ნუ დანებდებით...

ნუ დანებდებით...

ვის არ უჩხუბია და უკამათია... რა თქმა უნდა, საყვარელ მეუღლესთან. ყველაზე ახლოს თქვენთან ის არის და, ამიტომაც, ჯოხი ყველაზე ხშირად სწორედ მასზე ტყდება.

ზოგჯერ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ გექცევათ, ტყუილუბრალოდ გსაყვედურობთ, სიტყვაზე, წვრილმანებზე „გეკიდებათ”, – ერთი სიტყვით, მზად ხართ, გრანდიოზული სკანდალი წამოიწყოთ, ოღონდ კი საკუთარი სიმართლე და თავი დაიცვათ. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, თავს ვერ იკავებთ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვებისგან, რის გამოც, შესაძლოა, მერე ინანოთ კიდეც.

როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს „პროვოკაციაზე?” უნდა „გადავყლაპოთ” წყენა თუ, ვემზადოთ კონფლიქტებისთვის?!

არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ოჯახური სკანდალების მიზეზი ხშირად სასაცილო წვრილმანებია, რომლებსაც სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე და ცრემლიანი შედეგები მოაქვს. თუმცა, როგორ გინდა, შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა თავს გესხმიან?!

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენი ერთადერთი საღამოს ისეთ  გუნებაზე მობრძანდა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ სულ უბრალო მიზეზზე აფეთქდება. ასეთ დროს უმჯობესია, საერთოდ  დაანებოთ თავი. მთავარია, საბაბი არ მისცეთ, თქვენზე გადმოანთხიოს მთელი დაგროვილი ბოღმა. ის აუცილებლად ეცდება, „დუელში” გამოგიწვიოთ, მაგრამ, არ აჰყვეთ. დუმილი, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ღირებულია და ოქროზე მეტად ფასობს. არავითარი პასუხები მის რეპლიკებზე. ერთი თუ წამოგცდათ, მერე ამ ნიაღვარს ვერაფრით შეაჩერებთ.

ასე რომ, მხოლოდ დუმილი გადაგარჩენთ. თქვენ ხომ არ გინდათ, ისედაც დაღლილი, აქტიურ ჩხუბში ჩაებათ? ამიტომ, ნუ დანებდებით მის პროვოკაციას – ამით მხოლოდ მოიგებთ.