ჯანელიძის გზა - კონტრდაზვერვა, „არაკონსტიტუციური უწყება“, თავდაცვის სამინისტრო

ჯანელიძის გზა - კონტრდაზვერვა, „არაკონსტიტუციური უწყება“, თავდაცვის სამინისტრო

„დარწმუნებული ვარ, მინდია ჯანელიძე იქნება ბევრად უკეთესი მინისტრი, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. რაც მთავარია, იგი ერთგულად და ღირსეულად ემსახურება ქართულ ჯარს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მოქმედი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, რომელიც წოდებით პოლკოვნიკია.

35 წლის თავდაცვის ახალი მინისტრი პროფესიით იურისტია, დამთავრებული აქვს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის კონტრდაზვერვის ფაკულტეტი. ჯანელიძემ კარიერული წინსვლა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო და საკმაოდ წარმატებით გააგრძელა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც დაზვერვის დეპარტამენტს გელა ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა.

for.ge-ს ინფორმაციით ჯანელიძე გელა ბეჟუაშვილთან დაახლოებული პირია, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის გარკვეულ წრეებთან. 2000-დან 2012 წლამდე მინდია ჯანელიძე მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც კარიერა დაიწყო ოპერატიული თანამშრომლის პოზიციიდან. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე, ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობისას, ხელმძღვანელობდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, 2013 წლის იანვარში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა. წოდებით პოლკოვნიკი ჯანელიძე ასევე მუშაობდა დაზვერვის სამსახურის ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად. 

ჯანელიძეს თავდაცვის მინისტრად დანიშვნას საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თავდაცვის მინისტრი არაა პროდასავლელი პირი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება, შესაბამისი კონტაქტები, მაღალი ალბათობით არ აქვს დიპლომატიური უნარი, რომელიც მის წინამორბედს ჰქონდა.

ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშილის განცხადებით, ყოფილი მინისტრისგან განსხვავებით, ახალ მინისტრს არ აქვს პოლიტიკური ბეგრაუნდი. მეტიც, მოქმედი მინისტრი, მოქმედი პოლკოვნიკია, ყოფილი კი, თადარიგის პოლკოვნიკი. მისივე განცხადებით, მინდია ჯანელიძეს არ აქვს ის გამოცდილება და კონტაქტები, რომელიც ჰქონდა მის წინამორბედს.

„ბატონი პრემიერი უახლოეს ხანებში ეწვევა ბრიუსელს, დღის წესრიგში არის უამრავი საკითხი. ალასანიასგან განსხვავებით, არ ვიცით ჯანელიძის ხედვა, ჩვენ არ ვიცით როგორი დამოკიდებულება აქვს მას საკონტრაქტო სისტემასთან, არ ვიცით როგორ აფასებს ის საქართველოს შეიარაღებული ძალების ბიუჯეტს. არ აქვს პოლიტიკური ბეგრაუნდი, არასოდეს არ უსაუბრია თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერების საკითხებზე. ბუნებრივია, ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ჯანელიძის მომავალ მოღვაწეობას თავდაცვაში.

ჯანელიძესთან მიმართებაში იმგვარი ინფორმაციები ვრცელდება, რომელიც, სულ მინიმუმ, საზოგადოებას უბიძგებს გაანალიზოს საკითხი, რომ ის არის მხოლოდ საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომელი და კონტრდაზვრევის კარგი სპეციალისტი. ბუნებრივია, ამ ინტეგრაციის გზაზე ნაკლები ნდობა გვექნება იმგვარი პირის მიმართ, რომელსაც ამგვარი წარსული აქვს. მაღალი ალბათობით, მას არ აქვს ის უნარჩვევები, რომელიც უნდა ჰქონდეს თავდაცვის მინისტრს. ის არაა პროდასავლელი პირი... თქვენმა მკითხველმა განსაჯოს ვინ შეიძლება იყოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ტაბლიაშვილი.

ჯანელიძის პერსონის გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა მისი სატელეფონო ზარის შესახებ ირაკლი ალასანიასთან პარიზში. პოლიტოლოგო სოსო ცისკარიშვილი სვამს კითხვას - ვისი დავალებით დაურეკა ჯანელიძემ პარიზში ალასანიას? ვისი დავალებით ჩააბარა ირაკლი ღარიბაშვილმა მას, თავის დროზე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტი და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან მეზობელ სახელმწიფოს, რუსეთს?

„რუსეთისთვის მაამებლური ნაბიჯი გადავდგით, როდესაც მეზობელი სახელმწიფოს მსგავსად, ჩვენც სამხედრო წოდების პირი დავნიშნეთ თავდაცვის მინისტრად, რაც ცივილიზებულ სამყაროში კარგა ხანია უკუგდებულია. რასაკვირველია, საამებელია რუსეთისთვის, როგორც ფაქტი იმისა, რომ ჩვენ არ გვყავს თავდაცვის მინისტრი სამოქალაქო პირი. სამწუხაროდ, ისევ წარსულში დავბრუნდით სამხედრო წოდებების მქონე მინისტრების დანიშვნით.

კა-გე-ბე-ს მსგავს ორგანიზაციაში ნამუშევარი კაცი გვყავს თავდაცვის მინისტრად. ბიძინა ივანიშვილმა ყვირილი ატეხა დაგვიდასტუროს საიდან და რა კავშირიაო. ჩემთვის კონტრდაზვერვა ასოცირებულია იმ პერიოდთან, სადაც კა-გე-ბე იყო ქვეყნის მმართველი და თუ ვინმესთვის კონტრდაზვერვა ასოცირდება მაია პლისეცკაიას ფანკლუბთან, მაშინ ცხადია განსხვავევბული ხედვა გვექნება სხვა საკითხებზეც“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

ცისკარიშვილი ახლი თავდაცვის მინისტრს პირადად არ იცნობს, მაგრამ აინტერესებს ვინ არის იმ იდეის ავტორი, რომ ქვეყანაში შექმნილიყო არაკონსტიტუციური უწყება, რასაც ჰქვია უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

„ეს არის საფრთხის შემცველი სახელმწიფოსთვის, როგორც არაკონსტიტუციური სტრუქტურა და როგორც გაუგებარი ადამიანებით დაკომპლექტებული ორგანო. იქნებ, გვიპასუხოს ბატონმა პრემიერმა, ვინ ურჩია დაეწინაურებინა ეს პირი კონტრდაზვერვის შეფად და მერე წამოეყვანა როგორც პირადი მრჩეველი უსაფრთხოების მიზნით.

ერთი რამ ცხადია, მას მოუწია მთავრობის შეცვლილი პოზიციის გაჟღერება, რომ პარიზში არ მოწერილიყო ხელი არაფერზე, არ მგონია, რომ ეს იყოს ჯანელიძის ინიციატივა. მას ასეთი უფლებამოსილებები ქვეყანაში არ ექნებოდა. დიდი ალბათობით, ეს არის სხვა არხი. არც ის არის გამორიცხული, რომ ის იყოს არხის მეორე მხარეს როგორც ინფორმაციის მიმღები და არა რაიმე გადაწყვეტილების მიმღები“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.