დავით საგანელიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და პროკურატურას პარლამენტში ანგარიშის წარდგენას სთხოვს. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ პარლამენტში შესაბამისი ანგარიში წარმოადგინოს.
„მივმართავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ის მასალები რომელიც მათ გააჩნიათ თავდაცვასთან დაკავშირებით, პარლამენტს წამოუდგინონ ანგარიშის სახით, რადგან ზოგიერთი ჯგუფი ამბობს, თითქოს, თავდაცვასთან დაკავშირებით ეს არის პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად წარმოებული საქმე. ასევე ნდობის ჯგუფის წევრის სტატუსით მივმართავ მათ, რომ ეს მასალები გამოვითხოვოთ. მართლა მაინტერსებს, პროკურატურის მხრიდან ხდება საკითხის სხვანაირად წარმოჩენა, თუ რა ხდება. ამას გარდა, მასალებს „ნდობის ჯგუფიც“ ითხოვს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
საგანელიძის განცხადებას მალევე გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ლაშა თორდიას უწყება თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის.
„ის მასალები, რომლებიც ჩვენს მიერ უკვე არის გადაგზავნილი მთავარ პროკურატურაში და რომელიც, ჩემი აზრით შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პარლამენტის მოთხოვნს შესაბამისად გადაეგზავნება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს. აუდიტის სამსახურის მასალები არ შეეხება ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს.
ის მასალები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, არ უკავშირდება „სილქნეტთან“ დაკავშირებულ შესყიდვას და არც კვებასთან დაკავშირებულ საკითხს, ანუ იმ თემებს, რომლებზეც საუბარი იყო მთავარი პროკურატურის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვა ტიპის შესყიდვებს, რაზეც ინფორმაციას მივაწვდით ნდობის ჯგუფს“, - აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ.
კონკრეტულად, რა ტიპის შესყიდვები განხორციელდა და სად იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თორდია ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობს და უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებული სამუშაოების საკითხს სწავლობს.
„თავისუფლი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი თვლის, რომ იმისათვის, რომ ამ საქმემ პოლიტიკური ელფერი არ მიიღოს, აუცილებელია მასში საპარლამენტო ინსტრუმენტები ნაკლებად ჩაერთოს.
„ეს არის დავით საგანელიძის ინიციატივა. მისი გადაწყვეტილებაა, უნდა თუ არა ამ მასალების გაცნობა. მე მაინტერესებს, აუდიტის სამსახურს უკვე აქვს რამე მოკვლეული?! მე არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, შესულია თუ არა სამინისტროში შემმოწმებელთა ჯგუფი, სპეციალური დავალებითა და მივლინებით ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნდობის ჯგუფის დებულებიდან და კანონიდან გამომდინარე, ნებისმიერ შესყიდვაზე, რომელიც გარკვეულ თანხას სცილდება, ინფორმაცია ავტომატურად მოემართება ნდობის ჯგუფში.
თუ ამ ადამიანებს აქვთ ამის სურვილი, რომ გაანდონ საზოგადოებას საიდუმლო ინფორმაცია, კი ბატონო, გააკეთონ ეს, მაგრამ, მივცეთ პროკურატურას საშუალება, აკეთოს ის, რაც მას ევალება და მოვხსნათ ამით ყველა კითხვა. რაც უფრო მეტი საპარლამენტო ინსტრუმენტი ჩაერთვება ამ საქმეში, მით უფრო მეტ პოლიტიკურ ელფერს მიიღებს ყველაფერი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
უმრავლესობის ლიდერის ამ განცხადება, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების გამო, მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახურმა და პროკურატურამ პარლამენტში შესაბამისი ანგარიში წარმოადგინოს, წინ უსწრებდა ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადება, როცა არ გამორიცხა ყოფილი მინისტრის დაკავება. „ბუნებრივია, ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გამორიცხო. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ და სასამართლომ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას ჯერ ბრალი წაუყენონ, ხოლო შემდეგ დააპატიმრონ. „მე არ გამოვრიცხავ, რომ ბრალი წაუყენონ. მაგრამ აქვე ვიტყვი იმას, რომ ალასანიას ამის არ ეშინია. შესაძლოა, ეს ყველაფერი ალასანიას პირად და ჯარის რეიტინგს უკავშირდებოდეს. ყველანი ადამიანები ვართ და გამორიცხული არ არის, ესეც იყოს მიზეზი“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ალასანიას დაკავებას არც ყოფილი მმართველი გუნდის წევრები გამორიცხავენ. გიორგი თევდორაძის განცხადებით, მისთვის უცნობია რა იგულისმხება საგანელიძის ამ განცხადების უკან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შექმნილი ვითარება ირაკლი ალასანიას დაკავებითაც დამთავრდეს.
„მინდა შევახსენო უმრავლესობას, რომ რამოდენმეჯერ გაკეთდა პარალამენტში განცხადება თავდაცვის სამინისტროში კორუფციის არაერთ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე რეაგირება არ ყოფილა. მაგრამ როდესაც სამი დღის განმავლობაში სამი ბრალი იქნა წაყენებული თავდაცვის სამინსტროს მაღალჩინოსნებისათვის, დაბადა ეჭვი და არა მარტო ეჭვი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ისევე როგორც ჩემი თანაგუნდელები, მიუხედავად სხვადასხვა კორუფციული ფაქტებისა, ამ პროცესებს ჰქონდა პოლიტიკური ელფერი.
იგივე განცხადება გაკეთდა ევროსაბჭოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, იგივე განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა. არ გამოვრიცხავ ალასანიას დაკავებას. ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ძველი ბოღმა სადამდე მივა და რა მასშტაბებს მიაღწევს, ვერ გეტყვით. ალასანია ყველაზე რეიტინგული ფიგურა იყო ხელისუფლებაში, ამიტომ მათი შესუსტებული პოზიციების გათვალისწინებით, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ასეთი რისკიანი ნაბიჯი გადადგას პროკურატურამ“, - აცხადებს გიორგი თევდორაძე.