეიძლება, რომელიმე დეპუტატმა მასალები მოითხოვოს, მაგრამ ის მასალებს დაინტერესებულ მხარეებს, როგორ გაანდობს? ეს ის ინფორმაციებია, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ვერ ვხვდები, ამ პროცესში „ნდობის ჯგუფის“ ჩართვა რა საჭიროა?! ჩემი კოლეგები ამას რატომ აკეთებენ? არ მგონია, „ნდობის ჯგუფის“ მოვალეობა მთავარ პროკურატურას გადაეფაროს, რადგან ეს არ არის მათი საქმე. ამას გარდა, აუდიტის სამსახურმა რაიმე სახის მასალები რომც გადააგზავნოს, „ნდობის ჯგუფი“ რას იზამს? ლექციას კი არავის ვუკითხავ, მაგრამ ზოგჯერ, ჩემს კოლეგებს ენა გაურბით და ამბობენ, რომ ყველაფერი იციან, რაც ამ საქმეში დევს და საინტერესოა, საიდან?“, - აცხადებს ცაგარეიშვილი, რომლის თანაგუნდელი დავით ონოფრიშვილი ინტერესდება, თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის გარდა, აუდიტის სამსახური და პროკურატურა სხვა უწყებებით და განვლილი პერიოდით რატომ არ ინტერესდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, მხოლოდ ერთი უწყების ტენდერებით დაინტერესება გარკვეულ ტენდენციურობაზე მიუთითებს.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის თაობაზე მასალები პროკურატურას სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.
„მხოლოდ ერთი უწყების ტენდერებით დაინტერესება გარკვეულ ტენდიციურობაზე მიუთითებს. ეს ის უწყებაა, სადაც ახალაია-კეზერაშვილის დროს დიდი კორუფცია იყო და ვერ ვიხსენებ, რომ რომელიმე საქმე გამოძიებული იყოს. ამ კამპანიამ თავდაცვის უწყების წინააღმდეგ მიზანმიმართული სახე არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს ყველაფერი გარკვეულწილად ალასანიას წინააღმდეგაც არის მიმართული. სხვა უწყებებში რა ხდება, ამით რატომ არ ინტერესდებიან? თუნდაც იმ პერიოდით, როდესაც ამ უწყებაში, ლამის თავდაცვის ბიუჯეტის ლამის ნახევარი იჭმებოდა და ჯარს ნორმალური მდგომარეობა არ ჰქონდა“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი-დემოკრატების“ გარდა, ირაკლი ალასანიას და თავდაცვის სამინისტროს გარშემო განვითარებულ მოვლენებში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.
როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ამ საქმეების ასე კონცენტრირებულად გამოქვეყნება პოლიტიკური ჯგუფის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე მუთითებს.
კანონმდებელის მოსაზრებით, პოლიტიკური დევნა გასაოცარი ირაკლი ალასანიას გუნდისთვის არის, რადგან ისინი ორი წლის მანძილზე, თვალს იბრმავებდნენ და სხვებსაც ნაცარს აყრიდნენ, თითქოს, ქვეყანაში ოპონენტების მიმართ სამართლებრივი პროცესები არ მიმდინარეობს.
„როგორც ჩანს, ეს უცხო მათთვის არის, რადგან პოლიტიკური დევნა ქართული პოლიტიკური სივრცისთვის ახალი არ არის. ორი წელია, ივანიშვილი პოლიტიკური მოტივაციით ადამიანებს იჭერს და ამბობს, რომ პროკურატურასთან რიგები მას შემდეგ შეწყდება, რაც რიტორიკა შეიცვლება“, - აცხადებს წიკლაური.
კონკრეტულად თუ როდის გაიმართება „ნდობის ჯგუფის“ სხდომა, თარიღი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ორი წლის მანძილზე ჯერ ჯგუფი ვერ შექმნეს და შემდეგ, სხდომა ვერ გამართეს. კერძოდ, „ნდობის ჯგუფი“ იმის გამო ვერ იქმნებოდა, რომ დავით საგანელიძეს ჯგუფში გივი თარგამაძის შეყვანა არ სურდა და მას 2007 წლის 7 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას - „ნაძირლებო, სულს ამოგხდით“ უხსენებდა. უმრავლსობის საპასუხოდ, უმცირესობამ მყარი პოზიცია დაიკავა და ულტიმატუმი დააყენა, ან თარგამაძე იქნებოდა ჯგუფის წევრი, ან ჯგუფი არ შეიქმნებოდა. დათმობაზე სესიაშვილი წავიდა, თარგამაძე კი ჯგუფის წევრი გახდა, მაგრამ სხდომა მაინც არც ერთხელ არ გამართულა. „ნდობის ჯგუფის“ წევრები კი არიან - დავით საგანელიძე, ზვიად ძიძიგური, გივი თარგამაძე და ირაკლი სესიაშვილი.