ხორბლის მოსავალი გაცუდდა, გაძვირება ჯერ არ დაწყებულა

ხორბლის მოსავალი გაცუდდა, გაძვირება ჯერ არ დაწყებულა

საქართველოშიც და მის ახლო-მახლო სამეზობლოშიც ხორბლის მოსავალი მოულოდნელად შემცირდა. გაზაფხულიდან მოყოლებული თითქოს მარცვლეულის მოსავალს კარგი პირი უჩანდა, მაგრამ გვალვიანმა ზაფხულმა და ნაადრევმა სიცივეებმა ყველაფერი უცებ შეცვალა. ახლა მთელი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ძლივს შემცირებული ფასი, ისევ მაღლა არ დაიძრას. ჯერჯერობით ვითარებას ჩრდილოამერიკული მარცვლეული აბალანსებს.

წელს საქართველოში მოსალოდნელზე 2-ჯერ ნაკლები ხორბლის მოსავალი მიიღეს. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, საქართველოში 150-170 ათას ტონა ხორბლის მოსავალს ელოდნენ, თუმცა გვალვების გამო, მისი მოცულობა 80 ათას ტონამდეა, რაც მთლიანი მოხმარების დაახლოებით 10%-ია.

საქართველოს ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოაქვს. წელს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ხორბლის კარგი მოსავალი იყო, თუმცა, ბოლო მონაცემებით, რუსეთმა ურალსა და ციმბირში უამინდობის გამო, მოსალოდნელზე 3 მლნ ტონით ნაკლები მოსავალი მიიღო.

ნაადრევი ყინვების გამო, მოსავალის, დაახლოებით, 15-20% დაკარგა ყაზახეთმაც. პრობლემებია ავსტრალიაშიც. ამ ფაქტორებმა მსოფლიო ბაზარზე, შესაძლოა, ხორბლის გაძვირება გამოიწვიოს. ლევან სილაგავა აცხადებს, რომ დღეისათვის 1 ტონა ხორბლის ფასი (ფოთამდე ტრანსპორტირების ჩათვლით) 260 აშშ დოლარია.

საქართველოში კი ჯერჯერობით ხორბლისა და ფქვილის გაიაფების ტენდენციაა. ასე რომ, წლევანდელი მცირემოსავლიანობა დიდი პრობლემას არ წარმოადგენს.

ბოლო ერთი წელია ფქვილი საგრძნობლად არის გაიაფებული და მისი გარკვეული ნიშნულით გაძვირება ბაზარზე გავლენას ვერ მოახდენს. 1 ტომარა ფქვილის ფასმა, დაახლოებით, 8-10 ლარით დაიკლო. 2013 წლის დეკემბერში 1 ტომარა ფქვილის ფასი 46-47 ლარს შეადგენდა, ახლა მისი ფასი 34-37 ლარამდე მერყეობს. შესაბამისად პურპრუდუქტებზე ფასის ცვლილების არანაირი საფრთხე არ არსებობს. მეპურეებმა საფასო პოლიტიკას რომ გადახედონ, ამისათვის 1 ტომარა ფქვილი 45 ლარამდე უნდა გაძვირდეს. ასეთი რამ კი, სულ მინიმუმ, რამდენიმე თვე მოსალოდნელი რ არის.

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან დიდი წილი იმპორტს უჭირავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტმა 27%-ით იკლო. შარშან საქართველოში 654,420 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, ანუ 243,166 ათასი ტონით ნაკლები. 2012 წელს ხორბლის იმპორტი 897,586 ათასი ტონა იყო.

ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 50%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. 2013 წელს ჩრდილოეთიდან საქართველოში 492,346 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, ხოლო 2012 წელს - 364,008 ათასი ტონა. იმპორტიორებს შორის მეორე პოზიციაზე ყაზახეთია, ხოლო მესამეზე - უკრაინა. 2012 წლის მონაცემებით კი, იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე ყაზახეთი, მეორეზე - რუსეთი, ხოლო მესამეზე - შვეიცარიაა. 2013 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ღირებულებამ 184,336.6 ათასი დოლარი შეადგინა, 2012 წელს- 239,953.1 ათასი დოლარი.