6-წლიანი პაუზის შემდეგ გუშინ მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელება „აეროფლოტმა“ დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას დიდი მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილება მოჰყვა როგორც ავიატორებში, ასევე პოლიტიკოსებში.
ავიაკომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავით, მოსკოვში თბილისიდან ასი მგზავრი ჩავიდა. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელი ალექსეი რუდიხი აღნიშნავს, მომდევნო დღეებში 70-იდან 100-მდე მგზავრს ელოდებიან.
„ჩვენმა ავიაკომპანიამ განაახლა რეისები მარშრუტით მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი. იმედი გვაქვს, მგზავრები ჩვენი შეთავაზებით, პროდუქტითა და სერვისით კმაყოფილები დარჩებიან. ჩვენ ვასრულებთ ყოველდღიურ რეისებს 25-ნოემბრამდე დადებული შეთანხმების საფუძველზე“, - განაცხადა „აეროფლოტის“ წარმომადგენელმა.
ფრენის განახლების აღსანიშნავად ავიაკომპანიამ პრეზენტაციაც გამართა. ღონისძიება აეროპორტში მოეწყო. „დიდი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა „აეროფლოტი“. ჩვენთვის, ოპერატორი კომპანიისთვის, ნებისმიერი ავიაკომოანია მნიშვნელოვანია, რომელიც ამ სიხშირით, რა სიხშირითაც „აეროფლოტი“ აპირებს -კვირაში 7-ჯერ იფრენს, რეგულარულ რეისებს შეასრულებს მოსკოვის მიმართულებით. იმედია, ქართველი მგზავრებისთვის უფრო კომფორტული იქნება მოსკოვში გადაადგილება“, - აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე.
რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ შემოსვლასთან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და ამასთან დაკავშირებით განმარტება ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ავიარესიებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება შედგა და პარიტეტი რეისების რაოდენობაზე დაცული იქნება.
„ეს არის ჩვეულებრივი მოლაპარაკებები, რომელიც იმართება ნებისმიერ ქვეყანასთან - ორმხრივი მოლაპარაკებები, როდესაც განისაზღვრება სიხშირეები და ამ მიმართულებით ჩვენ ჩამოვყალიბდით. 14 სიხშირე იყოს ერთი მხრიდან და 14 მეორე მხრიდან, ანუ საქართველოს კომპანიები აბსოლიტურ პარიტეტში იფრენენ რუსეთის მიმართულებით რუსული კომპანიების პარალელურად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, „აეროფლოტზე“ ბილეთის ფასი 180 ლარიდან (ეკონომკლასი) 2330 ლარამდე (ბიზნესკლასი) მერყეობს. ამჟამად მოსკოვის მიმართულებით ფრენებს კიდევ 2 ავიაკომპანია, „აირზენა“ და „სიბირის ავიახაზები“ ახორციელებენ. „აირზენას“ შემთხვევაში ბილეთის ფასი 560-580 ლარიდან (ეკონომკლასი) 1520 ლარამდე (ბიზნეს კლასი) მერყეობს, ხოლო „სიბირის“ ფასი 560-580 ლარიდან (ეკონომკლასი) 2000 ლარამდე (ბიზნესკლასი) მერყეობს.
„აირზენას“ გენერალური დირექტორი იასე ზაუტაშვილი „აეროფლოტის“ საფასო პოლიტიკასაც აფასებს და აცხადებს, რომ ის საფასო პოლიტიკა, რომელსაც გვთავაზობს „აეროფლოტი“, მიმართულია, რომ ბაზარი სრულად დაიკავოს.
„დღეს ის მოსკოვის მიმართულებით დაფრინავს, შემდგომში, ალბათ, სხვა მიმართულებებითაც დაინტერესდება, ამ პირობებში ყველაზე დიდი დარტყმა ადგილობრივ ავიაკომპანიებზე მოდის. აუცილებელია, დაცული იყოს პრიოტეტის პრინციპი, თორემ იმის ამბიცია არავის აქვს, რომ ერთი პატარა კომპანია „აირზენა“ ან სხვა რომელიმე ქართული კომპანია რამენაირად კონკურენციას გაუწევს ისეთ დიდ კომპანიებს, როგორიც არის „აეროფლოტი“, „თურქეთის ავიახაზები“ თუ სხვა“, - აცხადებს ზაუტაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ ის ავიაკომპანიები, რომლებიც ნებისმიერი მხრდიან სახელმწიფოში სუბსიდირებას იღებენ, უკვე გარკვეულწილად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებენ სხვა ქვეყნის ავიაკომპანიებს.
ზაუტაშვილი აცხადებს, რომ „აეროფლოტი“ დოტაციურია რუსული ხელისუფლების მხრიდან და ადგილობრივმა ავიაკომპანიებმა, რაც არ უნდა გაიჭირვონ და 30 დოლარით და მეტით ქვემოთ დაწიონ ბილეთის ფასი, რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტს“ ყოველთვის ექნება საშუალება, ფასი ქართულზე ნაკლები დააწესოს.
„აეროფლოტის“ შემოსვლას, რასაკვირველია, აპროტესტებს ნაცმოძრაობა. „მოგეხსენებათ, 2006 წელს აღდგა ფრენები თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ხელშეკრულების, „საქართელოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საფუძველზე, რომლის მე-14 მუხლი იცავდა ქართული მხარის უფლებებს გამოხატულს პარიტეტში (ამ შემთხვევაში გადაწყდა 10 რუსული კომპანიის რეისი, 10 - ქართული). ფრენა 2008 წელს შეწყდა. 2010 წელს აღდგა მხოლოდ ჩარტერული რეისები, პარიტეტი აქაც დაცული იყო. სულ ხორციელდებოდა 20 რეისი.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე კი ბატონმა აბაშიძემ შესთავაზა რუსულ მხარეს ფრენების აღდგენა 2006 წლის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა რუსულმა მხარემ მოითხოვა, ამ შემთხვევაში არ ამოქმედებულიყო მე-14 მუხლი პარიტეტის შესახებ. აბაშიძე ამ მოთხოვნას დათანხმდა. დასტურად, ქართულმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან გააგზავნა ნოტა, სადაც გამოხატა მზადყოფნა, უპირობოდ შემოეშვა საქართველოში რუსული ავიაკომპანიები. საქართველოში ფრენის სურვილი 26-მა რუსულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელთა შორის არის ევროპის სანქციებში მოყოლილი კომპანიები, რომელთაც ევროპის ბაზარზე აღარ უშვებენ“, - აცხადებენ ნაცმოძრაობაში.