ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველადაა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზს აღემატება და წლის ბოლოს უკეთესი შედეგი ფიქსირდება, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით იყო ნავარაუდევი. 2014 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები, ამის თქმის საფუძველს იძლევა. იანვარ-სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,9 პროცენტს მიაღწია.
“საქსტატის” ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,1 პროცენტი, 2014 წლის III კვარტალში კი - 5,5 პროცენტი შეადგინა. პირველი ცხრა თვის მშპ-ს საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი კი, როგორც აღვნიშნეთ, 5,9%-ია.
წლის იანვარ-სექტემბერში საქონლის ექსპორტმა - 2 153,1 მლნ აშშ დოლარი, იმპორტმა - 6 223,3 მლნ დოლარი, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი 8 376,4 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობა წლის დასაწყისიდანვე 5%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა და იგივეს ვარაუდობს მომავალი წლისთვისაც, მაგრამ უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მეტს ელის. ირაკლი ღარიბაშვილის ვარაუდით, 2014 წელს ეკონომიკური ზრდის საერთო მაჩვენებელი 5%-ს გადააჭარბებს.
“მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონში ჩვენი ქვეყანა არის პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის - მეორე ადგილზე. რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის - Fitch და Moodys მიხედვით, საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში” 19 საფეხურით დავწინაურდით.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახდა უფრო ძლიერი და ეფექტური, საფინანსო ინსტიტუტები კი უფრო სანდო და წარმატებული”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მიუხედავად პოზიტიური შედეგებისა, ნაცმოძრაობა მაინც უკმაყოფილოა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშების მიხედვით, ღარიბ ქვეყნებს მიეკუთვნება და ამ მაჩვენებლით 119-ე ადგილზეა. მისი გაანგარიშებით, დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მშპ-ის გაორმაგებას 50 წელი დასჭირდება.
საქართველოს პრემიერს კი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმედი აქვს. “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე მსოფლიო ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციაში და ახალ პერსპექტივებს გაუჩენს როგორც საქართველოს, ისე იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესით არიან დაკავებული.
გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.
წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, 2003 წელს საქართველო ნომინალურ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 166-ე ადგილზე იყო, თუმცა ნელ-ნელა რეიტინგში მაღალ პოზიციაზე ინაცვლებდა და 2013 წელს, 3602 აშშ დოლარით, 136-ე ადგილი დაიკავა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 3597 აშშ დოლარის მშპ-თი საქართველო 116 ადგილს იკავებდა, ხოლო 2003 წელს, აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით საქართველო 129-ე ადგილზე იყო.
2013 წელს საქართველოს ნომინალური მშპ 26.8 მილიარდი ლარი იყო. მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე ნომინალურ მაჩვენებლებში 5983 ლარი (3597 აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო რეალურ მაჩვენებელში (2003 წლის ფასებში) 3345 ლარი (2011 აშშ დოლარი). 2003 წელთან შედარებით რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.7-ჯერ, ხოლო ნომინალური 3-ჯერ გაიზარდა.