მობილურ კომპანიებს „საუბრის გაიაფება“ მოსთხოვეს

მობილურ კომპანიებს „საუბრის გაიაფება“ მოსთხოვეს

მობილურ ოპერატორებს ტარიფის შემცირებისკენ მოუწოდეს. ეს ლოგიკურიცაა, რადგან კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჯერ ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირა და მერე შიდა ზარებზე აქციზის გადასახადი. ასე რომ, ახალი წლიდან ფიჭურმა კომპანიებმა აბონენტებს იაფად საუბრის შესაძლელობა უნდა მისცენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიიჩნევს, რომ მობილურმა ოპერატორებმა ტარიფები აუცილებად უნდა შეამცირონ. ორგანიზაცია სწორედ ურთიერთჩართვის ტარიფისა და შიდა ზარებზე აქციზის გადასახადის შემცირებას გამოეხმაურა.

„ურთიერთჩართვის ტარიფი კომუნიკაციის ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით 5 თეთრიდან 3,5 თეთრამდე შემცირდა. ასევე, აქციზმა, რომელიც შიდა ზარებზე 10%-ს შეადგენდა, 8%-მდე დაიკლო. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც მობილურით საუბრის ტარიფის შემცირება უნდა გამოიწვიოს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, “მაგთიკომს”, “ჯეოსელსა” და “ბილაინს” 1-ლი იანვრიდან ტარიფის 5-დან 3,5 თეთრამდე შემცირება მოუწევთ. ყველა ოპერატორს ახალი ტარიფების ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე საკუთარ ვებ-გვერდებზე შეცვლილი სატარიფო გეგმების გამოქვეყნებაც დაევალა.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლებამოსილია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გამოავლინოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორები და თავისი გადაწყვეტილებით დააკისროს მათ სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის, დაუწესოს ზედა ზღვრული ტარიფები“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

კომისიამ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ბაზრის კვლევის საფუძველზე, ტარიფს რამდენჯერმე გადახედა და ეტაპობრივად, 22.8-დან 3.5 თეთრამდე შეამცირა. ბოლოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილურ კომპანიებს ურთიერთჩართვის (საბითუმო) ზედა ზღვრული ტარიფი 2013 წლის დეკემბერში დაუდგინა.

„კონკურენციის სააგენტოს დიდი როლი აკისრია მობილური ოპერატორების, “მაგთის”, “ჯეოსელის” და “ბილაინის” საქმიანობის შესწავლის კუთხითაც. სახეზეა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც რეალურად უნდა აისახოს ტარიფებზე. ახალი რეგულაციების შედეგად, მობილურ ოპერატორებს 1,5 თეთრით მეტი რჩებათ განხორციელებულ ზარებზე. ასევე, 2%-ით დაიკლო შიდა ზარებზე აქციზის გადასახადმა. ეს საკმარისი საბაბია იმისათვის, რომ აბონენტებისთვის საუბრის ღირებულება შემცირდეს.

თუ ცვლილებები საუბრის ტარიფზე არ აისახება, შესაძლოა, საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებასთან. რაც უფრო გვიან აისახება ტარიფის ცვლილება, მით უფრო დაიგვიანებს აბონენტებამდე ამ სიკეთის მიტანა. თითოეული მოქალაქის ჯიბიდან უფრო მეტი თანხა დაიხარჯება და ამით მხოლოდ “მაგთი”, “ჯეოსელი” და “ბილაინი” იხეირებენ.

2014 წლის აგვისტოს მონაცემებით, მათი საცალო შემოსავალი თვეში 42 მლნ ლარს გასცდა, საიდანაც 36 მლნ ლარი უშუალოდ განხორციელებულ ზარებზე მოდის. აგვისტოს ჩათვლით, მობილური ოპერატორების შემოსავლებმა უკვე 305,8 მლნ ლარს გადააჭარბა. თანხების მოცულობიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ კარტელური გარიგების რისკი საკმაოდ დიდია“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

2013 წელს საქართველოში მობილური აბონენტების 4 993 119 აბონენტი შეადგინა, რაც 6.3%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემს. 2013 წელს, აბონენტების რაოდენობით “მაგთიკომი” ლიდერობს - 42.8%, “ჯეოსელს” ბაზრის - 33.9% უკავია, “მობიტელს” - 22.6%, ხოლო “სილქნეტს” - 0.6%

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს მომავალში აღნიშნული ცვლილება ასახვას არ ჰპოვებს ტარიფებზე, “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” კონკურენციის სააგენტოს საკითხის შესწავლისა და კანონის შესაბამისად მოქმედების თხოვნით მიმართავს.