მსხვილფეხა ცხოველებს ახალი სენი მოერია

მსხვილფეხა ცხოველებს ახალი სენი მოერია

თითქოს გვიან შემოდგომასა და ზამთარში შინაურ ცხოველთა დაავადებები იკლებს, მაგრამ რატომღაც სწორედ ახლა გამოჩნდა უცნაური სენი, რომელმაც მსხვილფეხა პირუტყვის დაცემა გაუმოიწვია. ვაქცინა კი საქართველოში არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკება საჭირო პრეპარატის შემოტანასთან დაკავშირებით.

კვანძოვანი დერმატიტი - ასე ჰქვია ახალ დაავადებას, რომელიც პირველად დედოფლისწყაროში გამოვლინდა. ცხოველები პირველად აზერბაიჯანში დაავადდნენ, შემდეგ კი ირანში, სირიაში, ეგვიპტეში, თურქეთსა და საქართველოში გავრცელდა. დაავადება მწერებს და მკბენარებს გადააქვთ. ის ცხოველიდან ცხოველზე პირდაპირ არ გადადის და არც ადამიანებზე ვრცელდება.

კვანძოვანი დერმატიტი ლიმფური კვანძების გადიდებას და გამონაყარს იწვევს. ცხოველს უჭირს ღეჭვა და ყლაპვა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე ჩაატარა მონიტორინგი. გარკვეული ზომები მიღებულია და ცხოველები მწერების წინააღმდეგ დამუშავებულები არიან. ასევე, გაცემულია მეთოდური მითითებები მოსახლეობის მიმართ. დაავადების ქვეტიპს კი ლაბორატორია გამოიკვლევს.

საქართველოს მთავარი ვეტერინარის, მიხეილ სოხაძის თქმით, დაწყებულია შესაბამისი ვაქცინის ძებნა, რათა არ მოხდეს დაავადების გავრცელება სხვა რეგიონებშიც. პრევენციის მიზნით, ვეტერინარულმა სამსახურმა შეამოწმა ქვეყანაში არსებული ცხოველთა ბაზრობები.

სურსათის უვნებლობის სამსახურს ასეთი ტიპის ცხოველთა ბაზრობებისთვის რამე სახის მოთხოვნა არ აქვს. საქართველოს მთავარი ვეტერინარი ამბობს, რომ ქვეყანაში 2007 წლიდან აღარ არსებობს კანონი, რომელიც ცხოველთა ბაზრობებს, იქ არსებულ სტანდარტებს და დაავადების გავრცელების პრევენციის მეთოდებს გააკონტროლებს. ამიტომ დაავადების გავრცელების თავიდან აცილებაზე თავად ბაზრობის მეპატრონემ და მყიდველმა უნდა იზრუნონ.

ყველაზე მეტად დაავადება კახეთში გამოვლინდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პირუტყვი რამდენიმე დღის განმავლობაში კვებაზე უარს ამბობს, არანაირი წამალი არ შველის, შემდეგ კი ეცემა. მოსახლეობა რძის პროდუქტების მოხმარებისგან თავს იკავებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქურდოვანიძე ამბობს, რომ დაავადება არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. მისი გადამტანი მწერები არიან.

„ჩვენ ვატარებთ საჭირო ღონისძიებებს სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მწერების გავრცელება არ მოხდეს. ასევე ვამუშავებთ საქონელს საჭირო საშუალებებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გავრცელების რისკს“, - აღნიშნავს ქურდოვანიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ ეტაპზე დაავადება საქონლის 2-10%-შია გავრცელებული. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებელია პირუტყვის დაცემის თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ზუსტი დიაგნოზი დადგინდება, პირუტყვს შესაბამისი ვაქცინაცია ჩაუტარდება. ჯერჯერობით კი ვაქცინა საქართველოში არ არის, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკება საჭირო პრეპარატის შემოტანასთან დაკავშირებით.

დაავადების გაჩენის მიზეზებზე საუბრისას ქურდოვანიძე სხვადასხვა ფაქტორზე აკეთებს აქცენტს: „ძალიან დიდი გვალვა იყო, თანაც ფართობების გაუდაბნოება მიმდინარეობს, კლიმატი შეცვლილია და ისეთი ფლორა და ფაუნა გაჩნდა, რაც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო“.

რაც შეეხება საქონლის ხორცის რეალიზაციას, ქურდოვანიძის თქმით, დაავადებული საქონლის ხორცი სარეალიზაციოდ ვერ გავა, რადგან საქონელი აუცილებლად სასაკლაოზე უნდა დაიკლას. ხორცის რეალიზაციის ყველა ობიექტი ვალდებულია არ მიიღოს საქონლის ხორცი ფორმა N2-ის გარეშე. რაც შეეხება ავადმყოფი საქონლისგან მიღებული რძე და მისგან დამზადებული რძის პროდუქტებს, იგი საშიში არ არის.