„ეი-იეს „თელასი“ და „ენერგო პროჯორჯია“ ფულის საჭრელი მანქანები თუ კლანს გატანებული მილიონები?! - ერთიც და მეორეც. აგერ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ქართული ეკონომიკა საღათას ძილშია, გამომღვიძებელი და ფეხზე დამყენებელი კი ჯერაც არ გამოჩენილა. მთავრობები მოდიან და მიდიან, ვიდრე ავირჩევდეთ, გვებაქიბუქებიან აი, ნახავთ, ქვეყანასაც ავაყვავებთ და თქვენც ბედსა გწევთო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ ქვეყნისა და ხალხის კი არა, თურმე საკუთარი ქონების დასაგროვებლად და პირადი კეთილდღეობის ასაყვავებლად მოსულან. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ჩაიხედოს თეიმურაზ ჭიჭინაძის ავტორობით ახლახან გამოცემულ წიგნში „ქართული ეკონომიკის მკვლელები“ (რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი) და ყველაფერი ეს სიზმარში ნანახივით აუცხადდება.
როგორც წიგნის ავტორი წინასიტყვაობაში შენიშნავს, მასზე მუშაობა საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) დიდად გახმაურებული ამერიკელი ჯონ პერკინსის ბესტსელერის „ეკონომიკური მკვლელის აღსარების“ წაკითხვის შემდეგ გადაუწყვეტია. რატომ მაინც და მაინც ამ წიგნის შემდეგ?
„მხოლოდ ჩვენ, ეკონომიკურმა მკვლელებმა შევძელით, წერს ჯონ პერკინსი, პირველი მართლა გლობალური იმპერიის შექმნა. ჩვენს არსენალში ბევრი მეთოდია. ყველაზე გავრცელებული მდგომარეობს იმაში, რომ ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც რესურსების დიდი მარაგი აქვს და მსოფლიო ბანკის ან ერთერთი ორგანიზაციის სახელით ვალად დიდ თანხას ვაძლევთ. სინამდვილეში ფული არასდროს არ აღწევს იმ ქვეყნამდე, ის ჩვენ დიდ კორპორაციაში შემოდის, არჩეულ ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე მდიდარ ადამიანს ამდიდრებს, უფრო მეტად კი ჩვენს კორპორაციას. ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ამ ფულის არსებობას ვერ გრძნობს, მაგრამ მთელ ქვეყანას დიდი ვალი რჩება, იმდენად დიდი, რომ მის გასტუმრებას ვერასოდეს შეძლებს“.
ძვირფასო მკითხველო, ჯონ პერკინსის ამ გულწრფელი აღიარების შემდეგ, თვალწინ მშობლიური ქვეყანა არ დაგიდგათ? განა საქართველომ, ისევე როგორც მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ, საკუთარ თავზე არ იწვნია ამერიკელევროპელი სტრატეგიული პარტნიორებისგან გაწეული „დახმარების“ სიკეთე, როცა ქვეყნისათვის მილიარდიანი ვალების წამოკიდების საფასურად სახელისუფლებო კლანის მაღალჩინოსნები სიმდიდრეში ჩაიქცნენ, ეკონომიკა და ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაში დარჩა. ამის უშუალო მომსწრე და მნახველია „ქართული ეკონომიკის მკვლელების“ ავტორი თეიმურაზ ჭიჭინაძე, რომელიც 1998 წლიდან 1999 წლამდე, ვიდრე გაიყიდებოდა ქვეყნის უმთავრესი ენერგეტიკული ობიექტი „თელასი“, მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ამდენად, როგორც თვითონ ამბობს, პირადად უწევდა შეხვედრა „ეკონომიკურ მკვლელებთან“ და რამდენჯერმე დაუპირისპირდა კიდეც, მაგრამ მალევე თავიდან მოიშორეს.
მაშინ ქვეყანაში, წიგნის ავტორის თქმით, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისადმი მიდგომა სხვანაირი იყო, ყველაფერი ლამაზ ფერებში ეჩვენებოდათ. დარწმუნებული იყვნენ, რომ თუ „თელასი“ გაიყიდებოდა, ენერგეტიკაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა გამოსწორდებოდა, ჩაბნელებულ დედაქალაქს ელექტროენერგია უწყვეტად ექნებოდა და ტარიფიც მოსახლეობისთვის მისაღები გახდებოდა...
საპრივატიზაციო სქემის ძირითადი მოთამაშე „მერლინ ლინჩი“, სერიოზული და ავტორიტეტული ამერიკული კომპანია გახლდათ, რომელსაც საქართველოს მთავრობამ დაუდო ხელშეკრულება და „თელასის“ სატენდეროდ მომზადება სთხოვა. კომპანია დაახლოებით ორი წლის განმავლობაში სწავლობდა და გასაყიდად ამზადებდა „თელასის“ მეურნეობას. თუ როგორი სერიოზულობითა და ობიექტურობით სწავლობდა ობიექტს, მაშინ გამოჩნდა, როცა ეს უზარმაზარი ქონება 25 მილიონ აშშ დოლარად შეაფასა. რამდენად სამართლიანად შეაფასა, ამის საილუსტრაციოდ დიდუბეში მდებარე „თელასის“ ექვსსართულიანი ადმინისტრაციული შენობაც კმარა, რომელიც თავისი მიწის ნაკვეთითა და დამხმარე ნაგებობებით სულ რაღაც 60 ათას აშშ დოლარად შეფასდა. ეს მაშინ, როცა იმავე წერეთლის გამზირზე, სადაც ხსენებული კომპანიაა განლაგებული, ამ თანხით ოთხოთახიანი ბინის ყიდვაც კი ჭირდა.
აბა, რა ამოძრავებდათ ამერიკელ „ობიექტურ“ ექსპერტებს, როცა „თელასი“ ჩალის ფასში გადასაგდებად გაიმეტეს? რა თქმა უნდა, პირადი გამდიდრების წყურვილი. როგორც ახლა ირკვევა, იმ 25 მილიონი დოლარიდან, რა ფასადაც „თელასი“ გაიყიდა, 2 მილიონი თურმე თავად „მერლინ ლინჩის“ ავტორიტეტულმა ექსპერტებმა და დაქირავებულმა თანამშრომლებმა ჩაიჯიბეს. მათ „კეთილსინდისიერებაზე“ მიგვანიშნებს მეორე პარადოქსული ფაქტიც: კომპანიამ, რომელმაც „თელასი“ 25 მილიონ დოლარად შეიძინა, მეორე წელსვე ნაყიდი ქონება მათივე გადაფასებით უკვე 200 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა!
არაორდინარულად მიმდინარეობდა ტენდერის მომზადების პროცესიც, რომელშიც ამერიკულ კომპანია AES-თან ერთად ფრანგული კომპანია EDF-იც მონაწილეობდა. ყველაფრიდან ჩანდა, რომ ტენდერის მსვლელობისას ვექტორი აშკარად ამერიკული კომპანიისკენ იხრებოდა და როგორც შუამავალი „მერლინ ლინჩი“, ისე ქართული მხარე, მას ღიად ლობირებდნენ. ყველაფერ ამას ფარდა მაშინ აეხადა, როცა „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭიჭინაძემ სატენდერო კომისიას მიაწოდა თავის მიერ მოპოვებული გასაიდუმლოებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულებამდე ფრანგული კომპანიის პაკეტი გაიხსნა და ამერიკულმა კომპანიამ კომისიაში განაცხადი მხოლოდ ამის შემდეგ, სატენდერო ვადის ამოწურვამდე 15 წუთით ადრე, შეიტანა. ფრანგებმა თავიდან სცადეს გაპროტესტება, მაგრამ მალევე გაჩერდნენ. ეტყობა, უკვე სხვა ძალები ჩაერივნენ საქმეში და გაცლა ამჯობინეს.
ის ფაქტი, რომ ტენდერი სწორედ AES-მა მოიგო, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სატენდერო პროცედურები დაირღვა და სახელმწიფოს ხელშეწყობით AES-მა გაიმარჯვა უსამართლო და არაკონკურენტულ ბრძოლაში. თუმცა, AES-ის სასარგებლოდ ტენდერის შემდეგაც არაერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ, დაჩქარებული წესით ორ დღეში გაუფორმა ხელშეკრულება, რამდენჯერმე გაუზარდა ტარიფები, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტები, რითაც ხელი შეუწყო დარგის მონოპოლიზაციას და ამერიკული კომპანიის გაბატონებას. ამის დასტურია რიგი მაქინაციებისა, რომელთა გამოყენებითაც AES-ში ტარიფების გაბერვას „აპრავებდა“ და მოსახლეობას სულ უფრო მეტ თანხას სძლავდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ კომპანიის შემოსვლიდან სულ რაღაც 3 წელიწადში „თელასის“ ტარიფი 5,5-ჯერ გაიზარდა (1,4 თეთრიდან 7.72 თეთრამდე), ხოლო მისი განაწილებისა და დისტრიბუციის წილი მთლიან ტარიფში 6070 პროცენტამდე. უხეში გათვლებით დგინდება, რომ 2002 წლიდან 2012 წლის ჩათვლით „თელასმა“ დაახლოებით 22,6 მილიარდი კილოვატსაათი ენერგია მიაწოდა მომხმარებელს და თითოეულ კილოვატსაათზე მიიღო, 6,32 თეთრით მეტი, ვიდრე 2002 წლამდე არსებული ტარიფით მიიღებდა. შედეგად „თელასმა“ მოსახლეობისგან ათი წლის განმავლობაში, ტარიფის გაზრდით, 1 მილიარდ 430 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო, რაც სხვა არაფერია, თუ არა „ეკონომიკური მკვლელობა“ ჩადენილი 520 ათასზე მეტი ღატაკი აბონენტის წინააღმდეგ.
ინვესტორი (თუ ამას ინვესტორი ჰქვია) არამ ფულს კი ხვეტავდა მოსახლეობისგან, მაგრამ იმავე „მოსახლეობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმების“ პირობა რატომღაც დაავიწყდა და დღემდე შეუსრულებელია. არადა, ეს საბაზრო ეკონომიკის ერთერთი აუცილებელი პირობაა, რადგან, თუ ინვესტორს აქვს უფლება, რამდენიმე თეთრის გადაუხდელობის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყვიტოს ელ.ენერგიის მოწოდება, რატომ არ აქვს იგივე მომხმარებელს უფლება, პრეტენზია გამოთქვას უმიზეზოდ ელექტროენერგიის გათიშვის ან უხარისხო ენერგიის მიწოდების შემთხვევაში?!
წიგნი აგრეთვე მოგვითხრობს ქართველი ჩინოვნიკების მეშვეობით, რომლებმაც ბრწყინვალედ აითვისეს „მერლინ ლინჩის“ მასტერკლასი, როგორ ჩაიგდო ხელში „ენერგო პროჯორჯიამ“ საქართველოს მთელი ენერგოგამანაწილებელი სისტემა, კორუფციული გარიგების გზით, საქართველოში შემოყვანამდე როგორ მოუმზადეს სასათბურე პირობები, როგორ გაუსუფთავეს ვალებისგან შესაძენი ობიექტი, ჩამოაწერეს 700 მილიონი ლარის დავალიანება, როგორ შეუმცირეს 340 მილიონი დოლარი 200 მილიონამდე და რეალურად ნახევარიც აღარ გადაახდევინეს. ჯერ ერთი თეთრის ინვესტიციაც არ ჰქონდა განხორციელებული და ტარიფი მაქსიმალურად გაუზარდეს. ამ და სხვა მაქინაციების წყალობით, სახელმწიფო ბიუჯეტმა სულ მცირე 200 მილიონი დოლარის შემოსავალი დაკარგა(!).
თუმცა, ეს არ გახლავთ ერთადერთი ზიანი, რაც ქვეყანამ ამ კომპანიისგან მიიღო. თავის დროზე „ენერგო პროჯორჯიამ“ დადო პირობა, რომ 85 მილიონ დოლარს შეძენილი ჰესების რეაბლიტაციაში ჩადებდა, 100 მილიონს კი ახალი ჰესების აშენებაში. აღნიშნული ინვესტიციები ტარიფში კი აისახა, თუმცა, პრაქტი კულად არ განხორციელებულა. ამის მიუხედავად, მომხმარებელი დღემდე იხდის ტარიფში ჩადებულ ამ თანხას. სწორედ ამ კორუფციული მაქინაციის წყალობა გახლავთ, რომ, თუ ქართულ ბაზარზე „ენერგო პროჯორჯიას“ გამოჩენამდე გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიამ მომხმარებელს ერთ კვტსთ ელენერგიას საშუალოდ 6 თეთრად აწვდიდა, მონოპოლისტმა კომპანიამ აღნიშნული ტარიფი 16 თეთრამდე გაზარდა. ამით „ენერგო პროჯორჯიამ“ ქართველ მომხმარებელს ჯიბიდან უკანასკნელი გროშები ამოაცალა, სამაგიეროდ, თავად დამატებით 2,6 მილიარდი ლარის შემოსავალი ჩაიდო!
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებულმა კომპანიამ კი, რომელიც მოვალე იყო მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანიზაცია ყოფილიყო, ენერგოობიექტების გასხვისების, გაჩუქების, მიტაცებისა თუ უსამართლო, გაბერილი ტარიფების დადგენის საქმეში, მთელი ამ წლების განმავლობაში, მეტად უარყოფითი, უზნეო და უეროვნებო სუბიექტის როლი შეასრულა. იგი მიუკერძოებელი არბიტრის ნაცვლად მთლიანად დაინტერესებული კლანებისა და კორუფციული ჯგუფების ინტერესების სამსახურში იდგა და დღესაც იგივე პოზიცია უჭირავს. ამიტომაც გვაქვს ქვეყანაში დღეს ასეთი უსამართლოდ გაბერილი ტარიფების სისტემა, რისთვისაც ვერაფერი მოგვიხერხებია და ვიღაცის გასამდიდრებლად მილიონებს ვიხდით.