შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარ პროკურორს ჰასან ერბილის და დელეგაციის სხვა წევრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა. სტუმრებმა სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს და მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. დელეგაციის წევრები მართვის მოწმობის თეორიული ნაწილის ახალ, 3D ბილეთებს გაეცნენ და იმიტირებული გამოცდა თურქულ ენაზე გაიარეს.
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის პროკურატურის მაღალჩინოსნები სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიასაც გაეცნენ. სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ პროკურორ ჰასან ერბილს სიმბოლურად საკუთარი სახელის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადასცა.
შეხვედრის დასასრულ, დელეგაციის წევრებმა მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.