საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი იმყოფება. თურქ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძემ მასპინძლობს.
დღეს, არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო.
ირაკლი ალასანიამ ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, თურქეთის მაქსიმალური ჩართულობის სურვილი გამოთქვა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქულ მხარეს ასევე, ალიანსში გაწევრიანების გზაზე გაწეული მხარდაჭერისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ერთობლივი სწავლებებისა და სამეთაურო და საველე წვრთნების ჩატარებაზე.
“თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი დემონსტრაციაა იმ დიდი ორმხრივი ურთიერთობის, რომელიც ქართველ და თურქ სამხედროებს შორის არის და ჩამოყალიბებულია ბოლო 20 წლის განმავლობაში. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები დღითიდღე მყარდება და დღეს განვიხილეთ, როგორც ორმხრივ თანამშრომლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის საკითხები. დაიგეგმება ერთობლივი წვრთნები, ერთობლივი დაცვის ღონისძიებები იმ კრიტიკული და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, რომელიც სამ ქვეყანას აკავშირებს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საფრთხეებზე, რომელსაც ერთობლივი პასუხი უნდა გავცეთ.” - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თურქეთის დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გენერალური შტაბის ტერიტორიაზე გაიმართა. არმიის გენერალ ნეჯდეთ ოზელისა და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გენერალურ შტაბში დელეგაციების დონეზე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროდან არმიის გენერალი ნეჯდეთ ოზელი გმირთა მოედანზე გაემგზავრა, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.