2015 წლის 1-ლი იანვრიდან, შესაძლოა, ხორცზე ფასი გაიზარდოს. ე.წ. HASSP-ის სისტემის ამოქმედება უკვე ბევრი მიმართულებით ქმნის პრობლემას. ჯერ იყო რძის პროდუქტების მწარმოებელ შიდამეურნეობებისთვის გახდა თავსატეხი, ახლა მეხორცეებისთვის იქცა დილემად.
2012 წელს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით, სასაკლაოებსა და რძის გადამამუშავებელ საწარმოებს 2015 წლის პირველი იანვრიდან, რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემის (HASSP) დანერგვის გარეშე მუშაობა აეკრძალებათ. ეს კი სასაკლაობეს და მათ ფინანსურ ხარჯს ეხება.
თუკი რძის პროდუქტების წარმოების შემთხვევაში HASSP-ის შეზღუდვა 2020 წლამდე არ შევა ძალაში (ოჯახური მეურნეობებისთვის), სასაკლაოებს დრო აღარ აქვთ. ამიტომ ბაზარზე რძე და ყველი ხელოვნურ გაძვირებას, შესაძლოა, გადაურჩეს, მაგრამ ხორცი უკვე სხვა საკითხია. საქმე ისაა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი მხოლოდ სასაკლაოების გავლით ხვდება. მათ კი HASSP-ი დანერგვა ევალებათ, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
„კომერსანტი“ რამდენიმე სასაკლაოს და რძის პროდუქტების მწარმოებელ კომაპნიას დაუკავშირდა. როგორც სასაკლაო შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი იოსებ კოხტაშვილი აცხადებს, HASSP-ის დანერგვა კომპანიას აუცილებლად მოუწევს, რაც გარკვეულ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. თუ ეს იქნება სოლიდური თანხა, რა თქმა უნდა, ხორცის ფასშიც აისახება და ბაზარზე ფასი გაიზრდება.
ხაშურის სასაკლაოს წარმომადგენელი კი განმარტავს, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად რას ითვალისწინებს HASSP-ის სისტემის დანერგვა, რის გაკეთება მოუწევს კომპანიას და რა ხარჯებთან იქნება ეს ყველაფერი დაკავშირებული.
რაც შეეხება რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, მათი განცხადებით, HASSP-ის სისტემის დანერგვა პროდუქციაზე ფასს არ გააძვირებს. კომპანია „მილკო ფუდის“ ხარისხის მენეჯერი თამაზ მახარაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას სისტემა უკვე 2007 წლიდან აქვს დანერგილი და ისინი სრულად არიან მზად კანონის მოთხოვნები დააკმაყოფილონ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე კი აცხადებს, რომ კომპანიებს HASSP-ის სისტემის დანერგვა ფინანსურად ცოტას დააზარალებს. ეს, სავარაუდოდ, 15 000 ევრომდე ჯდება, რაც პროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის და საბოლოო პროდუქტის ფასს გააძვირებს.
თუმცა ზამბახიძე აცხადებს, რომ ამ სისტემის დანერგვა კარგი იქნება კომპანიების კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისითაც.
2015 წლის 1-ლი იანვრიდან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობაში ახალი ცნება „აღიარების მოთხოვნა“ შემოდის. ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც აწარმოებს ან გადაამუშავებს ცხოველური წარმოშობის სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებას ექვემდებარება.
აღიარების ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების - HASSP-ის სისტემის არსებობა. ეს არის შიდა კონტროლის სისტემა, რომელსაც ბიზნესოპერატორი ნერგავს და იგი პასუხისმგებელია, შემდგომში ამ სისტემის ფუნქციობაზე.