ბოლო დროს საქართველო ყოველწლიურად 5 მილიონ ტურისტს მასპინძლობს, თუმცა ამ რაოდენობის ადამიანების მომსახურებისთვის საკმარისი სასტუმროები არ გაგვაჩნია. ქვეყანაში ამ ტიპის ობიექტების თვალშისაცემი დეფიციტია. მხოლოდ ინვესტორების და კერძო სექტორის მონდომება საქმეს ვერ შველის.
საქართველოში სტუმართა განთავსების ობიექტების საერთო რაოდენობა 1145 ერთეულს შეადგენს. აქედან, სასტუმროთა რიცხვი 445-ია (ოთახების - 11 475, ხოლო საწოლი ადგილი - 25 262 შეადგენს), საოჯახო სასტუმროს რაოდენობა 462 აღწევს (2754 ოთახების რაოდენობით და 6830 საწოლი ადგილით), სასტუმრო სახლის („ჰოსტელის“) რაოდენობა საქართველოს მასშტაბით სულ 183-ია (ოთახები - 1899 და საწოლების რაოდენობა - 5016). სხვა განთავსების ობიექტთა რიცხვი 55 შეადგენს.
განსაკუთრებით პრობლემაა ზაფხულის სეზონის პიკზე. აგვისტოში შავი ზღისპირეთში ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლები ხშირად ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობენ. სასტუმროები და კერძო სექტორი ტუსრიტების მიღებას ვერ აუდიან. იგივე შეიძლება ითქვას ზამთრის სეზონზე. არის პეროდი, როდესაც გუდაურსა და ბაკურიანში ყველა ადგილი დაკავებულია, შესაბამისად, კურორტზე ჩასული ადამიანები გამოუვალ სიტუაციაში არიან.
აჭარაში რომ საშუალო დონის სასტუმროების დეფიციტია, ამას ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც არ უარყოფენ. ოფიციალური ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისათვის 290 სასტუმროა და 4495 ნომერი და 11 ათასამდე საწოლი. აჭარის ტურიზმისა და კურორტებისა დეპარტამენტის უფროსი დემურ დიასამიძე ადასტურებს, რომ რეგიონში 30-40%-იანი დეფიციტია. განსაკუთრებული პრობლემაა საშუალო დონის სასტუმროების რაოდენობასთან დაკავშირებით.
„3-4-ვარსკვლავიანი სასტუმროების დეფიციტი ნამდვილად არის. ამიტომ მოვუწოდებთ ინვესტორებს ამ კუთხით იაქტიურონ. იმედი გვაქვს, ეს მიმართულება მათთვის საინტერესო იქნება“, - აცხადებს დიასამიძე.
აჭარის მთავრობამ სპეციალური გეგმაც კი შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც უახლოეს 2-3 წელიწადში საწოლების რაოდენობა რეგიონში 14 ათასამდე უნდა გაიზარდოს. ამით ტურისტული სეზონის პიკზე ვიზიტორების განთავსების პრობლემა გარკვეულწილად გადაიჭრება.
ტურიზმის ექსპერტი მარინა მეტრეველის განარტებით, საოჯახო სასტუმროების და „ჰოსტელების“ სიმცირის პრობლემა წლებია არსებობს. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი დღემდე არაფერი კეთდება.
„ქართველების უმეტესობა არჩევანს „გესტჰაუზზე“, „ჰოსტელებზე“ აკეთებს. ასევეა უცხოეული ტურისტრებიც. საოჯახო ტიპის სასტუმროებზე მოთხოვნა ყოვეთვის იყო და არის დიდი. ამ დროს ქვეყანას აკლია დაბალი კლასის სასტუმროები, ანუ არ არის იმდენი, რამდენიც საჭიროა. აქედან გამომდინარე, ტურისტის მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებთ.
ახლა ამ საკითხის ირგვლივ განსაკუთრებულ აქტივობას ვერ ვხედავ, თუმცა წლების წინათ რაღაც ნაბიჯი გადაიდგა არსებული სფეროს წინ წამოსაწევად. მაგალითად, გამოიყო დაბალპროცენტიანი კრედიტი, გრანტები იმისათვის, რომ მომხდარიყო კერძო სახლების „გესტჰაუზებად“, „ჰოსტელებად“ გადაკეთება, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.
იმისათვის, რომ პატარ-პატარ სასტუმროების დეფიციტი აღარ იყოს, საჭიროა, გრანტების მოზიდვა ან მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი და დაბალპროცენტიანი კრედიტი გასცეს შენობების საოჯახო ტიპის სასტუმროებად გადასაკეთებლად“, - განმარტავს მარინა მეტრეველი.