რამდენით გაძვირდება ალკოჰოლი და სიგარეტი?

რამდენით გაძვირდება ალკოჰოლი და სიგარეტი?

იანვრიდან აქციზის გადასახადის მატების გამო, თამბაქოს და ალკოჰოლის გაძვირება გარდაუვალია. ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, ფასი რა დოზით მოიმატებს. ერთი კი აქედანვე ცხადია - ხარისხიანი პროდუქციის რეალიზაცია შემცირდება, რადგან ხალხი იაფფასიანი ნაწარმის მოხმარებაზე გადავა.

2015 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. პირველი ივნისიდან კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადის ე.წ. შერეული სისტემა შემოდის. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი განისაზღვრება როგორც რაოდენობისა და წონის, ასევე საცალო-სარეალიზაციო ფასის მიხედვით. გარდა ამისა, იცვლება აქციზის გადასახადის წესი.

საგადასახადო ცვლილებების მიხედვით, ალაოს ლუდის, ეთილის სპირტისა და ალკოჰოლური სასმელების აქციზის განაკვეთის მოცულობა არსებულთან შედარებით ორჯერ იზრდება. რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) კი აქციზის 0.15 ლარის ოდენობით მოიმატეტბს, უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0.005 ლარის ოდენობით. გადასახადის „შერეული სისტემა“ კი ითვალისწინებს კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამს.

ერთ-ერთ უმსხვილეს თამბაქოს მწარმოებელ კომპანია „ჯი-თი-აიში“ ფიქრობენ, რომ აქციზის გაძვირება არარეგალური ბიზნესის საფრთხეს წარმოშობს, თუკი პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება: „ჯერჯერობით რთულია განსაზღვრო უარყოფითი გავლენა, რაც შეიძლება აქციზის გაძვირებას მოჰყვეს. სამომავლოდ რა ტენდენციაც შეიძლება განვითარდეს, 1-ლი იანვრიდან გამოიკვეთება. გაძვირების ეტაპობრივად გაგრძელების შემთხვევაში, საფრთხე ნამდვილად იარსებებს. აქ გასათვალისწინებელია სიგარეტის ფასი რეგიონებში. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით დიდი საფასო სხვაობა არალეგალური ბიზნესის საფრთხეს გააჩენს“, - აცხადებენ კომპანიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 ლიტრ ლუდზე აქციზის ფასი, შესაძლოა, გაორმაგდეს - 40 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი გახდეს. ასევე, გაძვირდება, ღვინის გარდა, ყველა სხვა სახის ალკოჰოლური სასმლის აქციზიც.

პარლამენტარი გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გაძვირების საკითხი პარლამენტის დღის წესრიგშია შესული. გადასახადის ასეთმა მკვეთრმა მატებამ, შესაძლოა, ადგილობრივი წარმოება დააზარალოს.

„საქართველოში მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია. ეს იქნება დარტყმა ადგილობრივ წარმოებაზე. ასეთი ფასით, ბიუჯეტი კი არ მოიგებს, პირიქით, წააგებს, რადგან სასმელს მყიდველი აღარ ეყოლება. ამიტომ, ჩვენ ვიმსჯელებთ, ვიდავებთ, იქნება პაექრობა პარლამენტში. მოვითხოვთ აქციზის ფასის დაწევას იმისათვის, რომ ადგილობრივი მწარმოებელი არ დაგვეჩაგროს“, – ამბობს თოფაძე.

კომპანია „გომის“ სტრატეგიული დაგეგმარების კონსულტანტი, ზაზა თაბაგარი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ „გომის“ პროდუქცია მინიმუმ იმდენით გაძვირდება, რამდენითაც მოიმატებს აქციზის ფასი. თუმცა, შესაძლოა, ფასმა კიდევ უფრო აიწიოს, რადგან აქციზი საბოლოო პოდუქტის შემადგენელი ნაწილია, ამის გამო კი, დღგ–ს გადასახადიც გაიზრდება.

„საზოგადოების მხრიდან ალკოჰოლის მოხმარების რაოდენობა იგივე დარჩება, თუმცა ისეთი ხარისხიანი პროდუქცია, როგორსაც „გომი“ აწარმოებს, გაიყიდება უფრო ნაკლები. ალკოჰოლის მომხმარებლები შედარებით იაფიან სასმელს აირჩევენ. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა – ფასი მიდის ზემოთ, მაღალი ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია იკლებს. ხალხი დაბალი ხარისხის პროდუქციაზე გადადის იქამდე, სანამ ახალი რეალობა არ შეიქმნება“, – ამბობს ზაზა თაბაგარი.