„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ საპატოტესტო აქციას გამართავს. უმცირესობამ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის მცდელობის საკითხზე, პარლამენტის მხრიდან რეზოლუციის მიღების საკითხი, ჯერ ბიუროს, ხოლო შემდეგ პლენარულ სხდომაზე დააყენა. თუმცა, უმცირესობა დარწმუნებულია, რომ ამ რეზოლუციას პარლამენტი არ მიიღებს.
for.ge საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი თევდორაძეს ესაუბრა.
საქართველოს ტერიტორიების ანექსიის წინააღმდეგ მართავთ საპატოტესტო აქციას, მაგრამ რა მოლოდინი გაქვთ იმისა, რომ მოსახლეობა შეიძლება შეუერთდეს ნაციონალების მიერ ორგანიზებულ აქციას? ამ დღეებში ასეთი მოსაზრებაც მოვისმინეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მორალური უფლება არ აქვს ანექსიის წინააღმდეგ გამართოს აქცია, ვინაიდან, სწორედ ნაციონალების მმართველობის დროს მოხდა ქვეყნის ახალი ტერიტორიების ოკუპაცია, მათ შორის კოდორის ხეობის და ახალ გორის დაკარგვა...
- რამდენად დაუჭერს მხარს მოსახლეობა არა „ნაციონალურ მოძრაობას“ არამედ არა ანექსიას, ამას 15 ნოემბერი გვაჩვენებს. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გამოვა არა იმიტომ, რომ ვინმეს პოლიტიკური ზრახვები ასრულდეს, როგორც ამის შიში გააჩნია დღეს ხელისუფლებას, არამედ იმის გამო, რომ ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებისადმი. ნაციონალების მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდება თუ არა მოსახლეობა, ამ კითხვას სვამს მმართველი კოალიცია და ირაკლი ღარიბაშვილი. ეს რიტორიკა შესაბამისობაში მოდის მათთვის მისაღებ ბოლოდროინდელ რიტორიკასთან, როდესაც ხელისუფლებას ნებისმიერ კითხვაზე, თუ გამოწვევაზე ერთადერთი პასუხი გააჩნია - იმ წუთში არგუმენტად მოჰყავთ 9 წელი, კოდორი და ა.შ.
თქვენ თვლით, რომ კოდორის ხეობა არაა არგუმენტი?
- თუ თქვენ კარგად გაიხსენებთ, აფხაზეთიც და სამაჩაბლოც „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეყნის სათავეში მოსვლამე იყო დაკარგული. რაც შეეხება კოდორის ხეობას, მართლაც, რუსეთის უპრეცედენტო აგრესიას მოჰყვა კოდორის ხეობის დაკარგვა. ამასთან დაკავშირებით სათანადო რეაქცია გამოხატა საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველომ, მაგრამ თუ კი ურთიერთბრალდებების გზით წავალთ, რა ვუყოთ მაშინ იმ 11 კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც დაიკარგა ოლიმპიადამდე და რომელზედაც გვაიმედებდა ახლა უკვე ოპოზიციაში გადასული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ თურმე ოლიმპიადის შემდეგ აღსდგება ეს ტერიტორია.
რა ვუყოთ იმ მიტაცებულ სასაფლაოებს თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებს? რა ვუყოთ იმ ყბადაღებულ თემას, როდესაც რუსეთი იფორმებს აფხაზეთს? ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ განსხვავებით 2008 წლიდან, როდესაც ქართულ სახელმწიფოს მკაფიოდ ჰქონდა გამოხატული მისი პოზიცია, დღეს ქართული ხელისუფლება დუმს იმაზე, რაზეც დუმილი დანაშაულის ტოლფასია. ამას ვაპროტესტებთ, თორემ არა იმას, ვის დროს რა ტერიტორია დაიკარგა, ვის დროს რა მოხდა.
სწორედ ამაში გადანაშაულებთ ხელისუფლება, რომ თქვენი მმართველობის დროს მოხდა ქვეყნის ოკუპაცია...
- ეს კონფლიქტები ხომ 1993 წლიდან დაიწო. მაშინ მე სკოლაში ვსწვალობდი, გიორგი ვაშაძე კი საბავშო ბაღში. თუ კარგად გახსოვთ 1993 წელს დავკარაგეთ ჩვენ სოხუმი.
ნამდვილად კარგად მახსოვს სოხუმის დაკარგვაც და ასევე, კოდორის ხეობის დაკარგვაც...
- 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ერთი-ერთში ჰგავს ვლადიმერ პუტინის, დიმიტრი მედვედევის, სერგეი ლავროვის და ზოგადად, ოკუპანტი სახელმწიფოს რიტორიკას, როდესაც მიდის მტკიცება იმის შესახებ, რომ 2008 წელს ომი ოხერმა ქართველებმა დაიწყეს და, რომ რუსეთი მხოლოდ მშვიდობისმყოფელის როლით იყო შემოფარგლული. 15 ნოემბერი არის ბიძინა ივანიშვილის უუნარო დრომოჭმული და ქვეყნის სიყვარულს მოკლებული რეჟიმის დასასრულის დასაწყისი.
ამიტომ ვფიქრობ, რომ 15 ნოემბერს სათანადო რაოდენობის ხალხი იქნება გამოსული. ხელისუფლებას ვერფარეს მოუტანს რიტორიკა იმაზე, რომ ხალხი აქციას არ შეუერთდება. მინდა დავამშვიდო ხელისუფლება, რომ 15 ნოემბერს არავინ აპირებს ქვეყნის გადატრიალებას. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი აქციით გავაპროტესტოთ ქვეყნის ტერიტორიული აგრესია. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საერთაშორისო არენაზე კანონის ფარგლებში ადეკვატურ პასუხს სცემდეს ამ ყველაფერს, იმით არის დაკავებული, რომ კვლავ აგრძელებს ზეწოლას თავის პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეწევა იმ ადამიანების დაშინებას და დაშანტაჟებას, რომელებიც ჩამოდიან 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე.
შეგიძლიათ ერთი კონკრეტული ფაქტი დაასახელოთ?
- ამის უამრავი ფაქტი არსებობს. სახელ-გვარებით არ ვისაუბრებ იმიტომ, რომ იმ ადამიანების ოჯახების ლუკმა-პურს მოვერიდები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხელფასებზე. პირდაპირ იყო მუქარა ქუთაისში და საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებში, რომ თუ კი წახვალთ 15 ნოემბერს ვარდების მოედანზე, მაშინ თქვენ მოგიწევთ სამსახურის დატოვება. მიუხედავად ამისა, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ბარიერების შექმნას, შეუძლებელია ბატონებო ამის გაჩერება.
15 ნოემბერს თქვენ მიიღებთ ძალიან ცალსახა პასუხს იმისა, რომ ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს არ სურს გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელიუფლებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართ. თუ კი ეს პროცესები არ იქნება შეცვლილი, მაშინ გაცილებით მწვავე რეაქციას მიიღებს და შეიძლება მართლაც, ეს ყველაფერი დასრულდეს იმით, რომ არჩევნების გზით ჩვენ შევცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი. ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა გარდაუვალი პროცესია, მათზეა დამოკიდებული 2016 წლამდე მიიტანენ თუ არა საკუთარ თავს და სკამს.
15 ნოემბრის აქცია შეიძლება შეფასდეს როგორც ერთგავრი საარჩევნო მზადება?
- უარყოფა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემზადება მომავლი არჩევნებისთვის, ეს იქნება სრული ნონსენსი. 15 ნოემბრის აქცია არაა მარტო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ეს არის ერთგვარი ზონდირების პროცესი, რამდენად არის მზად საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად აღიქვას ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები. თუ კი, ვინმეს სურს, რომ ასეთი ფორმით მონათლოს ეს აქცია, ვაღიარებ, რომ ეს იქნება ერთგვარი ტესტი „ნაციონალური მოძრაობისათვის“ რა მხარდაჭერა გააჩნია მას მიუხედევად ხელისუფლების მხრიდან წამოსული წნეხისა. 15 ნოემბერს მტერიც და მოყვარეც დაინახავს, რომ „ნაცინალური მოძრაობა“ არის პროგრესირებადი ძალა, რომლის რადარებიდან გაქრობას წინასწარმეტყველებდა ქვეყნის დე-ფაქტო პრემიერ-მინისრტი.
რატომ დე-ფაქტო?
- იმიტომ, რომ ღარიბაშილის ერთადერთი მოვალეობაა ყოველ საღამოს ინფორმაცია მიიტანოს შუშის სასხლეში და იქ მიღებულ დირექტივებს ახმაურებს მეორე-მესამე დღეს. დღეს პრემიერ-მინისტრი, პარლამეტის თავმჯდომარე, უმრავლესობა, კანონიც და კონსტიტუციაც გახლავთ საქართველოს პირველი მოქალაქე - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მართავს საქართველოს. თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ სწორედ ივანიშვილის შუშის შენობაში იღებს დირექტივებს.
ნამდვილად არ ვიცი ივანიშვილი ღარიბაშვილს რა სიხშირით ხვდება...
- ღარიბაშვილის განცხადებას თუ მიადევნებთ თვალყურს, დაუფარავად ამბობს, რომ კონსულტაციებს გადის ბიძინა ივანიშვილთან.
ამ ლოგიკით, „ნაციონალური მოძრაობაც“ გადის კონსულტაციებს მიხეილ სააკაშვილითან როგორც აშშ-ში, ისე უკრაინაში, თურქეთში, ბაქოში და ა.შ....
- ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია და სააკაშვილი არის ყოფილი პრეზიდენტი.
ივანიშვილიც ყოფილი პრემიერია. კონსულტაცია დანაშაულია?
- განსხვავებით მოქმედი პრემიერისგან, პრეზიდენტისგან, არჩეული ქალაქის მერებისა და გამგებლებისგან, რომლებიც ხალხის მიერ არიან არჩეულნი, დღეს მათი უპირველესი მოვალეობაა ამომრჩევლის წინაშე არსებული პრობლემის მოგვარება და არა ბიძინა ივანიშვილის და მათი კოალიციის ინტერესების გატარება. ჩვენ ვართ ოპოზიციური პარტია, რომელსაც ჰყავს პარტიის თავმჯდომარე და ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ შიდა დემოკრატია ჩვენა პარტიაში 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე „ქართულ ოცნებაში“. არ უარვყოფ, რომ ჩვენ კონსულტაციები გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არანაირ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ იღებს მიხეილ სააკაშვილი.