საარსებო მინიმუმმა პენსიას ჩაუარა

საარსებო მინიმუმმა პენსიას ჩაუარა

მართალია, მთავრობა გაისად პენსიების 10 ლარით მომატების პირობას იძლევა, მაგრამ სოციალურ ფონს ეს ვერაფრით შეცვლის. 2014 წლის სექტემბერში საარსებო მინიმუმმა პენსიას 5,8 ლარით გადააჭარბა და წლის მაქსიმუმზეა. საარსებო მინიმუმმა 155,8 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საარსებო მინიმუმი აგვისტოსთან შედარებით, 5,2 ლარით არის მომატებული, ერთ წელიწადში კი ზრდა 8,1 ლარია. სექტემბერში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 138 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახისა - 261,3 ლარი იყო.

„საქსტატის“ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ორ-სულიანი ოჯახის არსებობისთვის სექტემბერში 220,8 ლარი იყო საკმარისი, სამ-სულიანისთვის - 248,4 ლარი, ოთხ-სულიან ოჯახს - 275,9 ლარი სჭირდებოდა, ხუთ-სულიანს - 310,4 ლარი, ხოლო ექვ და მეტ-სულიანს - 367 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ სექტემბერში, სახელმწიფოსგან არსებობისთვის საჭირო შემწეობა 142 958-მა ოჯახმა მიიღო. მათ დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23,19 მლნ ლარი გადაირიცხა.

გამოდის, რომ საარსებო მინიმუმმა უკვე გაასწრო პენსიას და სხვაობა ზამთრის თვეებში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება. „ქართული ოცნება“ პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების პირობას იძლეოდა და ოფიციალურ მონაცებეთან სწორება მართლაც მოახდინა, თუმცა ახლა ეს თანაფარდობაც ირღვევა. იანვარ-მარტში მინიმუმმა ვინძლო 170 ლარსაც გადააჭარბოს, ხოლო პენსია ჯერ კიდევ 150 ლარსაც არ ასცილებია.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პეზიდენტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეალურად პენსიების ზრდა ვერ განხორციელდა. „მთავრობა ბრძანებს, რომ ჩვენ გავუტოლდით საარსებო მინიმუმს, თუმცა ჩვენმა ორგანიზაციამ ექსპერტთა ცენტრმა დათვალა ეს საარსებო მინიმუმი და ის ორჯერ მეტია დღევანდელ პენსიაზე.

ეს სოციალური მიმართულების პოლიტიკის დიდ ხარვეზზე მიუთითებს და არა რეალურ მონაცემებზე. სწორება უნდა მოხდეს რეალურ საარსებო მინიმუმთან, რომელიც მართლაც რეალურია და რომლის დათვლაც, მიუხედავად „ქართული ოცნების“ განცხადებისა, დღემდე, ანუ 2 წლის თავზეც არ მომხდარა“, - აცხადებს რამაზ გერლიანი.

 ექსპერტების აზრით, უკვე მოვიდა დრო, რომ საარსებო მინიმუმის ანგარიშისას სურსათის წილი შემცირდეს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ არასასურსათო საქონლის შესაძენად განკუთვნილი თანხის რაოდენობა გაიზრდება.

„საარსებო მინიმუმს ყველა ქვეყანაში განსხვავებულად ანგარიშობენ. მაგალითად, მოწინავე ქვეყნებში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობას ითვლიან. არსებობს სხვა კრიტერიუმებიც - მაგალითად, მსოფლიო ბანკი იყენებს ისეთ კრიტერიუმს, როგორიცაა საშუალო სულადობრივი შემოსავალი დღე-ღამეში 2 დოლარის ოდენობით, ანუ ადამიანი, რომელსაც თვეში 60 დოლარის შემოსავალი აქვს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფად არ უნდა ჩაითვალოს. არსებობს კიდევ ერთი მეთოდი - როდესაც საარსებო მინიმუმს მოსახლეობის თვითშეფასების მიხედვით განსაზღვრავენ, გააჩნია, რომელ ფენას მიაკუთვნებს ადამიანი თავის თავს - ღარიბს, მდიდარს, თუ საშუალო ფენას. საქართველოში კი, ე.წ. ნორმატიულ სტატისტიკურ მეთოდს იყენებენ, აქ აღებულია პროპორცია 70/30-ზე ანუ 70 პროცენტი მოდის სურსათზე, ხოლო დანარჩენ მომსახურებაზე – 30 პროცენტი, რაც არასწორია”, - აცხადებს „ბიპიენთან“ სტატისტიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც ჩვენთან, თუმცა სოციალური უთანაბრობა ჩვენთან გაცილებით მწვავედ იგრძნობა:

„მეზობელ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, დაახლოებით ერთნაირი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა სოციალური დიფერენციაცია ჩვენთან გაცილებით მაღალია, ვიდრე ამ ქვეყნებში, შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში უფრო „შთამბეჭდავია“. ოფიციალური სტატისტიკით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების რაოდენობა საქართველოში სადღაც 10 პროცენტამდეა, თუმცა რეალურად, სიღარიბის ზღვარს მიღმა ოჯახების 40-45 პროცენტი იმყოფება.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საკმაოდ რთული მდგომარეობაა ტაჯიკეთში, სადაც ღარიბი ოჯახების რაოდენობა 47%-ია, ყირგიზეთში - 355, უკეთესად აქვს საქმე ბალტიისპირეთს, სადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 6%-ია, ყაზახეთში - 8%, ხოლო რუსეთის ფედერაციაში - 11%. ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა აქვს აზერბაიჯანს“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.