წინამდებარე სტატიაში შევეცდებით დავახასიათოთ თანამშრომლობის ის შესაძლო სფეროები, რომლებიც ჩვენი მეზობელი ქვეყნის ზემოაღნიშნულ ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანების, და საქართველოს ევროკავშირის თავისუფალ სავაჭრო არეაში (DCFTA) შესვლის, ანუ ფაქტიურად „დაშორიშორების“ შემდეგ შეიძლება დაისახოს.
განცხადება 2015 წლიდან სომხეთის ევრაზკავშირში გაწევრიანებაზე და საქართველოს მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, დროში რამდენიმე თვით „ასცდა“ ერთმანეთს. ამ ეკონომიკურ კავშირებში ყოფნა ორი ისტორიული მეზობლისათვის პრაქტიკულად ერთმანეთთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გარეშე დარჩენას ნიშნავს. თუმცა, სამთო–მომპოვებელ მრეწველობასა და ენერგეტიკაში თანამშრომლობის პერსპექტივა კვლავ არსებობს.
ენერგეტიკა
არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება სომხეთს, ირანსა და საქართველოს შორის სომხეთის გავლით საქართველოში ირანული ელექტროენერგიის იმპორტის შესახებ. ასევე ელექტროქსელების პარალელურ რეჟიმში სინქრონიზაციის თაობაზე. მაგრამ ყველაზე დიდი პერსპექტივები, ჩვენი აზრით, სომხეთში ალტერნატიული ენერგეტიკის მომავალს უკავშირდება. ამ რესურსების ტრანსპორტირების ერთადერთი გზა, სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოა.
ევროპაში ფიქლების გაზის ადგილობრივი მოპოვება და აშშ–ს კუთვნილი თხევადი გაზის ნაკადების ევროპაში გადმომისამართება, რაც ამცირებს “სამხრეთის გაზის დერეფნის” მნიშვნელობას, ნეგატიურად აისახება საქართველოზე, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ პოზიტიურია სომხეთისათვის. აზერბაიჯანისა და საქართველოს მცდელობები, ამ დერეფნით მიიღონ პოლიტიკური დივიდენდები, საკამათო არასდროს ყოფილა.
თუმცა, სომხეთის დაინტერესება ფიქლების გაზის მოპოვებაში განპირობებულია არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მოსაზრებებითაც. მეცნიერულად დასაბუთებულია სომხეთში ე.წ. ფიქლების ფისის (сланцевая смола) დიდი მარაგების არსებობა. 2011 წლის ივნისის დასაწყისში სომხეთის ენერგეტიკის მინისტრსა და ამ ქვეყანაში აშშ-ს ელჩს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ს გეოლოგიური სამსახური სომხეთს დაეხმარება ამ სახის საწვავის ძიება-მოპოვებაში. იმავე წლის აგვისტოში, სომხეთის ენერგეტიკის სამინისტრომ ბრიტანეთის მენის კუნძულზე დარეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია International Minerals and Mines (IMM)-თან გააფორმა მემორანდუმი, რომლითაც მან სომხეთში ფიქლების გაზის დაზვერვა და შეფასება უნდა მოახდინოს. ამ მიზნით ერევანში დაფუძნდა ერთობლივი კომპანია IMM Energy Armenia და დამტკიცდა ენერგორესურსები დაზვერვა-მოპოვებაზე ლიცენზიების გაცემის წესი.
უკვე 2012 წლის დეკემბერში სომხეთის მთავრობამ შვეიცარულ კომპანიას “ინტეგრალ პეტროლიუმს” (Integral Petroleum) მისცა ქვეყანაში ნავთობისა და გაზის დაზვერვის ნებართვა. ამ კომპანიის აქციების 95%-ის მფლობელია ბუქარესტში დარეგისტრირებული ამერიკულ-რუმინული ერთობლივი კომპანია “ინტეგრალი” (Integral). გაფორმდა პროდუქციის გაყოფის ხელშეკრულებაც იმ შემთხვევისათვის, თუ მოხდა ნახშირწყალბადების სამრეწველო მარაგების აღმოჩენა. ადრე სომხეთს ამ კომპანიასთან ჰქონდა ბიზნეს ურთიერთობა, მაგრამ ის ეხებოდა ბულგარეთიდან და რუმინეთიდან საწვავის იმპორტს. ეს ფირმა წარმატებით მუშაობს ასევე თურქეთში ალბანეთში, საბერძნეთში, დსთ-ს ქვეყნებში. ის აქტიურად ითვისებს თხევადი გაზის ბაზრებს. თუმცა გეოლოგიურ-საძიებო საქმიანობაში დიდი გამოცდილება არ აქვს.
გასულ 4 წელში აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა სოფელ არამუსთან აღმოაჩინეს 44 მლნ ტონა ფიქლების საწვავის მარაგი. ასევე, მნიშვნელოვანი მარაგებია იჯევანის, შამუტის, ჯერმანისის და დილიჟანის რაიონებში. ოქტომბერიანის რაიონში, 3.5 კმ სიღრმეზე აღმოჩენილია ჩვეულებრივი ბუნებრივი გაზის საბადო. არმავირის რაიონში მდებარე სოფელ ვარანდთან, კანადური კომპანია “ტიმ ენერჯის” (Tim Energy) სპეციალისტებმა აღმოაჩინეს 3 მლრდ კუბმეტრის რეზერვის მქონე ბუნებრივი გაზის საბადო. კანადური კომპანიის “ვანგოლდის” (Vangold Resources Limited) და ირლანდიური ფირმის “ბლექსტაირს ენერჯის”(Blackstairs Energy) სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ სიუნიკის, ვაიოცძორეს და გეგარკუნიკის მიდამოებში იმდენი ნავთობია, რომ შესაძლებელია მისი სამრეწველო მოპოვების დაწყება. პრობლემურია მხოლოდ მისი ამოღების ღირებულების საკითხი.
მართალია, ჯერ სერიოზულ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ უკვე ახლა შეიძლება ითქვას, რომ სომხეთში ენერგორესურსების მოპოვების დაწყების შემთხვევაში, შეიცვლება სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ბალანსი. დასავლეთს ხელს აძლევს ერევნის დამოუკიდებელი ენერგეტიკული პოლიტიკა. ეს სომხეთს საშუალებას მისცემს შეზღუდოს ტრადიციული მოკავშირის – რუსეთის ზემოქმედების ბერკეტები. საბოლოო ჯამში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდა, სომხეთს დამოუკიდებელი საგარეო-პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაში დაეხმარება, რისი ერთ–ერთი ხელშემწყობი ქვეყნის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველოსთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა იქნება.
ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში – თანამშრომლობის პოტენციური სფერო
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთს შორის ძალაშია 90–იანი წლებიდან. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულების გაფორმება ნეგატიურად აისახება საქართველოს საბაჟო კავშირის წევრ რუსეთთან და სომხეთთან ურთიერთობებზე, საბაჟო რეჟმების განსხვავებების გამო. თუმცა, აღნიშნული ნეგატივი შესაძლოა ინვესტიციებმა „გამოასწორონ“.
დღემდე ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ძირითადად ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სექტორებს მოიცავდა. მაგრამ, ორი ქვეყნის წიაღისეული სიმდიდრეები შეიძლება მათი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საფუძვლად მოგვევლინონ.
ერთობლივი სამთომომპოვებელი პროექტის განხორციელების ყველაზე ნათელი მაგალითი შესაძლოა იყოს ბოლნისში მდებარე „არ–ემ–ჯის“ ორი ბიზნეს–სტრუქტურის (JSC RMG Copper და RMG Gold LLC) მომავალი თანამშრომლობა სომხურ მხარესთან. ამისთვის კარგი პერსპექტივები არსებობს.
ჯერ კიდევ სსრკ–ს მოლიბდენის კონცენტრატის 25% სომხეთში იწარმოებოდა. სპილენძთან ერთად მოლიბდენის ყველაზე დიდი მწარმოებელია ქ. ზანგეზურის, ქ. კაპანის და ქ. აგარაკის სამთო–მოლიბდენის კომბინატები, რომლებიც კაჯარანის, აგარაკისა და სხვა ახლომდებარე საბადოების ნედლეულზე მუშაობს. საწარმოების საბოლოო პროდუქციაა 50%–იანი მოლიბდენისა და 15%–იანი სპილენძის კონცენტრატი. დღეს ამ კომბინატების მხოლოდ 60–70%–ია დატვირთული და ამის ერთ–ერთი მიზეზია დაბალი მსოფლიო ფასები და მსოფლიო ბაზრებზე შეღწევის სიძნელე. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და „არ–ემ–ჯის“ ევროპის ბაზარზე შეღწევის გამოყენებით, რაც „არ–ემ–ჯის“ და ზანგეზურ/აგარაკის კომბინატების ურთიერთთანამშრომლობით შეიძლება მიიღწეს.
აღსანიშნავია ასევე სომხეთის მგარტის ოქროს საბადოს და საქართველოს „არ–ემ–ჯი ოქროს“ თანამშრომლობის პერსპექტივები. მგარტის საბადოს გვერდით იწყება სოტკის, ტერტეტასარის და ახტალის ოქროს და პოლიმეტალების საბადოების ათვისების სამუშაოები. ქართულმა ბიზნეს–სტრუქტურებმა ზემოაღნიშნულ კომბინატებთან თანამშრომლობისათვის უნდა მიმართონ „არარატის ოქროსმომპოვებელ კომპანიას“ (СП «Араратская золотоизвлекательная компания»), რომელიც სომხეთის სამთო–მომპოვებელი საწარმოების ჰოლდინგია.
ამასთან, სომხურმა სამთო–მომპოვებელი მრეწველობამ, სავარაუდოდ, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებაში ახალი რუსული ინიციატივის – ბეშთა–ახალსოფლის გზის რეაბილიტაციაზეც აიღონ ორიენტაცია.
მოვლენების განვითარების სცენარი:
– სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებით, იურიდიულად საქართველოს უჩნდება შანსი, რომ უჩივლოს სომხეთს მსო–ს დავების გადაწყვეტის ცენტრში, რაც სომხეთს დაავალდებულებს საქართველოსთვის საბაჟო გადასახადის ზრდით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას;
– საბაჟო ტარიფების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის ურთიერთმიწოდების ტარიფების გაძვირება. კერძოდ, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს სომხეთის მთავრობასა და ქართულ კომპანიას Anaklia IEP (Industrial Eco Park) Holding–ს შორის 2014 წლის აგვისტოში გაფომებული კონტრაქტის რეალიზაცია. საუბარია სომხეთის მთავრობასა და Anaklia IEP (Industrial Eco Park) Holding–სა და ქართული წარმოშობის ბიზნესმენ თეიმურაზ ქარჩავას შორის გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის თანახმადაც, ქართველი ბიზნესმენი განახორციელებს 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას სომხეთის ქ. ვანაძორის თბოელექტროსადგურში.