საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა პოზიცია შეიცვალა და პენსიის ყველასათვის გაზრდა გადაწყვიტა. ნოდარ ხადურმა ამჯერად განაცხადა, რომ სექტემბრიდან პენსია ყველა პენსიონერს გაეზრდება. შესაბამისად, 100 ათასის ნაცვლად, ამჯერად პენსია 700 ათასს ადამიანს გაეზრდება, თუმცა შედარებით ნაკლები დოზით. სოციალურად დაუცველებისთვის თუ 25 ლარი იყო განსაზღვრული, ახლა ყველას ერთად 10 ლარს დააჯერებენ.
„ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. მთავრობამ მიაწოდა უმრავლესობის წევრებს ინფორმაცია, რომ 2015 წელს, 1-ლი სექტემბრიდან პენსია გაეზრდება ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით, ანუ გაისად პენსიების ზრდა აღარ მოხდება სოციალური კატეგორიის მიხედვით. ის ყველა პენსიონერისთვის გაიზრდება. ამავე დროს 2016 წელსაც ყველასთვის გაგრძელდება პენსიის ზრდის პროცესი“, - განაცხადა ხადურმა.
ახალი ინიციატივის ავტორი პრემიერ-მინისტრი ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, პენსიის ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის გაზრდის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. დეპუტატის შეფასებით ამგვარი გადაწყვეტილება სამართლიანია.
„მიღებულია სამართლიანი და კარგი გადაწყვეტილება. პრემიერის ინიციატივა იყო და ასეც გაკეთდება, რომ სექტემბრიდან ყველას მოემატება პენსია 10 ლარით. ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. შეიძლება არ არის საკმარისი, მაგრამ მარტო 10 ლარზე არ არის საუბარი - 10 ლარი დაემატება 150 ლარს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პენსიონერებს და მოსახლეობის დანარჩენ ნაწილსაც ბევრი ხარჯი მოაკლდა - თუნდაც ჯანდაცვაში გასაწევი. გარდა ამისა, ბევრ ფაკულტეტზე სწავლა უფასოა, ასევე უფასოდ რიგდება სახელმძღვანელოები. ეს ყველაფერი ოჯახისთვის სასიკეთო ცვლილებაა“, - განაცხადა ტყემალაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა პენსია გარკვეული ოდენობით ყველას გაეზარდოს. მისი აზრით, არასწორია პენსიის მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის გაზრდა.
„სასურველია, პენსია გარკვეული ოდენობით ყველას გაეზარდოს. ეს საკამათო თემაა და ვნახოთ, უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ონოფრიშვილმა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე დეპუტატები პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებენ, რის შემდეგაც დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება.
ამასობაში კი პირველ კომენტარს აკეთებენ ექსპერტები. ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, პენსია ხელფასის პროპორციული უნდა იყოს.
„10 ლარად რის გაკეთება შეიძლება? პენსიის გაზრდა საერთოდ კარგია, მაგრამ იგი ხელფასთან უნდა იყოს მიბმული, მისი პროპორციული უნდა იყოს. საერთოდ, განვითარებულ ქვეყნებში პენსია 25 წლის საშუალო ხელფასის 70%-ია“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება იმას, რამდენად მართებულია ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ პენსია ყველა პენსიონერს გაეზარდოს და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, თვალჭრელიძე აზრით, ეს გადამწყვეტი არ არის.
„ვფიქრობ, საერთოდ არ არის არსებითი. გადამწყვეტი მაშინ იქნება, როდესაც პენსია სამომხმარებლო მინიმუმს გადააჭარბებს. ახლა ასეთია ხელისუფლების არჩევანი მწირი ფინანსების ფონზე. ასე გადაწყვიტა მთავრობამ და ამ შემთხვევაში მას არ ვაკრიტიკებ, რაც შეუძლია აკეთებს“, - აღნიშნა თვალჭრელიძემ.