„გაფრენილ ფასებს“ ადგილობრივი წარმოებაც ვერ დაიჭერს

„გაფრენილ ფასებს“ ადგილობრივი წარმოებაც ვერ დაიჭერს

[ეკა ბაქრაძე]

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ქვეყანა ინფლაციური პროცესების მოთოკვას ვერ ახერხებს. წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა 6%-ით გამყარდა, მაგრამ სურსათი 10%-ით გაძვირდა. ამიტომ ინფლაციასთან საბრძოლველად ხელისუფლებამ ახალი მეთოდი შეიმუშავა. ეს არის ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. თუმცა უცნობია რამდენად მოახერხებს ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას და მზრადი ფასებისთვის ლაგამის ამოდებას.

საბანკო სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ლარის კურსის გამყარება არ არის ის მთავარი ღონისძიება, რომელიც ფასებზე ადეკვატურ გავლენას მოახდენს. მათი აზრით, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ფასებთან პირდაპირ კავშირშია.

სპეციალისტების აზრით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებებით შესაძლებელია მხოლოდ ნეგატიური პროცესების შენელება ან სხვა მიმართულებით წარმართვა. რაც შეეხება ფასების ზრდის შეჩერებას, კურსის გამყარება ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა ერთადერთი.

ეკონომიკის ექსპერტის ავთო სილაგაძის თქმით, ფასების ზრდის შესაჩერებლად კურსის გამყარება არასაკმარისი ღონისძიებაა. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ეროვნული პროდუქციის წარმოებაა.

„ლარის კურსის გამყარება ფასებზე ადეკვატური გავლენის მომხდენი ვერ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ფასებიც უნდა იყოს პროპორციულად სტაბილური. ვფიქრობ, ლარის გამყარებასთან დაკავშირებით ხელოვნური ბერკეტებია ჩართული. ამიტომ ასეთი გამყარება ვერ მოახდენს ფასებზე გავლენას.

საერთაშორისო ტენდენცია ნამდვილად არის ანგარიშგასაწევი ფაქტორი, მაგრამ თუ გვინდა მაღალი ფასების შეჩერება, ერთადერთი გამოსავალი ეროვნული პროდუქციის წარმოების ზრდაა. უნდა მოხდეს ეროვნული წარმოების პროდუქტების მოდერნიზაცია. ამისთვის ახალი ტექნიკური საშუალებებია გამოსაყენებელი“, - აცხადებს სილაგაძე.

2011 წელს ხელისუფლების მიერ აღებული სასოფლო-სამეურნეო კურსი ადგილობრივი წარმოების ზრდასა და მხარდაჭერას გულისხმობს. ექსპერტთა მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ახალი ძალისხმევა ქართული სოფლის მეურნეობისა და ზოგადად საბაზრო ფასებისთვის სტიმულის მიმცემია. თუმცა, საბოლოოდ მაინც გარე ფაქტორებზე ვიქნებით დამოკიდებული.

„ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარე ფაქტორები ექსპორტის შესაძლებლობას აჩენს. სასურსათო პოტენციალის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განხორციელდება ეროვნული წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. ყოველ შემთხვევაში, მკაფიოდ გამოითქვა სურვილი. ცხადია, ხელისუფლების ამ კეთილი ნების მიღმა კონკეტული პროგრამა დგას. რაც შეეხება ფასებზე გავლენას, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მსოფლიო ტენდენცია თუ გაღრმავდა, რა დონეზეც არ უნდა განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, მაღალი ფასების გავლენას ვერ ავცდებით“, - აღნიშნავს ექსპერტი გიორგი ღაღანიძე.

ხელისუფლების მიერ აღებული სასოფლო-სამეურნო კურსის ეფექტურობა სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტ თამაზ კუნჭულიას ძალიან აეჭვებს. ამის საბაბად ის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელი სტრატეგიის უქონლობას ასახელებს.

„იმისთვის, რომ დავრწმუნდე სასოფლო-სამეურნეო პროექტების ეფექტურობაში, უნდა ვიცნობდე სოფლის მეურნეობის განვითარების აგრარულ პოლიტიკასა და ამის მიხედვით შემუშავებულ სტრატეგიას, რაც არ არსებობს. სტრატეგია უნდა იყოს ხალხთან შეთანხმებული და კანონმდებლობით დამტკიცებული. სანამ ის არ არსებობს, ვერ გეტყვით, რამდენად სწორად განხორციელდება სასოფლო-სამეურნეო პროექტები.

მდგომარეობა ძალინ რთულია. ჩემთვის უცნობია, სოფლის მეურნეობას რა მიმართულებით ვავითარებთ. საბჭოთა კავშირის დახურულ ბაზარზე მიბმული წარმოების ძველი სისტემა ჩვენთვის მომგებიანი იყო. დღეს, როცა მსოფლიო ბაზრის სუბიექტი გავხდით,სულ სხვა მიდგომებია საჭირო. ის, რაც ადრე იყიდებოდა, ახლა ვერ გავყიდით.

არსებული გარემოება ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რომ ქართველმა გლეხმა აგრობიზნესს მოჰკიდოს ხელი, მაგრამ ეს არის პირობა და არა რეალიზაცია. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მსოფლიოში იქნება სურსათზე დეფიციტი, ეს პროცესი უფრო და უფრო ღრმავდება. ფასების დაწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

რა დონეზეც არ უნდა განვითარდეს ადგილობრივი წარმოება, ფასი რაღაც ზღვარს რომ მიაღწევს, იმაზე დაბლა ვერ ჩამოვა. უმნიშვნელო ცვლილები, რასაკვირველია, იქნება.

ხალხს ვატყუებთ, რომ ევროპამ გაგვიღო კარი და 700 დასახელების პროდუქციის შეტანა შეგვიძლია. სინამდვილეში – არ შეგვიძლია, რადგან ამ პროდუქტებს ვერ ვამოწმებთ - ხარისხის დეფიციტია.

მაგალითად, ბაზარზე ადგილობრივი ჩაი შემოვიდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს იმ თვალსაზრისით, რომ არ არის მომწამვლელი,სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს, მაგრამ მისი გემო მაინც არ არის მოსაწონი.

სახელმწიფო სტრატეგია თუ არ შემუშავდა, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. ამიტომ არ მიმაჩნია საკმარისად ხელისუფლების ძალისხმევა“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის ექსპერტი თამაზ კუნჭულია.