ტიღოს „ოინი“

ტიღოს „ოინი“

მიხეილ ჭიაურელს ფილმის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ გადაღებისას გაუჩნდა სურვილი - გიორგი შენგელაიას და სოფიკო ჭიაურელის სიყვარულის გამჟღავნებისას გადაეღო სახედარი, რომელიც უარყოფის ნიშნად, თავს გააქნევდა.

რამდენიმე დღის შემდეგ გადამღები ჯგუფის წევრები მის მშობლიურ სოფელ დიღომში ჩავიდნენ. თანასოფლელებმა კი უპასუხეს: „აბა, ვირს თავი როგორ გავაქნევინოთო“. ბოლოს თქვეს: „ტიღოს დავუძახოთ, ეშმაკი კაცია, იქნებ, მოიფიქროს რამეო“.

ტიღომ კარგად მოუსმინა მიხეილ ჭიაურელს და თქვა: „ჰო, შეიძლება, მაგრამ ფულს თქვენ ვირის პატრონს მისცემთ და მე ტყუილად რატომ გავისარჯო?“

- არა, ტიღო, ფულს შენც მოგცემთ და ვირის პატრონსაც.

სულ მალე ტიღოც და ვირიც გადასაღებ მოედანზე გამოცხადდნენ. ტიღომ მოიტანა რეზინის მილი და ძაბრი ჩამოაცვა. როდესაც ოპერატორმა დაიძახა – „მოტორ!“ უეცრად ჩაბერა ძაბრს და ყურნატკენმა სახედარმა თავის ქნევა დაიწყო. ისე კარგად შეასრულა ყველაფერი, რომ დუბლის გადაღება აღარც დასჭირვებიათ.