დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 800 მლნ ლარამდე გაიზრდება, ხოლო თბილისის მერიის 4 მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების მშენებლობა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროექტების დაფინანსება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 8 მილიონით გაიზრდება. სოციალური პროექტები დაფინანსდება 168 542 800 ლარით, ხოლო ჯანდაცვის ღონისძიებები – 34 450 000 ლარით.
მათ შორის, 1,4 მილიონით დაფინანსდება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევები.
4 მილიონით დაფინანსდება ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების (0–დან 25 წლამდე) ოპერაციული მკურნალობის პროგრამა.
800 000 ლარით დაფინანსდება სოციალურად დაუცველი 18 წლამდე მკვეთრი და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა, ხოლო 1 000 000 ლარით – სოციალურიად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარების პროგრამა.
2015 წელს მერია 1 მილიონს გამოყოფს სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500–ლარიანი დახმარების პროგრამის დაფინანსებისთვის.
ასევე, 1 200 000 ლარი არის გამოყოფილი მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამის დაფინანსებისთვის.
ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ გაორმაგდება სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება. ისინი, ნაცვლად 25 ლარისა, მიიღებენ 50 ლარს.
5 მილიონი ლარით გაიზრდება თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი პირების დაფინანსება. ამ მიმართულებით, ნაცვლად 2014 წელს გამოყოფილი 9 მილიონისა, 2015 წელს 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერიის კიდევ ერთი დეკლარირებული პრიორიტეტისთვის – დედაქალაქის გამწვანებისთვის 2015 წლის ბიუჯეტი 5 მილიონით გაიზრდება და 20 მილიონ ლარს შეადგენს.
მესამე პრიორიტეტი, რომელზეც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ისაუბრა, საბავშო ბაღების მშენებლობა და კეთილმოწყობაა. 8 მილიონი ლარით გაიზრდება საბავშვო ბაგა-ბაღების პროგრამა, რომლისთვისაც, ჯამში, 85 მილიონი ლარი გამოიყოფა. ასევე, დაიწყება 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლისთვისაც 2015 წლის ბიუჯეტში 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიაც ადასტურებს, რომ 8-10 ბაღის მშენებლობისთვის უკვე შერჩეულია ადგილები.
„ვიწყებთ იმის შესრულებას, რასაც არჩევნების წინ დავპირდით, რომ ერთხელ და სამუდამოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პრობლემა გადავწყვიტოთ. წინა ხელისუფლების დროს 40-მდე ბაღი, ფაქტობრივად, გასხვისდა და ამის გამო 20 ათასამდე ბავშვი ბაღის გარეთ დაგვრჩა. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ“, - აცხადებს სამუშია.
რაც შეეხება მერიის კიდევ ერთ პრიორიტეტს, მუნიციპალური ინფრაქტრუქტურის კეთილმოწყობას, ამ მიმართულებით 238 000 000 ლარი არის გათვალისწინებული. ავარიული შენობების გამაგრების სამუშაობისთის 18 500 000 ლარი იქნება გამოყოფილი, საგზაო ინფრასტრუქტურის მშებებლობა–აღდგენისთვის, 60 120 000 ლარი; მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობისთვის – 3 500 000 ლარი.
დავით ნარმანია ამბობს, რომ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსასაზღვრად 8000–მდე ადამიანი გამოიკითხა:
„ბიუჯეტის პროექტის შედგენამდე მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა. სწორედ ამას დაეფუძნა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი. მთელი რიგი პროექტები იქნება უფრო მეტად დეტალურად მოცემული და შეფასებების ინდიკატორები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ამ პროექტების განხორციელების ეფექტიანობა შევაფასოთ, ასევე, 2015 წლის ბიუჯეტში იქნება დეტალურად გაწერილი“, –აღნიშნა მერმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი მეტ გამჭვირვალობასა და სიცხადეს ითხოვს ბიუჯეტის პროექტის იმ ნაწილში, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ძველი თბილისის რეაბილიტაციას შეეხება:
„ჯერ ბიუჯეტის პროექტი არ მოგვსლია, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის განვითარების ფონდს 5-მილიონიანი ბიუჯეტი უნდა დაუმტკიცდეს, მაგრამ მე ასე ხელაღებით, სათანადო დაზუსტების გარეშე, ამის წინააღმდეგი ვარ. ჯერ უნდა გავიგოთ, რა მისია და მიზნები აქვს თბილისის განვითარების ფონდს. საშინელი მემკვიდრეობა დახვდა მას და ეს არის გამოსასწორებელი. რა უნდა გაკეთდეს, რა მისია უნდა ჰქონდეს ფონდს, სად არის მისი კომპეტენცია და სად არის გამგეობების კომპეტენცია და მათ შორის მიჯნა - ყოველივე ამის გარკვევის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ თბილისის განვითარების ფონდისთვის 50 მილიონის მიცემაზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე რადიო „თავისუფლებასთან“ ამბობს, მნიშვნელოვანი სიახლეა ბიუჯეტის პროგრამულობა, რაც უთუოდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაივალოს:
„დათვლილი და ნაჩვენებია კონკრეტული შედეგი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თითოეული პროექტის განხორციელებას. დასაბუთებულია ყველა ხარჯის ეფექტურობა და მიზანშეწონილობა, ანუ ჩვენ როცა ვამბობთ, ეს ესტაკადა უნდა აშენდეს, იქვე არის დასაბუთებული თუ რა გავლენა ექნება ამ მშენებლობას სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს 20 მილიონი რა ეფექტს მოგვიტანს. სწორედ ეს არის პროგრამულობა, როცა ნაჩვენებია კონკრეტული დასახარჯი თანხის მისაღები ეფექტი, ანუ უკუშედეგი“, - აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.