უმრავლესობაში „თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილი ნაციონალებით ჩაანაცვლეს, სანაცვლოდ კი, ყოფილმა ნაციონალებმა მმართველი გუნდი დაშლისგან იხსნეს. თუ ერთი წლის მანძილზე, მარიკა ვერულაშვილი და გოჩა ენუქიძე ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ვერ იყოფდნენ და ამის გამო, მათ შორის მოლაპარაკებები ჩაიაშალა, ამჟამად, მათ ერთ დღეში, ფრაქცია კიდეც შექმნეს და უმრავლესობას კიდეც მიუერთეს.
კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის დაშლის თავიდან ასაცილებლად გოჩა ენუქიძემ ფრაქცია - „დამოუკიდებელი მაჟორიტარები, ძლიერი რეგიონებისათვის“ შექმნა, რომლის წევრებიც არიან - მარიკა ვერულაშვილი, ანზორ ბოლქვაძე, იაშა შერვაშიძე, გიორგი ფეიქრიშვილი და გურამ მისაბიშვილი. აღნიშნულ პირთა გაერთიანება გასულ წელს ვერ მოხერხდა, მაგრამ უმრავლესობის გასაჭირის ჟამს, ყოფილი ნაციონალები ერთ მუშტად შეიკრნენ და შალვა შავგულიძის მიერ განწირული უმრავლესობა დაშლისგან იხსნეს.
გოჩა ენუქიძე აცხადებს, რომ ფრაქციის შექმნით ახალი არაფერი არ მომხდარა, რადგან დე-ფაქტო თანამშრომლობა დე-იურეში გადავიდა.
„ჩვენ უმრავლესობასთან აქამდეც ვთანამშრომლობდით. ამჟამად საჭიროდ ჩავთვლეთ, რომ ქვეყანას დაძაბულობა არ სჭირდება და ფრაქცია შევქმენით“, - განაცხადა ენუქიძემ, რომლის პატრიოტულ სულისკვეთებაში ეჭვი არ ეპარება უმრავლესობის ლიდერებს. მმართველი გუნდის წევრები თუ მოქმედ ნაციონალებს მტრებად აღიქვამენ, ყოფილ ნაციონალებს მოყვრებად მიიჩნევენ.
როგორც for.ge-ს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, წინა ხელისუფლების პირობებში წარმატებული ბიზნესმენები არსებობდნენ, რომელთაც „პარსავდნენ“, მათ შორის ბიზნესმენ დეპუტატებს. მისი თქმით, ის უმრავლესობაში ყოფილი ნაციონალების გადასვლაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ისინი „იძულებით ნაციონალები“ იყვნენ.
„ამ 12 დეპუტატიდან ყველას ჰკითხეთ, რამდენის მიმართ იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და რამდენ დეპუტატს ჰქონდა ადეიშვილთან ფული მიტანილი?! ეს დეპუტატები წინა ხელისუფლების მსხვერპლნი იყვნენ. დღეს, ისინი ჩვენთან არიან არა იძულებით, არამედ შინაგანი რწმენით. ცოტა ხნის წინ, კახა ოქრიაშვილმა თქვა, რომ მას მისმა მეგობრმა დაურეკა და უთხრა, რომ მას აქამდე ხელისუფლება წეწავდა, ახლა კი, მას ფინანსთა სამინისტრომ უკან ზედმეტი ფული გადაურიცხა“, - განაცხადა სესიაშვილმა, რომელსაც კითხვით მივმართეთ, რის სანაცვლოდ დათანხმდნენ ბიზნესმენი დეპუტატები უმრავლესობაში გადასვლას.
კანონმდებელი გვარწმუნებს, რომ ყოფილი ნაციონალები მხარს სახელმწიფოს და ხელისუფლების არსებულ პოლიტიკას უჭერენ, რომელიც ბიზნესის თავისუფლებასაც გულისხმობს.
„ქვეყანაში სააკაშვილის მიდგომები საპირისპიროდ გადატრიალდა. ყოფილი ნაციონალების უმრავლესობაში შემოერთების პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მხვერპლნი იყვნენ. უფრო სწორად, ისინი იძულებით ნაციონალები იყვნენ“, - აცხადებს სესიაშვილი, რომლის პათოსს იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
for.ge-სთან საუბარში დავით საგანელიძე ყოფილი ნაციონალების ინტერესების დაცვას ცდილობს და ამტკიცებს, რომ იმ 12 დეპუტატიდან, რომლებიც უმრავლესობას მიუერთდება, ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრია, ნაწილი კი დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია.
კანონმდებელის შეფასებით, ხელისუფლება ყოფილ ნაციონალ დეპუტატებთან უკვე ორი წელია თანამშრომლობს.
ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მასთან ერთად რესპუბლიკელები, „თავისუფალი დემოკრატები“ და სხვებიც იყვნენ, მაგრამ ისინი მათ გამოეყვნენ. ამ დეპუტატებმა უმცირესობის რიგები როდის დატოვეს და რომელი წუთია ხაზგასასმელი, ამაზე ნუ ვიმსჯელებთ. ორი წელია, ეს ადამიანები ჩვენთან თანამშრომლობენ და ჩვენს პოზიციებს მხარს უჭერენ“, - აღნიშნავს საგანელიძე.
უმრავლესობის ლიდერის მსგავსად, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ყოფილი ნაციონალების წარსულის გათეთრებას ცდილობს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ძალიან ცუდი იყო, როცა ვერულაშვილი მიხეილ სააკაშვილის სახე იყო, მაგრამ, ალბათ, მას ყოფილი პრეზიდენტის გულწრფელად სჯეროდა. კობახიძის განცხადებით, ზემოთ აღნიშნული დეპუტატები „ნაციონალურ მოძრაობას“ 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაემიჯნენ და ხელისუფლებას ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე დაეთანხმნენ.
„მათ შორის იყო სააკაშვილის დროს ვეტოს დაძლევის საკითხი და კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პრობლემა. ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად დაუპირისპირდნენ. პოლიტიკური პროცესი ასეთია და უმრავლესობის შენარჩუნებისთვის, პოლიტიკური რყევების და დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისთვის ასეთი ფორმები მიღებულია“, - აღნიშნავს კობახიძე, რომელსაც კითხვით მივმართეთ - ნაციონალებთან მებრძოლს ეუხერხულება თუ არა ის, რომ მას უმრავლესობაში საქმანობა მარიკა ვერულაშვილთან მოუწევს, რომელიც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი იყო.
კობახიძე გვარწმუნებს, რომ „ნაციონალებს“ ახლაც ებრძვის, მაგრამ როცა ადამიანი ხვდება, რომ მის მიერ განვლილი სწორი გზა არ იყო, მას ზურგი არ უნდა აქციონ.
„ძალიან ცუდი იყო, როცა ვერულაშვილი მიხეილ სააკაშვილის სახე იყო, მაგრამ ალბათ, მას სააკაშვილის სიმართლის გულწრფელად სჯეროდა. როცა ადამიანი ხვდება, რომ მის მიერ განვლილი გზა სწორი არ იყო, მას ზურგი არ უნდა აქციო. ეს ქვეყანა ყველასია, მათ შორის, სამწუხაროდ, იმ ნაციონალებისაც, რომელთაც ქვეყნისთვის ბევრი ცუდი ჩაიდინეს. ადამიანს ხელი კრა და საშუალება არ მისცე, შენთან ერთად გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც ქვეყანას სჭირდება, სწორი არ იქნება“, - ამბობს კობახიძე, რომელსაც ვკითხეთ, ყოფილი ნაციონალების უმრავლესობაში გადასვლის თაობაზე რა რეაქცია ექნებათ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს.
დეპუტატის მოსაზრებით, ამომრჩეველმა დიდი ხანია დაინახა, რომ ისინი ნაციონალებს გაემიჯნენ და დამოუკიდებელი დეპუტატები არიან.
„თუ მათ მოუნდათ, რომ ის გადაწყვეტეტილებები მიიღონ, რაც ჩვენს ინტერესებს წაადგება, რატომ არ მივცეთ მათ საშუალებას? თუ სტაბილურიბისთვის ორი ხმა დაგვეხმარება, გადაწყვეტილება სწორად აღქმული უნდა იყოს. ისე არ მომხდარა, რომ ნაციონალების წევრი ავიღეთ და აქეთ გადმოვსვით“, - აცხადებს კობახიძე.
მართალია, წინა მოწვევის პარლამენტის წევრები კობახიძე-საგანელიძე-სესიაშვილი არ ყოფილან, მაგრამ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ზემოთ აღნიშნულ დეპუტატებს მაღალი რანგის პოსტები ეკავათ. კერძოდ, ანზორ ბოლქვაძე ვიცე-სპიკერი იყო, გურამ მისაბიშვილი ჯერ დეპუტატი, შემდეგ სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი, გოჩა ენუქიძე დეპუტატობის პარალელურად ბიზნესით იყო დაკავებული და 2004-2009 წლებში, „ლუკოილ-ჯორჯიას“ გენდირექტორის მოადგილე იყო, იაშა შერვაშიძე ასევე დეპუტატი იყო, ისევე როგორც მარიკა ვერულაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
აღსანიშნავია, რომ გოჩა ენუქიძის ფრაქციის გარდა, შესაძლოა, უმრავლესობის რიგებს კახა ოქრიაშვილის ფრაქციაც შეუერთდეს, რომლებიც ასევე ყოფილი ნაციონალებით არის დაკომპლექტებული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატი რჩება, რომელთა შორის არიან - დავით ბეჟუაშვილი, გია გაჩეჩილაძე, მურმან დუმბაძე და კობა დავითაშვილი. სხვათაშორის, როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, უმრავლესობა კობა დავითაშვილს ამა თუ იმ ცვლილებებზე ხმის მიცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სიპში დასაქმება და მაღალ ხელფასს დაჰპირდა.