ასოცირების ვალდებულებამ „დუინგ ბიზნესში“ უკან დაგვხია

ასოცირების ვალდებულებამ „დუინგ ბიზნესში“ უკან დაგვხია

მსოფლიო ბანკმა „ბიზნესის წარმოების“ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა, ევროპისა და ცეტრალური აზიის რეგიონში კი ისევ პირველია. შეინიშნება რეიტინგული უკუსვლაც. მათ შორის, ყველაზე მნიშნელოვანი 16-პუნქტიანი ჩაჩოჩება გადასახადების ნაწილში.

მსოფლიო ბანკის რეიტინგთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი აზრით, ბიზნესის წარმოების სიმარტივის შესახებ საქართველოს პოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

„მეთოდოლოგია შეიცვალა. კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნიდან მიმართვიანობა იყო. მთელი რიგი კრიტერიუმებისა სხვაგვარად ჩამოყალიბდა. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს რეიტინგი მნიშვნელონად არ შეცვლილა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო იმავე კრიტერიუმების შკალაზეა, რომელზეც შარშან იყო.

„ისიც უნდა ითქვას, რომ ასოცირების ხელშეკრულებას უკავშირდება საქმიანი გეგმა, რომელითაც საკანონმდებლო პაკეტის დანერგვა გვაქვს გათვალისწინებული. პირდაპირ უნდა ვთქვათ - ეს გარკვეულ ცვლილელებს როგორც „დუინგ ბიზინესში“, ისე სხვა რეიტინგებში გამოიწვევს. ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება უარყოფითი მიმართულებით, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული რყევა იყოს და ძალიან ბუნებრივიცაა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძისთვის მინისტრის სიტყვები ვერაფერი ნუგეშია.

„გადასახადების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი გაუარესება - 16 პუნქტით. ყველაზე დრამატული ისაა, რომ საქართველოში ბიზნესს თითქმის ყოველდღიურად უწევს საგადასახადო თემაზე მუშაობა - 362 საათი წელიწადში მაშინ, როცა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში თითქმის შვიდჯერ ნაკლებია. მართალია, თვითონ გადასახადის ტვირთი, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია, მაგრამ რთულია გადახდის პროცედურები, რაც ადმინისტრირების პრობლემა უნდა იყოს და მას სჭირდება ყურადღების მიქცევა“, - აცხადებს შეშელიძე.

საპარალამენტო ოპოზიციის წევრი, დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი კი ამბობს, რომ „ბიზნესის კეთების“ რეიტინგის გაუარესება ხელისუფლების მცდარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია:

„ბიზნესის დაწყებაც კი გაუარესებულია, ისევე როგორც ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა, კრედიტის აღება, გადასახადების გადახდა, საგარეო ვაჭრობის სიმარტივე. ერთადერთი, რაშიც საქართველო დაწინაურდა, ესაა გაკოტრებასთან დაკავშირებული პუნქტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ მოამზადა 2012 წელს და ამოქმედდა 2013 წელს“, - აღნიშნა მელიქიშვილმა.

ამ მოსაზრებას არაფრით არ იზიარებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე. მისი ინფორმაციით, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი ადგილი უკავია.

„კვლევის მიხედვით, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. ამავე კვლევის მიხედვით, წინა წელს საქართველოს მე-14 პოზიცია ეკავა. საქართველოს პოზიციის 1 პუნქტით ცვლილება გამოწვეულია კვლევის მეთოდოლოგიაში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის მიხედვით რეიტინგი განისაზღვრება არა პროცენტული რანგირების მეთოდით, არამედ ქვეყნების დაშორებით საუკეთესო მაჩვენებლიდან. გარდა ამისა, გადაიხედა რეიტინგის კალკულაცია და კვლევას მიემატა ახალი მონაცემები ქვეკომპონენტების სახით“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მისივე ინფორმაციით, „Doing Business“-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა მსოფლიოში ქონების რეგისტრაციის კუთხით (99,88 ქულა). გარდა ამისა, საქართველო ოთხი კომპონენტით მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების პირველ ათეულში შედის. ეს კომპონენტებია: ქონების რეგისტრაცია (პირველი ადგილი), მშენებლობის ნებართვის მიღება (მე-3 ადგილი), ბიზნესის დაწყება (მე-5 ადგილი) და კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი).

ქავთარაძის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს შედეგი გაუმჯობესებულია კიდევ 3 კომპონენტში (ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიით მომარაგება, კრედიტის მიღება) და მათ შესაბამის ქვეკომპონენტებში, რაც დასტურდება მინიჭებული (გაზრდილი) ქულებით, თუმცა საქართველოს პოზიციაზე რეიტინგში ეს დადებითად ვერ აისახა მეთოდოლოგიის ცვლილების გამო.

„დუინგ ბიზნესის“ კვლევის მიხედვით, საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ესტონეთი (17), შვეიცარია (20), ავსტრია (21), ლატვია (23), ლიტვა (24), ჰოლანდია (27), იაპონია (29), ბელგია (42), სომხეთი (45), თურქეთი (55), რუსეთი (62), მოლდოვა (63), აზერბაიჯანი (80), უკრაინა (96) და სხვა.

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც გადაგვისწრო არის ირლანდია. მისი შედეგი 0.59 მეასედი ქულით აღემატება საქართველოს შედეგს (80.07 ქულა).

კვლევის მიხედვით, საქართველომ 2005 წლის შემდეგ რეგიონში ყველაზე მეტი, 36 რეფორმა განახორციელა, რაც რუანდის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.