მინდია ჯანელიძემ დაჭრილი სამხედროები მოინახულა (ვიდეო)

მინდია ჯანელიძემ დაჭრილი სამხედროები მოინახულა (ვიდეო)

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა. მინისტრმა ISAF-ის საერთაშორისო მისიასა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები - კაპრალები რამაზ დავითაია და ჯიმშერ ჩხენკელი, ასევე მაიორი ფრიდონ მახარაძე მოინახულა. მინდია ჯანელიძე სამხედრო მოსამსახურეების მკურნალ ექიმებს გაესაუბრა და ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

თავდაცვის მინისტრს გორში ჰოსპიტალის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ უმასპინძლა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მონახულების შემდეგ, რევაზ კუჭუხიძემ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს გორის სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და ჰოსპიტალის შესაძლებლობები გააცნო.

„აღვუთქვით სამედიცინო პერსონალს, რომ სამინისტროს მხრიდან როგორი დახმარებაც არ უნდა იყოს საჭირო, ამ დახმარებას დაუყოვნებლივ აღმოვუჩენთ.  ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ძალიან ბევრია გაკეთებული, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრია. შესაბამისად, სამხედრო სამედიცინო სამსახურის განვითარების კონცეფციაზე უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და გეგმასაც შევიმუშავებთ“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების  II  ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია და III ქვეითი ბრიგადის კანცელარიის უფროსი, მაიორი ფრიდონ მახარაძე ჰელმანდის პროვინციაში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას დაშავდნენ. IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალი ჯიმშერ ჩხენკელი კი 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა.