ფოსტის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და დაპირისპირებამ უკვე პიკს მიაღწია. საერთაშორისო გადამზიდავებმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართეს - “დიეიჩელმა” და “ტეენტემ” ერთდღიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
გადამზიდავების აზრით, ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტით “ფოსტის შესახებ” ევროკავშთან ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
კომპანიების მენეჯერები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ევროკომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და კანონპროექტში “ფოსტის შესახებ” შესაბამისი ცვლილებები შევა. სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ კომპანიების წარმომადგენლებს მომავალ კვირას პირადად შეხვდება.
“კომპანიების სათავო ოფისებმა ჩართეს ჩვენს მხარდასაჭერად ლობისტური კომპანია, რომელიც ევროპაში ყველა გადამზიდავების უფლებებს იცავს. ეს არის ექსპრესგადამზიდავთა ასოციაცია. ამ ორგანიზაციამ ჩვენი კომპანიების თხოვნის საფუძველზე მიმართა ევროკომისიას და მოიპოვა პირველადი დოკუმენტაცია, სადაც მითითებული იყო, რომ შეთანხმება შედგა ეკონომიკის სამინისტროსა და ევროკომისარს შორის, სადაც უწყებამ აღიარა, რომ ხელშეკრულება ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას”, - აცხადებს “ტეენტეს” ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი.
მისი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ამ პირობის შესახებ მან დეტალური წერილი ექსპრესგადამზიდავთა ასოციაციისგან მიიღო:
“ამის შემდეგ ეკონიმიკის სამინისტრომ გადაამუშავა ეს კანონპროექტი და ეს შეთანხმება არ გაითვალიწინა. შესაბამისად, ჩვენ ვაცნობეთ კომპანიის სათავო ოფისს, რომ გაფიცვა მოხდება საქართველოში. ისინი მხარს გვიჭერენ და ლობისტური კომპანია ევროკომისიაში დაიცავს ჩვენს უფლებებს. მე შეთნხმებულად ვმოქმედებ ევროსაბჭოსთან. ჩვენი გაფიცვა გამოძახილია იმისა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ქართული მხარე დათანხმდა, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა”, - ამბობს მენთეშაშვილი.
გადამზიდავი კომპანია “სტარ გრუპის” დამფუძნებელი თეა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქართულ კომპანიის ზარალი 2 მილიონ ლარს აღწევს და ამ ფონზე არც ისე ძნელი წარმოსადგენია თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს ისეთი გადამზიდავების ზარალი, როგორებიცაა “დიეიჩელი” და „ტეენტე”.
კანონპროექტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტიც ეწინააღმდეგება, მათ შორის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც”, რომელმაც შეისწავლა საკითხი და პროექტით შემოთავაზებულ რეგულაციებსა და საქართველოს კანონმდებლობას შორის სერიოზული შეუსაბამობა აღმოაჩინა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” მიაჩნიათ, რომ აღნიშნული წესი უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზეც, რაც არაა შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან. ორგანიზაციის იურისტის ნათია კუტივაძის აზრით, ახალი რეგულაციებით მოხდება სამართლიანი კონკურენციისთვის გზის გადაკეტვა და მხოლოდ ერთი კომპანიის ჩადგება უპირატეს მდგომარეობაში. ფაქტობრივად, ეს არის კანონისმიერი მონოპოლიის დამკვიდრება.
ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების გაფიცვას უცნაურად მიიჩნევს. მისი ინფორმაციით, ფოსტის შესახებ კანონზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის. კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მზად არის, კერძო სექტორის ინტერესი გაითვალისწინოს. მინისტრი კანონპროექტთან დაკავშირებით კომპანიების წარმომადგენლებს მომავალ კვირას პირადად შეხვდება.
“ჩემთვის ცოტა უცნაურია გაფიცვის ფორმა, ვინაიდან ამ საკითხზე მუშაობა არ დაგვისრულებია. ვესაუბრე კომპანიების წარმომადგენლებს და მომავალი კვირის დასაწყისისთვის დავნიშნეთ შეხვედრა. მათ პირადად შევხვდები და კანონის მუხლობრივი განხილვა გვექნება. ვფიქრობ, ამის შემდეგ ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნება.
სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს და ყოველთვის ითვალისწინებს კერძო სექტორის ინტერესებს. ვფიქრობ, დღეს გაფიცვა არ იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, ჩამოყალიბებული არ არის საბოლოო ვერსია”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.