პოლიტიკურ დებატებს მარგველაშვილი დათანხმდა, უსუფაშვილი გაჯიუტდა

პოლიტიკურ დებატებს მარგველაშვილი დათანხმდა, უსუფაშვილი გაჯიუტდა

უმცირესობა 14 ნოემბერს პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს, პრეზიდენტი ამ გამოწვევას იღებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი, რეგლამენტზე აპელირებს და სიტყვის მიცემას მხოლოდ გიორგი მარგველაშვილისთვის აპირებს.

საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველი პირის სტუმრობის ფორმატის თაობაზე უმცირესობა-უმრავლესობას შორის დაპირისპირებაა. მმართველი ძალა პოლიტიკური დებატების გამართვას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პრეზიდენტი პარლამენტში მთავარი ფიგურა იქნება, რომლის გამოსვლასაც საზოგადოება მოუსმენს.

„ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის პოზიციას მარაზმად აფასებს, დავით უსუფაშვილს „პროცედურული დემოკრატიის მამას“ უწოდებს და დებატების მნიშვნელობაზე აპელირებს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება არის მასხრად აგდება და სრული მარაზმი.

დეპუტატის თქმით, მარგველაშვილი თავისსავე მოთხოვნის ტყვე არის, რადგან პარლამენტში გამოსვლა სწორედ მან მოითხოვა. კანონმდებელის მოსაზრებით, პრეზიდენტის ადგილზე, ის ამ პირობებში არ გამოვიდოდა.

„პრეზიდენტის მონაწილეობით მსჯელობა უნდა გაიმართოს - რა მდგომარეობაშია ქვეყანა და ჩვენი სამომავლო გეგმები თუ როგორ უნდა დავსახოთ. პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს და მოსაზრებები უნდა გაიცვალოს. პრეზიდენტმა ცოცხლად უნდა დაინახოს, ვინ რას და როგორ ფიქრობს“, - აცხადებს დეპუტატი.

საკითხზე საუბრისას ბობოხიძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ყველას სახელით ფორმალურად დავით უსუფაშვილი გამოვა, რაც მიუღებელია.

„პრეზიდენტს სიტყვა მიუგდეს და რატომღაც ყველას სახელით მას უსუფაშვილი მიმართავს. უსუფაშვილი ჩემი სახელით ვერასოდეს, ვერავის მიმართავს და მას რაიმე განცხადების გაკეთების უფლებას არასდროს არ მივცემ. ეს ყველაფერი არის მარაზმი და კიდევ ერთხელ ჩანს, თუ როგორ იმართება საქართველოში პოლიტიკური პროცესები და ინსტიტუტები“, - განაცხადა ბობოხიძემ, რომლის მსგავსად უმრავლესობას და დავით უსუფაშვილს მკაცრად აკიტიკებს ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე.

for.ge-სთან საუბარში ბარამიძე აცხადებს, რომ საქართველოში საგარეო კურსი 1-ელი ოქტომბრიდან შეიცვალა, მაგრამ ევროატლანტიკურ სწრაფვაზე მსჯელობისთვის პოლიტიკური დებატები უნდა გაიმართოს.

მისი თქმით, პარლამენტი სალაყბო ადგილი არ არის და იქ მსჯელობა ქვეყნის საგარეო კურსზეც უნდა გაიმართოს.

„უსუფაშვილი პროცედურულ დემოკრატიაზე ლექციებს გვიკითხავდა, თუ როგორ უნდა მოეპყრო ოპონენტებს. საბოლოო ჯამში, ამ პროცედურული დემოკრატიის მამამ და მთავარმა მოძღვარმა ლაპარაკის საშუალებაც კი არ მოგვცა. მათ მიერ ხელდასმული პრეზიდენტი რომ მოვა, საპასუხო სიტყვით უსუფაშვილი გამოვა და მაინტერესებს, მისი გამოსვლა რას ემსახურება?“, - აღნიშნავს ბარამიძემ.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, პარლამენტი ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებელია და როცა საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრები ამბობენ, რომ ქვეყნის კურსი იცვლება, ამაზე სჯა-ბაასი და განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უნდა გაიმართოს.

„პარლამენტი მარტო კანონპროექტების განხილვის ადგილი არ არის. ხალხმა უნდა იცოდეს, ქვეყანაში რა ხდება. ეს ყველაფერი პოლიტიკური ლიკვიდაციის უცოდინარობის საკითხია. სააკაშვილი პარლამენტში ყოველგვარი ვალდებულების გარეშე მოსულა და დებატებიც გამართულა. თუ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ, ჩვენზე უკეთესები მაინც ხომ უნდა იყვნენ? პოლიტიკური დებატები ჩვენს დროსაც იმართებოდა და უკან რატომ მივდივართ?“, - აცხადებს ბარამიძე.

ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური დებატები არ უნდა გაიმართოს.

როგორც for.ge-ს რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, სათქმელი უმრავლესობასაც აქვს, მაგრამ გამოსვლის უფლებას იზღუდავს. ბერძენიშვილის ცნობით, 14 ნოემბერს, ევროატლანტიკურ კურსზე საუბრისთვის პრეზიდენტს დაახლოებით 30 წუთი მიეცემა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს დაახლოებით 12 წუთი.

„პრეზიდენტის საკანონმდებლო ორგანოში მოდის არა ანგარიშით, არამედ მან განცხადების გაკეთება ისურვა. ჩვენ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემთ და დღის ნახევარს მას დავუთმობთ. პრეზიდენტის გამოსვლას არც ერთ ძალას არ გამოვაყენებინებთ. ჩვენც ხომ ვიზღუდავთ თავს? - სათქმელი რამენაიარად ჩვენც გვაქვს, მაგრამ პრეზიდენტი პარლამენტში მთავარი ფიგურაა და მორჩა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის მსგავსად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მხოლოდ მიმართვის ფორმა ექნება. კანონმდებელის ინფორმაციით, დებატების გამართვის თაობაზე მოსაზრებები სრულიად უსაფუძვლოა.

„რამდენიმე დღის წინ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი იქნებოდა მხოლოდ მიმართვა. „ნაციონალური მოძრაობა“ რას ითხოვს არ მესმის და არ იყო არანაირი საფუძველი, რომ ეს გადაწყვეტილება გადაგვესინჯა“,- განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტის განწყობას, როგორც ავლაბრის რეზიდენციაში აცხადებენ, პრეზიდენტი თანახმაა, ნებისმიერი ფორმატით წარსდგეს პარლამენტის წინაშე, მათ შორის, თანახმაა დებატებზეც.

„თუმცა ეს ფორმატი, რომლითაც მხოლოდ პრეზიდენტის მიმართვაა გათვალისწინებული, შემოთავაზებული იყო პარლამენტის მხრიდან“, - აღნიშნავენ პრეზიდენტის რეზიდენციაში.

ქვეყნის პირველი პირი პარლამენტის წინაშე 14 ნოემბერს 12:00 საათზე წარსდგება, რომელც ყურადღებას ქვეყნის საგარეო კურსზე გაამახვილებს, რადგან მან უწყებაში გამოსვლა სწორედ ამ საკითხზე მოინდომა. როგორც ცნობილია, პრეზიენტის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნას დავით უსუფაშვილი დაიკავებს, რომელი ერთადერთი დეპუტატი იქნება, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნება.