ყველა მთავრობისგან ათვალწუნებული მცირე ბიზნესი

ყველა მთავრობისგან ათვალწუნებული მცირე ბიზნესი

ამ ქვეყანაში დრო და დრო რაღაც იცვლება, რაღაც გვარდება, მაგრამ მცირე ბიზნესისთვის წლიდან წლამდე ვითარება უცვლელია. მათთვის არც ერთ მთავრობას არასდროს სცალია. შესაბამისად, მცირე მეწარმეები ვერ უძლებენ უთანასწორო კონკურენციას და ხშირ შემთხვევაში საქმიანობას წყვეტენ.

„ჩვენთან მცირე ბიზნესს განსაკუთრებული ხელშეწყობა არასოდეს ჰქონია და ეჭვი მაქვს, რომ არც ექნება“, - ამბობენ წვრილი მეწარმეები. ვითარება უკვე დრამატულობის ჩარჩოებს გასცდა. მცირე საწარმოს გახსნას უკვე ყველა გაურბის.

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ  მიუხედავად ტოტალური უმუშევრობისა, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე 22 წელია მიტოვებულია ხელისუფლების მიერ.  ქვეყანაში ამ ბიზნესის განვითარების პოლიტიკა არ არსებობს. აქცენტი გადატანილია მონოპოლიურ სტრუქტურებზე.

„ამ პროცესის კულმინაცია იყო წინა ხელისუფლების საქმიანობა, რომელმაც ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებული გახადა და მცირე ბიზნესის სრული იგნორირება მოახდინა. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ 2 წლის განმავლობაში 4,5 მილიარდი ლარით გაიზარდა უმსხვილესი ფირმების შემოსავალი, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი იმავე დონეზე დარჩა. თუ ასე გაგრძელდება, არანაირი შანსი იმისა, რომ ქვეყანაში დასაქმება გაიზარდოს და სიღარიბე შემცირდეს, აღარ არსებობს. პროგრამები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს, მიზერულია და მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების შანსს არ აძლევს. ამიტომ რამე რადიკალურ ცვლილებებს სოციალურ-ეკონომიკური ფონის მხრივ ქვეყანაში არ უნდა ველოდოთ“, - აღნიშნავს გიორხელიძე.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა მთავრობას არაერთგზის მიმართეს თხოვნით. მათი აზრით, დღეს საქართველოში მცირემეწარმეობა უმძიმეს მდგომარეობაშია, არ სარგებლობს არანაირი შეღავათით და ამიტომ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვენ.

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, პირველ რიგში, საგადასახადო კოდექსია. მსხვილი და მცირე ბიზნესების ერთნაირი დაბეგვრა ამ უკანასკნელს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.

„შეიძლება ითქვას, საქართველოში მცირე მეწარმეობა არ არსებობს. 1998 წელს შექმნილი მცირე საწარმოთა ხელშეწყობისა და განვითარების ცენტრი ზურაბ ნოღაიდელმა 2006 წელს გააუქმა. მას შემდეგ ეს სექტორი არ ფინანსდება, რაც ბიზნესსექტორს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მსოფლიოში მშპ-ს 60-70% ამ დარგზე მოდის, ეს მაჩვენებელი ამერიკაში 90%-საც აღწევს, ხოლო საქართველოში 20%-მდეც არ არის“, - ამბობს საკანდელიძე.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა.  ამიტომ მცირე მეწარმეთა ასოციაცია ითხოვს, აღდგეს სტატუს-კვო, რაც მცირე მეწარმეობას 1998 წლამდე ჰქონდა. ანზორ საკანდელიძის ინფორმაციით, მცირე მეწარმეობის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს სესხებზე ხელმიუწვდომლობაც.

„სახელმწიფომ საბანკო სექტორსა და მეწარმეებს შორის შუამავლის ფუნქცია უნდა იკისროს, ვინაიდან საბანკო სექტორი ობიექტურად ვერ იქნება სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები, რომ სამეწარმეო საქმიანობა არ იყოს დაკავშირებული მნიშვნელოვან რისკებთან“, - აცხადებს საკანდელიძე და ამბობს, რომ ასოციაციამ პარლამენტში შეიტანა წერილი, რომელშიც ითხოვენ მცირე მეწარმეობის დაფინანსებას 20 მილიონი ლარით.

მსოფლიოში არსებული ბიზნეს სტრუქტურების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მცირე, საშუალო და წვრილ წარმოებაზე მოდის, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხვედრითი წილი საერთო მშპ-ში 50%-ზე მეტია.

- ევროკავშირში კერძო სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით 65% სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის;

- ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი 7 მილიონი სამუშაო ადგილიდან 2-3 მლნ მცირე ბიზნესზე მოდის;

- გერმანიაში ქვეყანაში 4,4 მილიონი მცირე საწარმოა და მათზე კერძო სექტორში დასაქმებულთა 70% და ქვეყნის დღგ-ს მთელი ბრუნვის 40% მოდის;

- დიდ ბრიტანეთში ქვეყნის 4,5 მილიონი კერძო საწარმოდან აბსოლუტური უმრავლესობა კერძო საწარმოა. ქვეყანაში დასაქმებულთა 60% და საქონლის მთელი ბრუნვის 50% მცირე და საშუალო საწარმოებზე მოდის;

საქართველოში კი ყველა სფეროში იგრძნობა, რომ მცირე ბიზნესის საქმე სულ უკან-უკან მიდის.