ოჯახურ პირობებში დამზადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტები 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ბაზრობებსა და მაღაზიებშიც უპრობლემოდ გაიყიდება. მინიმუმ 5 წელი შედამუერნეობის ნაწარმს პრობლემა არ შეექმნება. შემდეგ კი რა იქნება მთავრობამ და ასოცირების ხელშეკრულებამ იცის.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ წვრილ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვა მაღაზიებსა და მარკეტებში 2020 წლამდე შეეძლებათ, თუმცა სასაკლაოებსა და რძის გადამამუშავებელ საწარმოებს 2015 წლის პირველი იანვრიდან, რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემის (HACCP) დანერგვის გარეშე მუშაობა აეკრძალებათ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კომპანიებისთვის HACCP-ის სისტემისთვის მზადება 2012 წლიდან დაიწყო და მისი დანერგვა არცთუ ცოტა ფინასნებს მოითხოვს. მათი განცხადებით, თანხის ოდენობა დამოკიდებულია საწარმოს ტიპზე, წარმადობაზე და ა. შ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ კომპანიებს HACCP -ის სისტემის დანერგვა ფინანსურად ცოტა დააზარალებს. მისი თქმით, ეს სავარაუდოდ 15 000 ევრომდე ჯდება, რაც პროდუქციის თვითღირებულებას გაზრდის და საბოლოო პროდუქტის ფასს გააძვირებს. თუმცა ზამბახიძე იქვე დასძენს, რომ ამ სისტემის დანერგვა კარგი იქნება კომპანიების კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისითაც.
ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მწარმოებლები, ვინც ახალ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, საბოლოო პროდუქციის გაყიდვას ვერც აგრარულ ბაზრებზე შეძლებენ, რადგან სურსათის უვნებლობა იქაც მოწმდება. ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას ვერ შეძლებენ ის სასაკლაოები და ნედლი რძის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც 1-ლი იანვრიდან რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემას არ დანერგავენ. მათ საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ. უპირველესად ეს მცირე ფერმერულ და საოჯახო მეურნეობებს შეეხება, რომლებიც რძისა და ხორცის, ზოგადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქციას სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში ვეღარ გაყიდიან.
ერთადერთი შესაძლებლობა, სადაც, ვთქვათ, ოჯახში ამოყვანილი ყველის ან შინ დამზადებული შაშხის გაყიდვას შეძლებენ, გარევაჭრობაა. თუმცა, გარევაჭრობა კანონით იკრძალება და ის მხოლოდ იქ ყვავის, სადაც რამე მოსაზრებით ამაზე თვალს ხუჭავენ.
„მეწარმეთა ერთი ნაწილისთვის შიდა კონტროლის დანერგვის ვალდებულება კანონმდებლობით დიდი ხანია არსებობს. HACCP-ის სისტემის დანერგვა საკმაოდ გრძელვადიანი პროცედურაა და 12 თვეს მოიცავს. პროცესი ორ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი არის პირობითი აღიარება, 12 თვის განმავლობაში კი მოხდება საწარმოს საბოლოო აღიარება.
პირველ ეტაპზე ბიზნესოპერატორს, რომლის წარმოება ისეა დაპროექტებული და აღჭურვილი, რომ თანამედროვე მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, ენიჭება პირობითი აღიარება. 12 თვეში კი წარმოებას უკვე HACCP-ის სისტემით გათვალისწინებული სტანდარტის დაკმაყოფილება მოუწევს. ვინც ამას ვერ შეძლებს, პროდუქციას ბაზარზე გასაყიდად ვერ გამოიტანს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა სოხაძემ.
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახურ რძეს და ყველს რამდენიმე წელი არაფერი ემუქრება. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეგულაციების ნაჩქარევი და არასწორი ინრტერპრეტირება ხდება. მოგვიანებით ირკვევა საქმის ნამდვილი არსი, შესაბამისად, ახალი ნორმის ამოქმედება რამდენიმე წლით იწერვს. ასე იყო ავტომობილების ტექდათვალიერების, სავალდებულო ავტოდაზღვევის შემოღებისას და ასეა ცხოველური წარმოების პროდუქტების შემთხვევაშიც. სურსათის ეროვნულ სააგენტო კიდევ ერთხელ აცხადებს მინიმუმ 5 წელი ოჯახური მეურნეობებს ნაწარმს პრობლემა არ შეექმნება.