წლის დასაწყისიდან დაწყებული სასამართლო დავა ოთხ გამომცემლობასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის 22 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამინისტროს სასარგებლოდ დაასრულა. გამომცემლები ამბობენ, რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე არიან. საზოგადოებაში კი ამ პროცესის მიმართ სრული ინდიფერენტულობაა.
გამომცემლობები „ინტელექტი“, „დიოგენე“, „არტანუჯი“ და „ლოგოს პრესი“ერთი წლის წინათ სამინისტროს წინააღმდეგ გაერთიანდნენ. საავტორო უფლებების აღდგენისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საკითხზე დაწყებულმა დავამ ცხრა თვეს გასტანა, ამასობაში კი გამომცემლობებს დიდი ფინანსური პრობლემა შეექმნათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ირაკლი კოპალიანი სასამართლო გადაწყვეტილებას სრულად დაეთანხმა. მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. მით უფრო, რომ გამომცემლობებმა სანამ ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, მოსალოდნელი შედეგის შესახებ იცოდნენ.
„მოსარჩელეებმა იცოდნენ, როდესაც ამ ხელშეკრულებას აფორმდებდნენ, რომ შესაძლებელი იყო ასეთი სამართლებრივი შედეგი დამგარიყო და ისინი შეგნებულად წამოვიდნენ ამ შინაარსის სამართლებრივ ურთიერთობაზე“, -განაცხადა კოპალიანმა.
გამომცემლები გადაწყვეტილებას „უკანონოსა და უსამართლოს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამით სასამართლო გამომცემლების ინტელექტუალური და კერძო საკუთრების უფლებას უხეშად არღვევს.
„სასამართლომ დააკანონა ის რეკეტი, რაც ჩაიდინა განათლების სამინისტრომ“, - ასე აფასებს გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელი კახმეგ კუდავა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ქეთევან კიღურაძის განცხადებით, სამინისტროს ამ გადაწყვეტილებით, წამყვანი გამომცემლობები დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.
„წამყვან გამომცემლებს ამით მიადგათ ისეთი ზარალი, რომ დიდი შესაძლებლობაა, ისინი დაიხურონ და საქართველოს აღარ ჰყავდეს წამყვანი გამომცემლობები, როგორიც არის „დიოგენე“, „არტანუჯი“, „ინტელექტი“ და „ლოგოსპრესი“. ეს ქართული ლიტერატურისათვის და ქართული წიგნისათვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება“, - აცხადებს კიღურაძე.
კახმეგ კუდავა ფიქრობს, რომ მისი გამომცემლობა მომდევნო ერთი წლის მანძილზე მოახერხებს თავის გატანას, თუმცა რა იქნება შემდეგ, არ იცის. მისი თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ გამომცემლობებთან არავითარი წინასწარი მოლაპარაკებები არ უწარმოებია, არ შეუსწავლია ის საფრთხეები, რომლებიც სამინისტროს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
„თუკი მხატვრულ ლიტერატურაზე ძალიან დიდ ფასდაკლებებს გავაკეთებთ, თუ საწყობებს გავყიდით, თუ წიგნის მაღაზიას გავყიდით, თუკი სტამბის დანადგარებს გავყიდით, შეიძლება გადავრჩეთ ერთი-ორი წლით. თუმცა, მგონია, რომ აქამდე არ მივა საქმე, რადგან ჩვენ ეს პროცესი უნდა მოვიგოთ და უნდა მივიღოთ იმ ზარალის ანაზღაურება, რასაც მოვითხოვთ“, - ამბობს კუდავა.
ოთხი გამომცემლობის საერთო ზარალი კი, კახმეგ კუდავას თქმით, 15 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მან რადიო „თავისუფლებასთან“ განმარტა, ზარალის რაოდენობა მათი პირადი შეხედულებებით არ გამოთვლილა, ზარალის დასათვლელად საერთაშორისო აუდიტი მოიწვიეს. ზარალი გაიყო ორ ნაწილად: პირველი - უკვე დამდგარი ზარალი და მეორე - მოსალოდნელი.
ოთხივე გამომცემლობა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, გამომცემლობები ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.
რაც შეეხება საზოგადოების რეაქციას, ამ მხრივ სრული ინდიფერენტულობაა. მართალია, გამომცემლობებს მთლად სამართლიანად არ მოექცნენ, მაგრამ ყველას ახსოვს წლების განმავლობაში როგორი „სამართლიანი ფასით“ ასყიდებდნენ მშობლებს სასკოლო წიგნებს. ყოველი წლის სექტემბერ-ოქტომბრის გადაგორება მშობელებს ნერვიულობისა და უკიდურესი მომჭირნეობის ფასად უჯდებოდათ. ხშირი იყო პროტესტიც, მაგრამ მათ თხოვნას ყურს არავინ უგდებდა. ასე რომ, ახლა გამომცემლობებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.