ბულიონის კუბიკი – საჭმელი ღარიბებისთვის

ბულიონის კუბიკი – საჭმელი ღარიბებისთვის

1846 წელს შვეიცარიის პატარა სოფელში მეწისქვილის ოჯახში ბიჭუნა დაიბადა, რომელსაც იულიუსი დაარქვეს.

მამა იტალიელი ჰყავდა, დედა – ციურიხელი მასწავლებლის ქალიშვილი. პატარას ოთხი და-ძმა ჰყავდა და ალბათ, ისიც მეწისქვილე გახდებოდა, რომ არა მისი მეოცნებე ბუნება.

იულიუსმა კომერციული სასწავლებელი დაამთავრა და ფქვილის საწარმოში დირექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა. მამამაც მემკვიდრეობით თავისი წისქვილი დაუტოვა. საქმეები კარგად მიდიოდა და უკვე 1874 წელს იულიუსი სამ ფქვილის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობდა შაფჰაუზენსა და ციურიხში.

იულიუს მაგი ძალიან განსხვავდებოდა სხვა მეწარმეებისგან. ის ზრუნავდა თავის დაქირავებულ მუშებზე. პირველად მან გამოაცხადა შაბათი დასვენების დღედ და შემოიღო შესვენება სადილისთვის. შრომისნაყოფიერება ამან ორჯერ გაზარდა. მოგვიანებით, როცა მაგნატი გახდა, ყოველწლიურად სერიოზულ თანხას ხარჯავდა მუშებისთვის ბინის აშენებაზე და მათში ცხოვრების ჯანსაღ წესს ამკვიდრებდა.

ბევრი იფიქრა, როგორ გადაეჭრა ღატაკთა კვების პრობლემა. მოიწვია მეგობარი – ფიზიოლოგი ფრიდოლინ შულერი და მისგან გაიგო, რომ გამომშრალი ბოსტნეული არ კარგავდა თავის კვებით ღირებულებებს. აქედან გაუჩნდა იდეა, რომ დაეფქვა არა მხოლოდ ხორბალი, არამედ ბოსტნეულიც, შეერია მისთვის კონცენტრატი და დაემზადებინა მასალა ბულიონის სწრაფად და იაფად მოსამზადებლად.

ეს იყო 1882 წელს. ერთ წელზე ცოტა მეტი დასჭირდა ტექნოლოგიის დახვეწას. პირველად ბულიონის ფხვნილის დამზადება დაიწყეს. მაგი კარგი მენეჯერი იყო. თავისი ახალი პროდუქტის პოპულიზაციისთვის დააარსა სააგენტო „რეკლამა და პრესა“, რომელშიც საკმაო თანხა ჩადო.

1890 წელს პროდუქტების მაღაზიებში გამოჩნდა ბულიონის ფხვნილები და კუბიკები სარეკლამო სლოგანით: „ქალებო, თქვენი პიროვნების რეალიზაციისთვის მეტი დრო გჭირდებათ. ნუ დაიღლებით სადილების კეთებით, მოამზადეთ ნოყიერი ბულიონი მარტივად“.

იულიუს მაგის ამ გამოგონებამ ფურორი მოახდინა. 1947 წელს მისი კომპანია „იუგ და კო“ „ნესტლეს“ შეერწყა.