სხვადასხვა პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ალასანიას სახით ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიცია ხელოვნურად შექმნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იზიარებენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, ეს გეგმა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა და არც დაუმალავს, თუმცა კონკრეტულად ალასანიასთან მიმართებით კონფლიქტი ხელოვნურად შექმნილი არ არის. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობა ივანიშვილმა შეიძლება გამოიყენოს იმ კუთხით, რომ განახორციელოს ზეწოლა ალასანიაზე, რათა „თავისუფალი დემოკრატებისგან“ დამჯერი ოპოზიცია მიიღოს.
ამის თქმის საფუძველს სერგო რატიანს აძლევს ის გარემოება, რომ გასული კვირის დასაწყისი ირაკლი ალასანიას მაჟორული ნოტით დაიწყო, თუმცა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს ნოტა მინორული გახდა და ივანიშვილმა საწადელს მიაღწია, ანუ ალასანია მის ორბიტაზე დარჩა. შესაბამისად, სერგო რატიანის თქმით, ან ხარ ოპოზიცია, ან - არა.
„შეთქმულების თეორია არ მიყვარს. თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა პრეტენზია არა თავისთავად ალასანიას წასვლაზე, არამედ შერჩეულ დროსა და ფორმებზე. ბიძინა ივანიშვილის საქციელი ღიად მეტყველებს ამ ზეწოლის შესახებ. ერთი მხრივ, ივანიშვილი ალასანიაზე ზეწოლას ახდენს პროკურატურით და, მეორე მხრივ, მას აქვს მცდელობა, მის ორბიტაზე დარჩეს ალასანია. ივანიშვილს სურს, ეს გუნდი დაიტოვოს თავის ორბიტაზე. ამ ამოცანას როგორ ამოხსნის ალასანია და მისი გუნდი, ჯერჯერობით არ ვიცი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჩვენ ვნახეთ კონფლიქტის პირველი კვირა და მისი შემდგომი მოძრაობა. ჯერჯერობით ჩანს, რომ ივანიშვილმა მიაღწია საწადელს და ეს გუნდი რჩება სამთავრობო გუნდის ორბიტაზე. ივანიშვილთან შეხვედრაც ამიტომ შედგა. ივანიშვილმა თქვა, კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებაო და ის საფუძველს ხედავს იმაში, რომ ამ პარტიაში მას ბევრი მეგობარი ჰყავს“, - აცხადებს სერგო რატიანი.
სხვათა შორის, ბევრი ელოდა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე ალასანიას უფრო მკვეთრი ტონალობა ექნებოდა, თუმცა ალექსი პეტრიაშვილისგან განსხვავებით, მისი განცხადებები შედარებით მოზომილი იყო. ერთიცაა, გასული კვირის დასაწყისში გაკეთებული მკვეთრი განცხადების შემდეგ, ალასანია უფრო თავდაჭერილი ჩანდა, თუმცა გამოსავალიც დაიტოვა - „თუ დავინახე, რომ პროცესი გეგმის მიხედვით აღარ გრძელდება, საფრანგეთში მიღწეულ შეთანხმებებზე ღიად ვისაუბრებ“.
რეალურად, რამდენად დამჯერი ოპოზიცია იქნება ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და ალასანიას ხასიათიდან გამომდინარე, რას ნიშნავს პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის ნათქვამი, რომ თავისი ნახევარნაბიჯებით ალასანია ვერასდროს გახდება ეროვნული ლიდერი, ამის შესახებ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს თავისებური მოსაზრებები აქვს.
For.ge-სთან საუბარში ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან საქმის ძიება, ან კიდევ ის ფაქტი, რომ ივანიშვილი თურმე შეხვდა ალასანიას, საკმარისი არ არის, რომ ალასანიასგან მივიღოთ მართვადი ოპოზიციის ხელმძღვანელი. ამის მიზეზი ალასანიას ამბიციური პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული პოლიტიკური მიზნები აქვს. აქედან გამომდინარე, მისი მართვადობის ხარისხი პერსპექტივაში ძალზე დაბალია. მით უფრო, პოლიტიკა შესაძლებლის კეთების ხელოვნებაა. აქედან გამომდინარე, რევოლუციონერი ალასანია ნაკლებად წარმოსადგენია. ის პრაგმატულია და პიროვნულად მისი თვისებები თავსებადი არ აღმოჩნდა როგორც ყოფილ პრემიერ ივანიშვილთან, ისე მის მემკვიდრე ღარიბაშვილთან. ამის გამო ჩამოყალიბდა კონფლიქტი, თორემ სხვა შემთხვევაში, თითიდან გამოწოვილი მიზეზი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფრთხის შესახებ არ იქნებოდა, რომელიც თავისი ნაბიჯის გასამართლებლად გამოიყენა ალასანიამ.
„ალასანიას „თვინიერი“ ოპოზიციონრობა უფრო ნაციონალების მიერ შემოგდებული თემაა. სწორედ მათ შეექმნათ საფრთხე, რომ პერსპექტივაში დაკარგავენ ოპოზიციური ძალის და ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივის ექსკლუზიურ უფლებას. ნაციონალები ამ საფრთხეს გრძნობენ და შესაძლო განვითარების განჭვრეტაც არ არის ძნელი, რომ ალასანია, როგორც ოპოზიციური ძალა, მარტო არ იქნება. ის ვერ იქნება თვითკმარი პოლიტიკოსი. ის დაიწყებს მოკავშირეების ძებნას და პოტენციურ მოკავშირეებად განვიხილავ პრეზიდენტ მარგველაშვილს და საზოგადო მოღვაწეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს. ამის ნიშნები არ ჩანს, მაგრამ მოვლენათა განვითარების ლოგიკით, ერთი მხრივ, ალასანია წავა მარგველაშვილისკენ პროდასავლურობის აქცენტით და, მეორე მხრივ, მათ არ ეყოფათ ეს პროდასავლურობა ელექტორატის მისაზიდად. ისინი დაიწყებენ მოკავშირის ძებნას. თუ ლევან ვასაძესთან მისასვლელი გზა იპოვეს, ვასაძე გაცილებით რეიტინგულია, ვიდრე მარგველაშვილი. რამდენად რეიტინგულია, ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევების კომპანიები, მხოლოდ ამერიკელებს უნდა დავუკვეთოთ, ამერიკელები კი ხანდახან სცოდავენ და თავიანთ მოკავშირეებს ხანდახან წაუმატებენ ხოლმე რეიტინგს“,- აცხადებს ვაჟა ბერიძე.
ამასთან, არ იზიარებს ხათუნა ლაგაზიძის მოსაზრებას, ირაკლი ალასანიას „ნახევარნაბიჯების“ შესახებ და თვლის, რომ ალასანია ნახევარ ნაბიჯებს კი არ დგამს, არამედ დგამს ნაბიჯებს ფრთხილად და წინდახედულად, რაც მის პოლიტიკურ იმიჯს არ დააზიანებს. პოლიტოლოგი თვლის, რომ საერთო ეროვნული პოლიტიკური ლიდერობის თაობაზე ირაკლი ალასანიას ამბიცია უნიადაგო არ არის და ჩვენი საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, ქარიზმატულ ლიდერებს აღარ ეძებდეს და გაწონასწორებულ ლიდერებზე აიღოს ორიენტაცია. ასეთ ლიდერებს შორის იგი ალასანიას მოიაზრებს, თუმცა ფიქრობს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პოლიტიკური ლიდერიც, თავისი ქარიზმით და პერსპექტივით, პოლიტიკური ლიდერის იმიჯს სავსებით მიესადაგება. მეტიც, ის კრიტიკაც, რაც ბოლო დღეებში ღარიბაშვილის მისამართით ისმოდა, გადაჭარბებულია.
„მივესალმები, რომ ქვეყნის ერთ-ერთი გავლენიანი პირი, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკოსს ირაკლი ალასანიას შეხვდა და ამის შესახებ საზოგადოებამ გაიგო. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან აქამდე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილის შეხვედრები ნაკლებად იყო ცნობილი. მეორე მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რომ თურმე ალასანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თაობაზე პარიზში და გამზადებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება აუკრძალეს თბილისიდან. როგორ, ის ისე აწარმოებდა ამ მოლაპარაკებებს, რომ მთავრობა საქმის კურსში არ იყო? მისტრალის ყიდვაზე მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და საქართველოსთვის რა უნდა მიეწოდებინა პარიზს, რომ ეს გასაიდუმლოებულიყო? რა, აგენტურა არ ჰყავს რუსეთს საქართველოში, თუ ვერ გაიგებს ამ მოლაპარაკების თაობაზე? ამიტომ, ეს არგუმენტი ცოტა არასერიოზულია ორივე მხრიდან“,- აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.