მთავრობის საინვეტიციო კრუიზებს უკუშედეგი მოაქვს

მთავრობის საინვეტიციო კრუიზებს უკუშედეგი მოაქვს

[ეკა ბაქრაძე]

საქართველოს მთავრობის საინვესტიციო კრუიზები არ მატულობს, მაგრამ პირდაპირპროპორციულად იკლებს ქვეანაში შემოდინებული უცხოური ინვესტიციების ოდენობა. შეიძლება ითქვას, ასეთ გადამეტებულ აქტიურობას საპირისპირო შედეგი მოაქვს. ამჯერად ფინანსთა მინისტრმა ნისლიანი ალბიონის დალაშქვრა გადაწყვიტა.

კახა ბაინდურაშვილმა დიდ ბრიტანეთში სამუშაო შეხვედრები დაიწყო, სადაც „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - რაკია საქართველოს“ ორგანიზებით, მსხვილ ინვესტორებთან შეხვედრა იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას იღებს საქართველო-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატაში შემავალი 100-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი.

შეხვედრის მიზანია, უცხოური კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გაცნობა და საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობების განხილვა.

ანალოგიური მასშტაბური შეხვედრა ინვესტორებთან მიმდინარე წლის თებერვალში ფინანსთა მინისტრმა ინდოეთში გამართა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო მუმბაიში გამართულ ბიზნეს-კონფერენციაზე.

მანამდე აზიურ ქვეყნებს ვერა ქობალია უვლიდა გარშემო. მდგრადი მინისტრი ხან ყატარში იყო, ხანაც სხვა რომელიმე არაბულ ქვეყანაში, მაგრამ აქედან არა გამოვიდა რა. ჯერჯერობით, საქართველოში არც ყატარული ინვეტიციები შემოსულა, არც ინდური და ევროპულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. პირიქით, ერთ დროს მოწინავე პოზიციაზე მყოფი არაბული ქვეყნები საინვეტიციო ლიდერებში საერთოდ აღარ მოიხსენიებიან.

მთავრობას ძალიან ეიმედებოდა ე.წ. დიასპორული კაპიტალის მოზიდვისა, მაგრამ ასეთი ინვესტიციები საქართველოში თვალით არავის უნახავს. არადა, პრემიერი ირწმუნებოდა, რომ უცხოეთში მოღვაწე საქმოსანი ქართველები 600 მილიონამდე კაპიტალს დააბანდებდნენ საქართველოში.

გილაურმა ერთი რამ ნამდვილად ვერ გათვალა. დიასპორული კაპიტალის შემომტანები ეროვნებით ქართველი ბიზნესმენები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარება. ამიტომაც რა გასაკვირია, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას არ ჩქარობენ. 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ნიკა ავალიანი ადასტურებს, რომ ამ დროისთვის საქართველოში ინვესტირებით უცხოეთში მცხოვრები მხოლოდ 3 ბიზნესმენია დაინტერესებული. ბიზნესმენები პროექტებზე მუშაობენ და უკვე მათი გადასაწყვეტია, როდის ჩადებენ თანხებს, თუმცა ბიზნესმენების ვინაობა არ კონკრეტდება.

საქართველოს ხელისუფლებამ ემიგრანტ ბიზნესმენებს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება 2010 წელს სთხოვა. ამ მიზნით ეკონომიკის და დიასპორის სამინისტროებმა სპეციალური პროგრამაც კი შეიმუშავეს.

მიუხედავად ამისა, ხელისულება საინვეტიციო პროგნოზებში მილიარდზე დაბლა მაინც არ ჩამოდის. შედარებით ზომიერი, თუმცა ექსპერტების აზრით, მაინც გადამეტებულ პრონოზს აკეთებს ანალიტიკური კომპანია „ბი ჯი კაპიტალი“. კომპანიის ანალიტიკოსების მიიჩნევენ, რომ 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 700-800 მლნ აშშ დოლარს მიაღწევს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეოთხე კვარტალში 25%-ით შემცირდა წინა კვარტალთან შედარებით, ხოლო 2010 წელს სულ შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 533 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35% ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე მოდის, ხოლო მრეწველობასა და ფინანსურ სექტორში თითოეულში დაახლოებით 90 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განხორციელდა. ჰოლანდია წარმოადგენს წამყვან ინვესტორ ქვეყანას 143 მლნ აშშ დოლარით“, - აღნიშნავენ „ბი ჯი კაპიტალში.“

„2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ემთხვევა ჩვენს პროგნოზს, თუმცა გაცილებით ნაკლებია მთავრობის ბოლო პროგნოზზე, რომელიც 770 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მიუხედავად გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა დაიკლო, რაც გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას მზარდი გეოპოლიტიკური რისკებით“, - აცხადებს „ბი ჯი კაპიტალის“ ანალიტიკოსი გიორგი ირემაშვილი.