საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუ ნატოს საწვრთნელი ცენტრი

საჰაერო თავდაცვის სისტემა, თუ ნატოს საწვრთნელი ცენტრი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიდევ ერთხელ ლაპარაკობს საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და ამბობს, რომ ამ ხელშეკრულების შესრულებას ის ბოლომდე მიადევნებს თვალს. ირაკლი ალასანია ხელშეკრულების დეტალებზე არაფერს ამბობს, თუმცა პირობას დებს, რომ თუ ხელისუფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნებს გადაუხვევს, მაშინ დეტალებზეც ალაპარაკდება.

„გიდასტურებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა საფრანგეთში. ველოდები, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. თუ დავინახე, რომ ყველაფერი მიდის იმ გეგმებით, რა გეგმითაც ჩვენ დავსახეთ, ეს იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თუ დავინახე, რომ ამ გზას გადაუხვიეს, მაშინ ღიად ვილაპარაკებ“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

ჯერჯერობით უცნობია, გაფორმდა თუ არა ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის დროს იარაღის შესყიდვის შესახებ შეთანხმება. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ საფრანგეთში ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანი იყო. 

ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტის დეტალები და გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ისევ აქტუალურია. მოაწერეს თუ არა საფრანგეთში ხელი იარაღის შესყიდვის ხელშეკრულებას, ეს ისეთი საკითხებია, რომელიც ღიად სასაუბრო თემა არაა. თუმცა, „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრის რანგში, ეს ხელშეკრულება გააფორმა საფრანგეთში და როცა ამ ხელშეკრულებას აფორმებდა, სწორედ მაშინ გაიგო მისი თანამშრომლების დაკავების თაობაზე.

საფრანგეთში გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებზე არ საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ საკითხზე ამ დრომდე უცნობია თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის პოზიცია, რომელსაც ამ დრომდე პასუხი არ გაუცია მთავარ კითხვაზე, დაურეკა თუ არა მან საფრანგეთში მის წინამორბედს და უთხრა თუ არა - ხელი არ მოეწერა კონკრეტულ ხელშეკრულებაზე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამტკიცებს, რომ აკრძალვის მიუხედავად, ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრის რანგში საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისი თქმით, ალასანია სწორედ იმიტომ დაისაჯა, რომ ის აკრძალვა არ გაიზიარა, რომელიც ხელის მოწერამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს შესაძლებელია იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემა და ასევე, ნატოს უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის დაარსების შესახებ.

საქართველოსა და საფრანგეთს შოროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებების კუთხით თანამშრომლობის გარკვეული გამოცდილება არსებობს. 2006 წელს ნატოს ეგიდით საფრანგეთმა საქართველოს ამ მიმართულებით უდიდესი დახმარება გაუწია. კერძოდ, საქართველოს აეროპორტის ანძაზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ფილტრი დააყენეს, რაც საჰაერო სივრცის თვალთვალის ერთგვარი საშუალება იყო, რომლითაც ხდებოდა საქართველოს საჰაერო სივრცის დაფიქსირება ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, რომელი ქვეყნის ავიაგამანადგურებლები არღვევდნენ საქართველოს საჰაერო სივრცეს.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თავდაცვითი საჰაერო ფილტრის დაყენებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის ავიაგამანადგურებლების მიერ საქართველოს საჰაერი სივრცეში უკანონოდ შემოჭრასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოს საჰარეო სივრცის დარღვევა.

მისივე განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ პირველი დარტყმა რუსეთის საბრძოლო ავიაციამ სწორედ ამ ფილტრზე მიიტანა, რითაც საქართველო საჰაერო სივრცის პასიურ მეთვალყურეობას გამოეთიშა. მისივე თქმით, სააკაშვილის პერიოდში ამ ფილტრის აღდგენაზე საუბარი არ მიდიოდა, რადგან დასავლეთის ქვეყნები და მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნები ყოველგვარ სამხედრო თანამშრომლობას ერიდებოდნენ.

„ახალი ხელისუფლების შემდეგ, როგორც ჩანს, ეს საკითხი იხილებოდა. გამიჭირდება მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, რომ საფრანგეთში ამ ფილტრის აღდგენაზე იყო საუბარი, თუ დამატებით ახალი ტიპის თანამშრომლობაზე. ფაქტია, რომ ამ ფილტრის აღდგენა საქართველოს საჰაერო თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი გარდატეხა იქნებოდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთი ასევე მონაწილეობდა საქართველოში ნატოს სასწავლო საწვრთნელი ცენტრის შექმნაში, რომელიც საჩხერეშია დისლოცირებული.

ნატოს უელსის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველოში შექმნილიყო კიდევ ერთი ნატოს სასწავლო საწვრთნელი ცენტრი. შესაძლებელია ამ საკითხზეც ყოფილიყო საუბარი. ასე რომ, დასკვნა მარტივია - შედიოდა თუ არა ეს საკითხები რუსეთის ინტერესებში. როგორც გითხარით პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გაანადგურეს საჰაერო თავდაცვითი ფილტრი“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაია.

სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ საფრანგეთთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს, მათ შორის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის სახით, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას, მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს საბრძოლო შეიარაღების და აღჭურვილობის შეძენა-გადმოცემის თაობაზეც. მისივე თქმით, თუ, ვიზიტის დროს რაიმე სახის ხელშეკრულება გაფორმდა, შესაძლოა, ეს გამოქვეყნდეს კიდეც. 

„როგორც წესი, დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობა აქვეყნებს ნაწილობრივ დეტალებს, რა იქნა გაყიდული და რა რაოდენობით, - „ჩვეულებრივი შეიარაღების გაეროს რეესტრი“ - ასე ჰქვია. მსგავსი ინფორმაცია, როგორც წესი, ყოველი წლის ბოლოს ქვეყნდება. გამოქვეყნება, როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი ქვეყნის მიერ, ძირითად შემთხვევებში ხდება, თუმცა ეს ვალდებულებას არ წარმოადგენს. აქ მარტო ერთი ქვეყნის ინტერესები არ დევს, აქ დევს მეორე ქვეყნის ინტერესი. მარტო საქართველოზე არაა დამოკიდებული, დიდი მნიშვნელობა აქვს რა პოზიციას დაიკავებს საფრანგეთი“, - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ხელშეკრულება იქნა გაფორმებული და იყო თუ არა საუბარი ყიდვაზე, ეს ძნელი სათქმელია. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკების თემა ანტისარეკატო სისტემა ყოფილიყო, რადგან, მისი თქმით, თვითონ ალასანიამ არ უარყო, რომ საუბარი შესაძლოა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე ყოფილიყო.

„შეიძლება საუბარი ყოფილიყო საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე. საფრანგეთს ერთ-ერთი კარგი რაც დღეს აქვს, ეს არის Aster-30 -ის საზენიტო დანადგარი. ქართული მხარე უნდა დაინტერესებულიყო ფრანგული თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების SAMP-T-ს შეძენით. თითოეული ეს კომპლექსი აერთიანებს მობილურ მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურს, საბრძოლო მართვის პუნქტს და Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტების 8 გასაშვებიან მობილურ დანადგარს.

მისი სიგრძე 4,8 მ-ია და იგი 445 კგ-ს იწონის. 25 კმ-მდე სიმაღლესა და 100 კმ სიშორეზე თითქმის ყველა თვითმფრინავისა და შვეულმფრენის ჩამოგდება შეუძლია. მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ ფრანგულ საზენიტო კომპლექსს საზენიტო რაკეტების გაშვება ერთდროულად 10 საჰაერო სამიზნისკენ შეუძლია. რამდენიმე ასეთ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს საქართველოს საჰაერო სივრცის საიმედოდ ჩაკეტვა შეუძლია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.