ყირიმს კატასტროფა ემუქრება

ყირიმს კატასტროფა ემუქრება

რუსმა სწავლულებმა განგაში ატეხეს: შავი ზღვის ყირიმის სანაპიროსთან ქიმიური საბრძოლო მასალებით სავსე ასეულობით კონტეინერია ნაპოვნი.

სინჯებმა აჩვენა, რომ 1941 წელს ჩაძირული კასრები უკვე იშლება,  იქიდან გამოჟონილი მომწამლავი ნივთიერებები კი საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დიდი საფრთხეა ზოგადად ეკოლოგიისთვის.

ცნობილია, რომ ჩაძირულ კასრებში მოთავსებულია იპრიტი და ლუიზიტი. იპრიტი – საბრძოლო ტოქსიკური მომწამლავი ნივთიერებაა. სასუნთქი გზების დაზიანების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ფილტვების ანთება და რამდენიმე დღეში შედეგი – სიკვდილი. იპრიტის საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. ლუიზიტი კი  მდგრადი მომწამვლელი ნივთიერებაა. იპრიტისგან განსხვავებით, არ აქვს მომწამვლელი მოქმედების დამალული პერიოდი. მოწამვლის შემთხვევაში, მაშინვე იგრძნობა ტკივილი, შემდეგ ჩნდება ეგზემები, მძიმე შემთხვევაში კი კანზე წყლულები წარმოიქმნება.

უკრაინის მთავრობა ამ პრობლემას ჯერ კიდევ 2004 წლიდან იცნობდა.

ამჟამად რუსეთის მთავრობის დავალებით ეკოლოგებმა აკვატორიის დაზვერვა ჩაატარეს და ფსკერზე 500 კონტეინერი აღმოაჩინეს, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მონაცემები გაესაიდუმლოებინათ.

ორი თვის წინ სევასტოპოლის ნაციონალური უნივერსიტეტის ბირთვული ენერგიისა და მრეწველობის სწავლულთა ჯგუფმა ჩაატარა დაზვერვა. დახურული კვლევების დასკვნაში, რომელიც ხარკოვის სამეცნიერო ლაბორატორიის „სამხედრო კონვეიერი 43-ის“ მიერ ჩატარდა,

აღნიშნულია, რომ შავი ზღვის სანაპიროს 1 500 კვადრატულ კილომეტრზე აღმოჩენილია ცხრა რაიონი ჩაძირული კონტეინერებით, რომელთა რიცხვი 428 ერთეულია.

როგორც ეკოლოგიური საწარმო „სიტალის“ დირექტორმა, გენადი რუბლოვმა განაცხადა, წყლის სინჯებში დარიშხანის შემცველობის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ კასრებიდან მომწამლავი ნივთიერებები ჟონავს, რომელთა სრული დაშლა ჯერ არ მომხდარა. მათი ფსკერიდან ამოტანა კი, ტექნიკურად ძალზე ძნელია.