რუსეთისკენ რეგულარული გაფრენა თვის ბოლომდე დაიწყება

რუსეთისკენ რეგულარული გაფრენა თვის ბოლომდე დაიწყება

შემდეგი კვირიდან რუსეთის მიმართულებით რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება. სავარაუდოდ, ბილეთები გაიაფდება, კონკურენცია გაიზრდება და შეიძლება დემპინგის საშიშროებაც გაჩნდეს. რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ფრენის აღდგენის გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რამდენიმე დღეში მიიღებს და პირველი რეისი, ზამთრის სეზონის წინ 28 ოქტომბრს შესრულდება.

საქართველოში ფრენის შესაძლებლობა რამდენიმე რუსულ ავიაკომპანიას ექნება. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოში ფრენის ნებართვის მოთხოვნით სააგენტოს „აეროფლოტმა“ და „მეტროჯეტმა“ მიმართეს, სხვა კომპანიები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

„თვის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელ კომპანიას მივცემთ უფლებას და რომელს არა. განაცხადი შემოტანილია, მაგრამ ეს ბევრს არ ნიშნავს. განაცხადის შემოტანის შემდეგ მიმდინარეობს განხილვა, კომპანიის შესწავლა და მას მერე მოხდება ნებართვის გაცემა. რამდენიმე კომპანია უკვე გამნვიხილეთ, მათ შორის, „აეროფლოტი“. ზამთრის სეზონი იწყება თვის ბოლოდან და სწორედ ამ დროიდან ჩვენ რამდენიმე კომპანიას მივცემთ ფრენის უფლებას. ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი რომელს მიეცემა უფლება. რამდენიმე კომპანია იქნება ასეთი“, - აცხადებს ჯალაღონია „კომერსანტთან“.

რუსეთ-საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა ჯერ 2006 წელს, ხოლო შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. 2010 წლიდან განახლდა არარეგულარულ, ჩარტერული რეისები. ამ ეტაპზე ასეთ ფრენას ავიაკომპანიები „აირზენა“ და „სიბირი“ ახორციელებენ.

სამოქალაო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა და გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გაჩაჩილაძე აცხადებდა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული საჰაერო რეისები 15 სექტემბრიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა გარკვეული პროცედურების შეფერხების გამო, ავიამიმოსვლა ოქტომბრის ბოლოსთვის გადაიდო.

მისი განმარტებით, შეთანხმება იყო, რომ საჰაერო რეისები უნდა აღდგენილიყო 15 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც მხარეები წარმოადგენდნენ ფრენის განხორციელებაზე უფლებამოსილ კომპანიათა ნუსხას.

რუსეთისკენ რეგულარული ავიმიმოსვლა კონკურენციის ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, ფასის კლებასაც გამოიწვევს, მით უფრო, თუკი საქმეში „აერფლოტი“ ჩაერთვება. ეს კომპანია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მასშტაბით ბილეთებზე დემპინგური ფასების შეთავაზებაში არის შემჩნეული. თუმცა, მომხმარებლები შედარებით იხეირებენ, რამეთუ გადაადგილებას უფრო იაფად შეძლებენ.

„უკრაინის ავიახაზების“ წარმომადგელობის დირექტორი ლალი ბეშკენაძე მედიასთან საუბრისას ადასტურებს, რომ ახალი ავიაკომპანიები შემოსვლით, პირველ ეტაპზე ბილეთის ფასი იკლებს, მერე სტაბილურდება და ბაზრის გადანაწილება ხდება.

„ამ შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ასე მოხდება. სეზონური ფასდაკლება ისედაც იქნება, მაგრამ ახალი მოთამაშეების გამოჩენა ბილეთის ფასის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს. ჩვენ, ძირითადად, ორიენტირებულნი უკრაინის, ევროპისა და ამერიკის მიმართულებაზე ვართ, აზიის ქვეყნებშიც დავფრინავთ.

რაც შეეხება რუსულ „აეროფლოტს“, ის უფრო მეტად ჩვენ მიმართულებებზეა. შევხედავთ ისინი რას მოიმოქმედებენ. ბილეთების გაიაფება ისედაც მოხდება, მაგრამ თუ „აეროფლოტი“ დემპინგს დაიწყებს, რა თქმა უნდა, ყველა ავიაკომპანია უპასუხებს ამ ცვლილებას, რადგან ყველა დაიცავს თავის ბაზრის წილს, მათ შორის, ჩვენც“, - ამბობს ლალი ბეშკენაძე.