14 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ელოდებიან. პარლამენტის პლენარული სხდომა პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება. პრეზიდენტის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს და ამით პროცესი დასრულდება. პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის და მისი მოსმენის ფორმაზე გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის წინადადებაა, რომ პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, პარლამენტის სახელით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიმართვა დებატების გამართვის, გარკვეული მოსაზრებების გამოთქმის, ან რეზოლუციის მიღების სურვილს გააჩენს, ამაზე შემდგომ საპარლამენტო სხდომებზე იმსჯელონ.
დავით უსუფაშვილის წინადადების პასუხად, უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ინიციატივით გამოვიდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოცხადდეს ათწუთიანი შესვენება და თუკი მისი მიმართვა გამოიწვევს დეპუტატების პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პასუხის გაცემის სურვილს, შესვენების პროცესში კონსულტაციები გაიმართოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც საპასუხო განცხადებას გააკეთებს.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლას უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის მიმართვის დატვირთვა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თუკი პრეზიდენტის გამოსვლა დეპუტატებს და სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სხვადასხვა მოსაზრებებს გააჩენს, ამაზე, 10 წუთში პოზიციების შეჯერება რთული იქნება.
პრეზიდენტის და პარლამეტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები მოსალოდნელი არ არის. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, დებატების პროცედურა გათვალისწინებულია პრეზიდენტის გეგმიური მიმართვის დროს, როცა ქვეყნის მეთაური პარლამეტნის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში გამოდის.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა და სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტიც და მთავრობაც ძალიან ბევრს მუშაობს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა მათივე განცხადებით, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე ინტეგრაციის პროცესი დამოკიდებული არ არის, რადგან აქ დგას თავად ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების პოზიციების პრობლემაც.
გარდა ამისა, უმრავლესობის წევრები ასევე აცხადებენ, რომ იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევას ეხება, პრეზიდენტის გამოსვლა იქნება ხელისუფლების ნათელი პასუხი.
„მმართველი ძალის ამ გამოწვევას, ერთგვარ შემოძახილს, კრიტიკას, მმართველმა ძალამ უნდა უპასუხოს კონკრეტული ნაბიჯებით და ამავე ჭრილში განვიხილავ მე პრეზიდენტის სტუმრობას. აქტიურ თემებზე დიალოგი უფრო ამშვენებს დემოკრატის პროცესს, ვიდრე რაიმე შეშფოთების საგანს ქმნის ამით“, - აცხადებს უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი.
ექსპერტები თვლიან, რომ მაშინ როდესაც განცხადება კეთდება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, უპრიანი იქნებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულიყო პრეზიდენტის გამოსვლა, რომ ყველა დეპუტატს ჰქნოდა პოზიციის გამოხატვის საშუალება. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე უმჯობესი იქნება სხდომა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო, რადგან ასეთ პირობებში თავად პარლამენტისთვის და პრეზიდენტისთვის, უფრო საინტერესო იქნებოდა ღია საუბარი.
„ბიბლიის სტატუსს ნუ მიანიჭებენ საკუთარ რეგლამენტს, უცვლელი ამქვეყნად მხოლოდ ბიბლიაა. მითუმეტეს, რომ კონსტიტუციის წარამარა ცვლილების გამოცდილება ჩვენს პარალამენტს გააჩნია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს განაჩენი პრეზიდენტის მიმართა გახლავთ ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები სივრცე ჰქონდეს პარლამენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. თუ არსებულ ოპოზიციას არ მიეცემა კითხვის დასმისა და აზრის გამოთქმის საშუალება, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ უმცირესობის დელგაციას ბატონი პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მიიწვევს და იქ ექნება მათთან საუბარი.
აი მაშინ ნახეთ რა ყიჟინა ატყდება მთავარ მეოცნებეებში, რადგან, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათ ავიწყდებათ, რომ ბატონი მარგველაშვილი არ გახლავთ რომელიმე კრიტიკული ძალის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მთავარ მეოცნებეებს მთლიანი საქართველო მიაჩნიათ მხოლოდ იმ ნაწილად, რომელიც მათთან ერთად ოცნებობს. ცხადია, პრემიერსა და პრეზიდენტს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია აქვთ. მაგრამ, კონსტიტუციაც და რეალობაც, ავალდებულებს ბატონ პრეზიდენტს, რომ ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს და არა მხოლოდ სასურველი პოლიტიკური ორიენტაციის მიმდევარი პოლიტიკოსების“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტი დებატებში არ უნდა ჩაჯდეს რომელიმე მხარესთან, ვინაიდან, ის მხრეთა ზემოთ დგას.
„პრეზიდენტს სურს თავისი პოზიცია გააცნოს საზოგადოებას. პრეზიდენტის გამოსვლას აქვს თავის ფუნქცია, გაიგოს ხალხმა რას ფიქრობს პრეზიდენტი ქვეყნის საგრეო კურსთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ამ კონსტიტუციით დებატებში არ უნდა ჩაჯდეს რომელიმე მხარესთან - ის მხრეთა ზემოთ დგას. პრეზიდენტმა შეიძლება წამოაყენოს რაღაცა პირობები, მაგრამ პოლიტიკური დებატები მასთან, ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან უპრიანი არაა. ისევე, როგორც დებატები მოსამართლესთან“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.