პენსია პენსიონერთა მხოლოდ 15%-ს გაეზრდება

პენსია პენსიონერთა მხოლოდ 15%-ს გაეზრდება

მთავრობამ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიტანა და ასეთი გეგმა წარმოადგინა: სექტემბრიდან სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 25 ლარი მოემატებათ, ხოლო პედაგოგებს - 50 ლარი. არადა, პენსიონერთა 700 000-იანი არმია გაისად პენსიის მცირედით მომატებას მაინც ელოდა, მაგრამ მათგან მხოლოდ 100 ათასს გაუმართლა. პედაგოგების მიმართულებით საქმე შედარებით უკეთესადაა.

2015 წლის 1-ლი სექტემბრიდან პენსია მხოლოდ სოციალურად დაუცველებს გაეზრდებათ. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მატების მაქსიმალური ზღვარი 25 ლარი იქნება.

„დაფინანსება ძალიან ბევრ უწყებას გაეზარდა, მათ შორის, ჯანდაცვის მიმართულება 25 მილიონით არის გაზრდილი, საიდანაც ნაწილი სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის მატებას მოხმარდება. ეს ქულების მიხედვით მოხდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 25 ლარი იქნება. გაზრდილ პენსიას სოციალურად დაუცველები 1-ლი სექტემბრიდან მიღებენ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინისტრი ადასტურებს, რომ პენსია 2016 წელსაც მოიმატებს, რაც ყველას შეეხება. კონკრეტულად რა მოცულობით გაიზრდება პენსიონერების ნაწილს პენსია, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. თანხის ზუსტ ოდენობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა სამინისტროს ინიციატივის შესახებ ბევრიც არაფერი იციან. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში პენსიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პარლამენტში ინფორმაცია არ აქვთ. საბიუჯეტო პროექტის კორექტირებულ ვარიანტს კანონმდებლები 5 ნოემბერს ელოდებიან.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე განმარტავს, მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში შევა, დეპუტატები გაეცნობიან თუ როგორ არის გაწერილი პენსიებთან დაკავშირებული საკითხი და რა მოტივაცია გააჩნია მასთან დაკავშირებით მთავრობას.

ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის შემოტანამდე კი ებანოიძე პენსიებთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს ვერ აკეთებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 696 ათასზე მეტი პენსიონერია. აქედან, გაზრდილ პენსიას 103 738 ათასი საპენსიო ასაკის მქონე სოციალურად დაუცველი პირი მიიღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა მხოლოდ 15%-ს გაეზრდება პენსია.

გარდა პენსიებისა, 2015 წლის პირველი სექტემბრიდან იგეგმება ხელფასების გაზრდა პედაგოგებისთვისაც. ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ყველა კატეგორიის პედაგოგებისთვის საბაზისო ხელფასი გაიზრდება 50 ლარით, თუმცა, როგორც ხადური ამბობს, პედაგოგებისთვის ხელფასის მატება იგეგმება თავად პედაგოგთა კატეგორიისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ფინანსთა მინისტრის თქმით, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლების ხელფასი პირველი სექტემბრიდან 200 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ დაიშურა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შევიდა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ბიუჯეტი დაახლოებით, 170 მილიონი ლარით გაიზარდა.

„უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ, დაახლოებით, 170 მილიონი ლარით გაიზარდა ბიუჯეტი პირვანდელ ვარიანტთან შედარებით. დაფინანსება გაეზარდა ძალიან ბევრ უწყებას. ჯანდაცვის მიმართულებით 25 მილიონი ლარითაა ბიუჯეტი გაზრდილი, აქედან ნაწილი სექტემბრიდან მოხმარდება სოციალურად დაუცველებისთვის პენსიის ზრდას“, - განაცხადა ხადურმა.

ეკონომიკური პროფილის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ბიუჯეტის გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი აზრით, დღეს საქართველოს ბიუჯეტს შესწევს უნარი, რომ ამ ორი მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდოს:

„განათლების სფეროში ყველანაირ მატებას მივესალმები, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტირება განათლებაში აუცილებელია. ასევე მატებაა საჭირო ჯანდაცვის კუთხით. რა თქმა უნდა, გამოწვევაა ის, რომ ამ მხრივ საკმაოდ სოლიდური ხარჯი გვაქვს, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ამის აუცილებლობა ნამდვილად არის.

მთლიანობაში ეს იქნება მასწავლებლების ხელფასები თუ საპენსიო მიმართულება, ამ ეტაპზე ბიუჯეტის სტრუქტურას მნიშვნელოვნად არ შეცვლის, უბრალოდ, გარკვეული ხარჯების გადანაწილებისთვის შიდა რესურსების გამონახვით, შესაძლებელი იქნება ამ მუხლების დაფინანსება. ამჯერად ბიუჯეტს არ აქვს იმის პრობლემა, რომ ასეთი ტიპის ხარჯების მიმართულებით წავიდეს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.