მაღალ-დაბალი პროფესიები ხელფასის მიხედვით

მაღალ-დაბალი პროფესიები ხელფასის მიხედვით

წლიდან წლამდე საქართველოში სამუშაოს პოვნა ძალიან რთულია, ხოლო დაფასებული, ანუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა კიდევ უფრო რთული. ამიტომ პროფესიები იყოფა პრესტიჟულ და არაპრესტიჟულ კატეგორიად. ფინანსისტები და IT მენეჯერები დიდშემოსავლიანთა ჩამონათვალს უდგანან სათავეში, მასწავლებლები, მეთევზეები და მხატვრები კი აუტსაიდერთა რიგებში არიან.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მოხელეებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სფეროში დასაქმებულ პირებს აქვთ (1600-დან 1800 ლარამდე), ყველაზე მცირე საშუალო ხელფასი კი განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებს.

გარდა ოფიციალური მონაცემებისა, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი ავრცელებს, საინტერესოა კერძო სექტორში მოთხოვნადი სპეციალობები, რომელთა კვალიფიციური კადრები 1500 ლარზე მეტ საშუალო თვიურ ანაზღაურებას იღებენ.

აღმოჩნდა, რომ IT მენეჯერებზე საქართველოში მაღალი მოთხოვნაა და კვალიფიციური კადრის შემოსავალი მინიმუმ 1500 ლარია. ეს სპეციალობა მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ევროპასა და აშშ-ში კომპიუტერული და საინფორმაციო სისტემების მენეჯერების წლიური შემოსავალი დაახლოებით 125 ათას დოლარს შეადგენს.

1500 ლარს აჭარბებს მარკეტინგის მენეჯერების შემოსავალიც. ხშირ ძლიერ კომპანიაში ამ თანამდებობაზე დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის ეს ქვედა ზღვარიც კია. ქართველი მარკეტოლოგები, რასაკვირველია, წარმოუდგენლად ჩამორჩებიან ევროპელსა და ამერიკელ კოლეგებს. ბოლო მონაცემებით, ევროპასა და აშშ-ში მარკეტინგის მენეჯერების წლიური შემოსავალი 126 ათას დოლარს აჭარბებს.

გარდა ამისა, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელფასი აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებს, რომელთა შემოსავალი როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე წარმატებულ კომპანიებში 1500-იან ზღვარს აღემატება. უცხოეთში კი ასე არ არის. აშშ-სა და ევროპაში პიარ სპეციალისტები მაღალანაზღაურებად პროფესიათა ათეულში არ შედიან.

ჩვენთან ასევე მაღალანაზღაურებად საქმიანობად მიიჩნევა ბუღალტერია და ზოგად ფინანსური მენეჯმენტი. ამ პროფესიის ერთ-ერთ უპირატესობაა ის, რომ მოთხოვნადია არა მხოლოდ საბანკო სექტორში, არამედ ნებისმიერ კომპანიაში. ხელფასის ეს პროფესია თავისუბურად ლიდერობს კიდეც. საქართველოში მსხვილ კომპანიებში მომუშავე მთავარ ბუღალტერთა შემოსავალი 2500-3000 ლარამდეც აღწევს.

საქართველოში საქმიანობის პრესტიჟულობა, ძირითადად, ხელფასის ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თუ დაბალია ანაზღაურება, პროფესია დაუფასებელი ხდება. დაუფაასებელთა კატეგორიაში კი დღესდღეობით არიან პედაგოგები, ენათმეცნიერები, მსახიობები, მხატვრები, მეშახტეები, არქეოლოგები და ა.შ.

ამ ჩამონათვალს ემთხვევა, მეტ-ნაკლებად სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც. მათ მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მოხელეებიდან ყველაზე მცირე საშუალო ხელფასი განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე პირებს აქვთ.

ყველაზე დაბალშემოსავლიანი, ანუ დაუფასებელი ადამიანები არიან მხატვრები, მსახიობები, მეშახტეები და მეთევზეები. ამ პროფესიების მიმართ დიდი ინტერესი არც წლების წინათ ფიქსირდებოდა.

მაგალითად, „საქსტატის“ 2011 წლის მონაცემებით, სამეწარმეო სფეროში ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესია თევზჭერა-მეთევზეობაა (საშუალო თვიური ხელფასი - 276.3ლარი). არასამეწარმეო სფეროში ყველაზე დაბალანაზღაურებადი განათლება იყო (საშუალო თვიური ხელფასი - 308.2 ლარი). ვითარება არც 2 წლის შემდეგ შეცვლილა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე დასაქმებულად 1 724 000 ადამიანი ითვლება. აქედან, თვითდასაქმებულია - 1 054 000, დაქირავებით დასაქმებული კი - 662 200 ადამიანი.