თუკი საქართველოს განათლების მინისტრს ვერწმუნებით, სულ რაღაც სამ წელიწადში მასწავლებელთა ხელფასი ოთხნიშნა რიცხვის ფარგლებში იქნება. ამის შემდეგ ქართველი პედაგოგების სოციალური სიდუხჭირე წარსულს ჩაბარდება.
მინისტრის თამარ სანიკიძის პროგნოზით, 2017 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800-1000 ლარი იქნება. ამ დონემდე მიღწევას 3 წელი დასჭირდება, მანამდე კი საბაზო ხელფასი პირველ ეტაპზე 17%-ით გაიზრდება.
„პირველ ეტაპზე, 17%-ით გაიზრდება საბაზო ხელფასი, შემდეგ კი ეს ზრდა 33%-იანი იქნება. რაც შეეხება ბაზირებულ ხელფასებს, სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელიც არის მეორე კარიერული საფეხური, პირველადი ზრდა იქნება 47%-იანი და ეს კიდევ გაგრძელდება.
მთლიანობაში 2017 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება 800-1000 ლარის ფარგლებში იქნება. ხელფასი დაანგარიშდება სხვადასხვა კოეფიციენტით.
მთლიანობაში გეგმა რეალური და მიღწევადია. იგი გულისხმობს როგორც სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე კონკრეტული შედეგების მიღწევას, ანუ შედეგზე ორიენტირებული სახელფასო პოლიტიკის დაგეგმვას“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე.
განათლების სამინისტრო ინფორმაციით, მიღებულია კონრეტული გეგმა, რომელიც გულისხმობს 2015-17 წლებში მასწავლებლის სახელფასო ეტაპების განხორციელებას. ხელფასი იქნება როგორც საბაზო, ისე კატეგორიების, საფეხურების ფარგლებში და მისი ამოქმედება 2015 წლიდან დაიწყება.
პირველ რიგში, 2015-16 აკადემიურ წელს სკოლის პედაგოგის ხელფასის ზრდა განხორციელდება ორჯერ. 2015 წლის ზრდა გათვალისწინებულია „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში“, ხოლო 2016-17 წლებში ხელფასის ზრდა განხორციელდება მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით.
პირველადი ზრდა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2015 წლის სექტემბრიდან იქნება (საბაზო ხელფასი გაიზრდება 17%-ით). სერტიფიცირებული მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, გაიზრდება, საშუალოდ, 31-34%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე იქნება 760 და 860 ლარი.
2015-16 აკადემიური წლის ხელფასის ზრდის მეორე ეტაპი განხორციელდება 2016 წლის აპრილიდან. საბაზო ხელფასი ამჟამინდელ ხელფასთან მიმართებაში 34%-ით გაიზრდება. სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით სრული განაკვეთის შემთხვევაში გაიზრდება, საშუალოდ, 47%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად გახდება 875 და 1085 ლარი.
2017 წლის იანვრიდან განხორციელდება მასწავლებლის ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი. მასწავლებლის ანაზღაურება, რომელიც მეორე კარიერულ საფეხურზე მოიაზრება, ამჟამინდელ ხელფასთან შედარებით (სრული განაკვეთის შემთხვევაში) გაიზრდება, საშუალოდ, 88%-ით. საშუალო ანაზღაურება მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე შესაბამისად გახდება 1050 და 1250 ლარი.
სამინისტროს მონაცემებით, სისტემაში 62 ათასზე მეტი მასწავლებელი იქნება ჩართული (სქემაში ჩართვა მასწავლებლისთვის სავალდებულოა).
რაც შეეხება პროფესიული განვითარების საფეხურებს: I კატეგორია - პრაქტიკოსი მასწავლებელი, მოქმედი არასერტიფიცირებული მასწავლებელი; II კატეგორია - უფროსი მასწავლებელი, მოქმედი სერტიფიცირებული მასწავლებელი; III კატეგორია - წამყვანი მასწავლებელი და უმაღლესი კატეგორია - მენტორი.
ამ ეტაპზე სქემის საბოლოო დოკუმენტი არ არსებობს, სამინისტროში აცხადებენ, რომ ის ჯერ დამუშავების პროცესშია.
უკვე მერამდენე დღეა პედაგოგები მთავრობის მიერ 3 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საბაზო ხელფასი იზრდება მხოლოდ 50 ლარით. ხელფასების შემდგომი ზრდა-მატება დაკავშირებულია „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის პროექტის“ მოთხოვნებთან, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა.
მასწავლებელთა მხარდამხარ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ითხოვდა და ითხოვს, პედაგოგის საბაზო ხელფასი გაიზარდოს ეტაპობრივად და უახლოესი 3 წლის განმავლობაში გაუთანაბრდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. გაზრდილი საბაზო ხელფასის შესაბამისად განისაზღვროს კატეგორიებს შორის განსხვავება. პროფკავშრები ამ ინიციატივით ჯერ კიდევ თებერვალში გამოვიდა, რაზეც თანხმობა მიიღო როგორც განათლების სამინისტროსგან, ისე პრემიერ-მინისტრისგან.