საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აუკრძალა. იმ კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც არაპროფილურ აქტივებს ფლობენ, 30 კალენდარული დღის ვადაში ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინონ ბანკის არასაფინანსო სფეროდან ეტაპობრივი გამოსვლის დეტალური სტრატეგია. ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე აქვთ.
ბანკის ინფორმაციით, როგორც საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, ამ თემასთან დაკავშირებით ქვეყნების მიხედვით განსხვავებული მიდგომაა.
„დღეისათვის საქართველოში აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები შედარებით მცირეა. ბანკების მხრიდან არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვის მიმართ ეროვნული ბანკის ლიბერალური დამოკიდებულება ერთ-ერთი ნაწილი იყო იმ პოლიტიკისა, რომელიც 2008-09 წლების ფინანსური კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით შემუშავდა სხვადასხვა რეგულაციის შერბილებასთან ერთად.
ამ ეტაპზე, აღარ არსებობს მსგავსი მიდგომის შენარჩუნების აუცილებლობა და აღნიშნულმა პაკეტმა საკუთარი თავი მთლიანად ამოწურა. უძრავი ქონების სექტორის გაჯანსაღების ტენდენციამ და ბანკების არაპროფილური საქმიანობის მზარდმა მასშტაბებმა დღის წესრიგში დასვა საზედამხედველო მიდგომის ცვლილების აუცილებლობა.
ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვა ეროვნული ბანკის მიერ საშუალოვადიან პერსპექტივაში სექტორისათვის რისკიანად ფასდება. მსგავსი პრაქტიკა აჩენს ინტერესთა კონფლიქტის რისკს. აქვე აღსანიშნავია, რომ სებ-ი მიესალმება კომერციული ბანკის აქციონერების მხრიდან არასაბანკო სფეროში ინვესტიციების განხორციელების პრაქტიკას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება უშუალოდ ბანკების მიერ და ასევე არ წარმოქმნის დამატებით რისკს ბანკებისათვის“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში მოქმედი 21 კომერციული ბანკიდან არაპროფილურ აქტივებს ძირითადად ორი მათგანი ფლობს: „საქართველოს ბანკი“ 61 შვილობილი კომპანიის მესაკუთრეა, „თიბისი ბანკი“ კი - 10-ის.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100 პროცენტს ფლობს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისი აიში”, შპს “თელიან ველში” - 51,23%-ს, შპს “ინტერტურში” - 99,99%-ს, შპს “ჩემ კლინიკაში” - 51%-ს, “რეგიონის კავკაზუს ავტოჰაუზში” - 100%-ს, პროფესიული კალათბურთის კლუბ “დინამოში” - 100%-ს და ა.შ. ბანკს ასევე აქვს წილობრივი მონაწილეობა საქართველოს რეგიონებში განთავსებულ 11 სამედიცინო კლინიკაში.
“თიბისი ბანკი” ფლობს სალიზინგო კომპანია “თიბისი ლიზინგის” 89%-ს, არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება “თიბისი კრედიტის” - 75%-ს, საბროკერო კომპანია “თიბისი ბროკერის” - 100%-ს, “გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის” - 93%-ს, “უძრავი ქონების მართვის ფონდის” - 100%-ს, საბანკო სისტემების მომსახურების კომპანიის - 100%-ს, “თიბისი ფეის” - 100%-ს. ასევე, ისრაელში დარეგისტრირებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის კომპანია “თიბისი ინვესტს”.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების არაპროფილური აქტივების შესაძლო აკრძალვის შესახებ პირველად 13ოქტომბერს განაცხადა. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებდნენ.
ეროვნული ბანკის ინიციატივას არაპროფილური აქტივების შეზღუდვასთან დაკავშირებით დეველოპერული კომპანიები დადებითად შეხვდნენ. მათი უმრავლესობა აქტივების ფლობის საერთოდ აკრძალვის მომხრეც იყო.