ცხვარი არის, მყიდველი - არა

ცხვარი არის, მყიდველი - არა

თუში მეცხვარეები დახმარებას ითხოვენ. ზამთრის წინ მათ ცხვარი საკმაო რაოდენობით ჰყავთ, მაგრამ მყიდველი არ ჩანს. ამდენი საქონლის გამოზამთრება კი ძალინა გაჭირდება. მით უმეტეს, რომ წელს პირუტყვის საკვების დეფიციტიცაა. მეცხვარეებს იმედი ჰქონდათ, რომ შემოდგომაზე ნასუქ საქონელს გაყიდიდნენ, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. ბოლო წლებში მუშტარი ისედაც ცოტა იყო და ახლა საერთოდ დაიკარგა. ცხვრის ექსპორტში შუამავლების გამოჩენამ და სარეალიზაციო პროდუქტის გაძვირებამ უცხოელები დააფრთხო.

მეცხვარეები ბოლო დროს ცხვარს ვერ ყიდიან და ათასობით სული გასაყიდი ჰყავთ. ამბობენ, რომ თუ უწინ არაბები მათგან საქონელს 100-120 დოლარად ყიდულობდნენ, ახლა ისინი საერთოდ არ ჩანან.

„ალვანელი თუშები ცუდ დღეში ვართ. ათეულობით მწყემსი მყიდველს ამაოდ ელოდება. ლამის ერთი თვეა მყიდველი არ გამოჩენილა. ადრე არაბები ჩამოივლიდნენ და ძალიან კარგ ფასში მიჰყავდათ ცხვარი და ეს ჩვენთვისაც შეღავათი იყო, რადგან კლიენტის ძებნა არ გვიწევდა. რამდენიმე ხანია, სოფელ თელეთთან ახლოს ტერმინალი გაიხსნა, სადაც ჩვენგან ნაყიდ ცხვრებს კლავენ. ადრე, ყოველ შემოდგომაზე, თავად არაბები ჩამოივლიდნენ და 100-120 დოლარად მიჰყავდათ. შემდეგ ამ ბიზნესში ადგილობრივი აზერბაიჯანლები ჩაერთვნენ, ისინი ჩვენგან ბატკანს გაცილებით დაბალ ფასში 100 ლარად ყიდულობდნენ და არაბებს ისევ ძველ ფასში, 100-120 დოლარად ჰყიდიდნენ.

აზეირბაიჯანელებმა ბიზნესი აიწყვეს, ოღონდ ჩვენს ხარჯზე. არაბებსაც ხელს აძლევთ ასეთი ვაჭრობა - ისევ ძველ ფასში ყიდულობენ ცხვარს და ტრანსპორტის ხარჯიც არ აქვთ. აზერბაიჯანელები ჩვენამდე არ უშვებენ არაბებს, რათა თავად იხეირონ, ჩვენ კი წაგებაში ვართ.

ახლა კი მუშტარი საერთოდ არ ჩანს. ვერ გავარკვიეთ, რატომ? მისაღებ ფასზე ლაპარაკი არც არის უკვე. ათასობით ბატკანი გვყავს გასაყიდი. ბოლოს, ალბათ, თვენახევრის წინ, საუკეთესო, ნარჩევი ბატკანი 150 ლარად გაიყიდა, ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა წაიყვანეს. ეს იყო და ეს. მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. მწყემსები ერთმანეთს ვუკავშირდებით და ვეკითხებით, მუშტარი ხომ არ გამოჩენილა, მაგრამ უშედეგოდ. რა ვუყოთ ამდენ ცხვარს, არ ვიცით“, - აცხადებს „ბიპიენთან“ საუბრისას მეცხვარე გელა ფილიძე.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის ბექა გონაშვილის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ქართული ცხვარი 12 ბაზარზე გადიოდა, ახლა თითქმის ყველა დაკარგულია. სომხური ცხვარი შემოდიოდა საქართველოში და აქედან, როგორც ქართული ცხვარი ისე გადიოდა ჩვენ მიერ ათვისებულ ბაზრებზე და თან ბევრად უფრო იაფად. ჩვენი მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და დროთა განმავლობაში, დაგვრჩა ერთადერთი - აზერბაიჯანის ბაზარი. გონაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში მესაქონლეობას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

2013 წელს საქართველოდან 155 ათას სულამდე ცხვარი გავიდა სწორედ აზერბაიჯანში გავიდა, 750 სული - ირანში, ხოლო 20 ათასამდე კი - იორდანიაში.

ხელისუფლებაში ქართულ ცხვარზე ინტერესის შემცირებას მისი სიძვირით ხსნიან. მეცხვარეები კი განმარტავენ, რომ თვითღირებულებაში დიდ როლს თამაშობს საძოვრებზე არსებული მაღალი გადასახადი. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან მეცხვარეთა 70%-ს არ გააჩნია საკუთარი საძოვრები. გარდა ამისა, არსებობს ლოგისტიკური პრობლემები, რაც ფასზე აისახება. ოფიციალური ინფორმაციით, 2012-13 წლებში ცხვრის ექსპორტი 18 მილიონიდან 15,5 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი - 1,5 მილიონი დოლარიდან 900 ათას დოლარამდე. კიდევ უფრო მძიმე სტატისტიკა იქნება 2014 წელს. მწყემსების ინფორმაციით, წლევანდელი შედეგი ყველაზე სავალალოა.

საქართველოში არსებული ცხვრის 80-85% თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია, ის ხალხური სელექციით მე-13-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მატყლი ძვირფასი ნედლეულია ხალიჩებისა და სხვა სახეობათა მოთელილი ნაწარმის დასამზადებლად. მოზარდი ცხვრის წონა 70-75, ნერბებისა კი 40-45კგ-ია.