„თიბისი ბანკი“ მენეჯმენტის შემადგენლობას აფართოვებს. ბანკის დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის სამი ახალი მოადგილე ჟურნალისტებს ოფიციალურად წარუდგინა.
ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობები გიორგი თხელიძემ, ნიკოლოზ ქურდიანმა და დავით წიკლაურმა დაიკავეს. ხაზარაძის განმარტებით, მათ „თიბისი ბანკში“ ახალი პოზიციების ჩაბარებამდე უმაღლესი მენეჯერული თანამდებობები მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციებში - Barclays საინვესტიციო ბანკში, UniCredit Group-სა და Deutsche Bank-ში დათმეს.
„ჩვენ ახალი კადრებით არავინ ჩაგვინაცვლებია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. IPO-ს მერე ჩვენ იმდენად გავიზარდეთ, ბევრი გამოწვევა დგას ჩვენს წინაშე. გუნდი, რომელიც აქამდე მუშაობდა ბანკში, სამი მაღალპროფესიონალი ადამიანით გაძლიერდა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ უცხოური გამოცდილების მქონე წარმატებული ქართველების მათ ბანკში დასაქმება პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი პრეცენდენტები ადრეც იყო, როცა თანამშრომლობა შესთავაზეს მარიამ მეღვინეთუხუცესს, რომელიც ედინბურგის ბიზნესსკოლის დამთავრების შემდეგ ევრობანკში მუშაობდა, ხოლო, „თიბისის ბანკის“ ფინანსურ დირექტორს გიორგი შანიძეს კემბრიჯის სკოლა ადმინისტრირების ხარისხის მიმართულებით აქვს დამთავრებული.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გუნდი მსოფლიოში აბსოლუტურად ნებისმიერ გამოწვევას უპასუხებს. რამეთუ ვსაუბრობ ყველზე მაღალ სტანდარტზე, ქართველებით დაკომპლექტებულ მაღალ სტანდარტზე, რომელიც დღეს საბანკო და ბიზნესსექტორში არსებობს“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე კი განმარტავს, რომ ახალი ვიცე-პრეზიდენტების შერჩევა არც ისე მარტივი საქმე იყო. ამის შემდეგ კი ბანკს ბრძოლა ახალი გამოწვევებისთვის მოუწევს.
„ეს არ იყო ერთი დღის და ერთი კვირის გადაწყვეტილება, ჩვენ ამ საკითხზე ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით და ვფიქრობ, წარმატებულად - შევძელით, რომ ეს სამი ადამიანი შემოუერთდა „თიბისი ბანკს“. ბანკი საკმაოდ გაიზარდა. დღეს „თიბისის ბანკის“ აქციები უკვე კვოტირებს და განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სექტემბრის ბოლოს „თიბისი“ გახდა ყველაზე დიდი ბანკი საქართველოში დეპოზიტების მოცულობით. სექტემბრიდან ვართ „კონსტანტა ბანკის“ 100%-ის მფლობელები“,- აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.
ბანკის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ „თიბისი ჯგუფი“ დღეს საბანკო სექტორში ყველაზე დიდი დამსაქმებელია და „თიბისი ბანკსა“ და „კონსტანტა ბანკში“ 4 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
„წელს ჩვენ ეკონომიკის ზრდაში ძალიან მნიშვნელოვანი წილი შევიტანეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა, ახალი მიმართულებები დავამატეთ და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები მომავალი სამი წლის განმავლობაში, მიგვაჩნია, რომ ჩვენ კონკურენცია შეგვიძლია არა მხოლოდ კავკასიის რეგიონის, არამედ, უფრო ფართო მასშტაბებით“,- აცხადებს ბუცხრიკიძე.
რაც შეეხება, უშუალოდ, ახალ ვიცე-პრეზიდენტებს. დავით წიკლაური, რომელიც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული საბანკო მიმართულების კუთით იქნება საბანკო სფეროში 11-წლიან გამოცდილებას ითვლის. ბოლო 7 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საინვესტიციო ბანკში, Deutsche Bank-ში სხვადასხვა თანამდებობაზე. კერძოდ, 2007-2011 წლებში იყო Deusche Bank-ის ფინანსური ინსტიტუციებისა (FIG) და სოვერენული (SSA) ჯგუფის ასოცირებული ბანკირი. 2011 წლიდან ეკავა Deutsche Bank -ის კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა.
„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელებთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი ბანკი ვიქნებით საქართველოს მომხმარებლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის“,- აცხადებს დავით წიკლაური.
გიორგი თხელიძეს, რომელსაც „თიბისი ბანკში“ რისკების მართვა ევალება ფინანსურ სფეროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. „თიბისი ბანკს“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, Barclays საინვესტიციო ბანკიდან შემოუერთდა, სადაც 2011 წლიდან ფინანსური ინსტიტუციების ჯგუფის (FIG) ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებას კურირებდა.
„ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მხოლოდ კარიერულ წინსვლასთან არის დაკავშირებული, ეს არის ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, მალე საქართველოში დაბრუნდება ჩემი მეუღლე და ჩემი სამი შვილი. მიხარია, რომ ერთად ვბრუნდებით და ვაგრძელებთ ცხოვრებას საქართველოში“,- აცხადებს გიორგი თხელიძე.
მესამე ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ქურდიანი კი საქართველოში ყაზახეთიდან დაბრუნდა. აქვს საბანკო სფეროში მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებული აქცენტით ყიდვის შემდგომ ინტეგრაციაში, რესტრუქტურიზაციასა და საცალო საბანკო ბიზნესში. 5 წლის განმავლობაში ეკავა წამყვანი პოზიციები UniCredit Group-ში ავსტრიისა და ყაზახეთის რეგიონებში.
„4-5 ქვეყანაში მომიწია ცხოვრება, მუშაობა და ბევრი რამ ვნახე, მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში არის ბაზა, ინფრასტრუქტურა საიმისოდ, რომ აქაც რაღაც გავაკეთოთ. ბიზნესს დიდი გამოწვევა აქვს და მგონია, შევძლებთ, რომ ტემპი გავზარდოთ. ამისთვის ყველა წინაპირობაა“,- აცხადებს ნიკა ქურდიანი.
„თიბისის ბანკის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამაუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მართალია ბანკი მხოლოდ საბანკო პროდუქტების მიმართულებით მუშაობს, მაგრამ „თიბისი ჯგუფს“ აქვს ბევრი სხვა პროექტიც და მომავალში სიახლეებს სხვა მიმართულებითაც გეგმავს.
„ჩვენ ამით არ გავჩერდებით, „თიბისი ბანკი“ მხოლოდ და მხოლოდ საბანკო პროდუქტებზე მუშაობს და ბანკის სახელით არ ვაკეთებთ სხვა ბიზნესებს, თუმცა „თიბისი ჯგუფი“ თავისი შემადგენლობითა და სტრუქტურით ბევრ პროექტს ახორციელებს. ჩვენი მიმართულება ორივე შემთხვევაში არის ჩამოვიყვანოთ უცხოეთიდან საქართველოში წარმატებული პროფესიონალები. მჯერა, რომ დარგის აღორძინება ასეთი ნიჭიერი, წარმატებული ადამიანების დაბრუნებით და ადგილობრივი წარმატებული ადამიანების სინთეზით შეიძლება“,- აცხადებს ხაზარაძე.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის კეთების კარგი პირობაა, ეს სიტუაცია ყველამ უნდა გამოიყენოს და ქვეყანა უნდა განვითარდეს.