მთავრობის შეთავაზებები ინვესტორებს

მთავრობის შეთავაზებები ინვესტორებს

საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარია ჩამოსული. საერთაშორისო ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ეხება. კონკრეტულად კი, საუბარი წარმოებს ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და საცალო ვაჭრობის საკითხებზე.

საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გაიხსნა. ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრებს ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრა და ქვეყანაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს აქვს სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ჩვენ ვართ საკვანძო პლატფორმა აბრეშუმის გზისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის აღსადგენად“,- განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კუთხით, უშუალო მეზობლებთან ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცებულია, ერთგვარი წარმატება მიღწეულია რუსეთთანაც, რაც დაძაბულობის დეესკალაციასა და ვაჭრობის განახლებაში გამოიხატება.

პრემიერის განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმზიდველობას და ქმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

„წინასწარი პროგნოზით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა გაზრდის საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით, რაც, ამავე დროს, ნიშნავს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმა აღმოსავლეთის ქვეყნებთან საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ახლო მომავალში ჩინეთში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა.

„რამდენიმე თვეში ვესტუმრები ჩინეთს. სულ უფრო მეტი ქართველი მიემგზავრება იქ განათლების მისაღებად და სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია ახორციელებს საქმიანობას ჩვენთან. ჩვენი თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რეგულარულ ხასიათს ატარებს. ჩვენი ურთიერთობები ყაზახეთთან განსაკუთრებით მჭიდროა. შუა აღმოსავლეთის ბევრი კომპანია ახორციელებს აქტიურ ინვესტიციებს საქართველოში და ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დღითიდღე ღრმავდება. რამდენიმე თვის წინ ვიზიტით ვიმყოფებოდი გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, რომლებთანაც აქტიური და რეგულაური გაცვლა-გამოცვლა გვაკავშირებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის კონკრეტული ინიციატივებიც წამოიწყო, რომელთა მიზანი რისკების შემცირება და ამონაგების გაზრდაა. საუბარია, საქართველოში უცხოური ინვესტიციების დასაფინანსებლად დაარსებულ საჯარო და კერძო საინვესტიციო ფონდებზე, რომელთა განკარგულებაშიც მილიარდობით ლარია.

„ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, შეიძლება ჰქონდეს ყველაზე დაბალი გადასახადები მსოფლიოში და ბიზნესისათვის სხვა წამახალისებელი ფაქტორები, მაგრამ ინვესტორები, ყოველ შემთხვევაში, სასურველი ინვესტორები, არ შევლენ ქვეყანაში, თუ იქ არ სუფევს კანონის უზენაესობა. ჩვენ დავაბრუნეთ კანონის უზენაესობა საქართველოში და მე ამით ვამაყობ. ჩვენ უკომპრომისო ბრძოლა გამოვუცხადეთ კორუფციას და წერტილი დავუსვით თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. საქართველო არა მხოლოდ ღია, არამედ უსაფრთხოც არის ბიზნესისათვის“,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი და პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში ევროპის ქვეყნების მსგავს უსაფრთხო გარემოს სთავაზობს.

„საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის, როლის განსამტკიცებლად ჩვენ დავადგინეთ პრიორიტეტული სექტორები, რომლებიც განვითარებასა და ინვესტიციებს საჭიროებს. ეს არის ტრანსპორტი, წარმოება, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტურიზმი... 2015 წელს დაგეგმილია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს და უზრუნველყოფს ეფექტიან და სწრაფ სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებს აზიასა და ევროპას შორის“,- აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ შიდასარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რომელთა მეშვეობითაც სარკინიგზო გადაზიდვების სისწრაფე მოიმატებს 50%-ით, ხოლო გადაზიდვების მოცულობა გასამმაგდება. ამჟამად კი უკვე ხორციელდება საქართველოს გავლით ახალი გზატკეცილის მშენებლობა. საქართველოს პორტებზე მოთხოვნის გაზრდის გამო ხელისუფლება ახორციელებს ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ანაკლიაში, რომელიც ყოველწლიურად მიიღებს 100 მილიონ ტონა ტვირთს. პროექტში მონაწილეობის სურვილი მსოფლიო მასშტაბით 12 კონსორციუმს აქვს გამოთქმული და ამჟამად, ხელისუფლება ამ შეთავაზებებს იხილავს.

„საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება, რათა დააკავშიროს აზია, ევროპა და შუა აღმოსავლეთი და გააფართოვოს ვაჭრობა ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორემდე. აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ. პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისთვისაც, თუმცა პოტენციალის რეალობად ქცევა დიდ ძალისხმევას ითხოვს. საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა გზაჯვარედინზე და წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში“,- აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერმა „აბრეშუმის გზის“ საკითხით დაინტერესებულ ქვეყნებს 2015 წელს სპეციალური ფორუმის გამართვაც შესთავაზა და ამ მიზნით საქართველოში მოიწვია.

ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი ჟანგი იყო. მან საკუთარ გამოსვლაში, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„2007 წელს ჩამოვიდა საქართველოში აზიის განვითარების ბანკი და გაოცებული ვართ იმ შედეგით, რაც ამ წლების განმავლობაში საქართველოში მოხდა. ლიბერალიზებულია სავაჭრო პოლიტიკა, გამარტივებულია საგადასახდო სისტემა, დაუღალავი ბრძოლა მიმდინარეობს კორუფციასთან, საქართველომ ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელი 6%-მდე გაზარდა, შექმნა შესანიშნავი კონკურენტუნარიანი გარემო. 2013 წელს აზიის ბანკმა ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა იწინასწარმეტყველა, რაც რეალობად იქცა. ზრდის მამოძრავებელი ძალა გახდა ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად მდგრადად ვითარდება და სტაბილურ საფუძვლებს ემყარება“,- განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ საქართველო გასაოცრად ღიააა ინვესტიციებისთვის. მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საქმიანობას აფართოებს და კონკრეტული პროეტებით კერძო სექტორის განვითარებას მეტად დაეხმარება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფორუმზე დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორებს დიდი ინტერესი აქვთ.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორი გამოიკვეთა, რომელიც ინვესტორებისთვის არის საინტერესო. ტრადიციულად, ეს არის ენერგეტიკის სექტორი, წარმოება, ტურიზმი და სასტუმროების სექტორი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფინანსური სექტორი, სოფლის მეურნეობა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან მაღალია ინტერესი. ჩვენ მათ ვაცნობთ იმ რეფორმებს, რომელიც საქართველომ გაატარა. ასევე, ვაცნობთ იმ გეგმებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებაში. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო სტუმრების მხრიდან. საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საინვესტიციო ფორუმს თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას იმ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დედაქალაქში ხორციელდება.

„თბილისის მეტროს პროექტი - ვაჟა ფშაველას სადგური და თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი, სწორედ, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ახალი საჭიროებები დედაქალაქში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით და უკვე ვისაუბრეთ მათი მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ბიზნესფორუმზე საშუალება ეძლევათ დაინტერესებულ ინვესტორებს, გამოხატონ ინტერესები. ვნახოთ, რაზე შევთანხმდებით“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის ინიციატივით იმართება ორდღიანია და 30 ოქტომბერს დასრულდება.