ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელმა ფრეიზერის ინსტიტუტის 2014 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნების 2012 წლის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლებს ასახავს. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ საუკეთესო ოცეულში დაიმკვიდრა პოზიცია და 152 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. კვლევითი ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ ანგარიშს ორი წლის წინათ არსებულ მდგომარეობაზე ავრცელებს, ანუ აქ ასახულია 2012 წლის მონაცემები.
5-7 ოქტომბერს ბრიუსელში ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, რომელზედაც საუბარი მსოფლიოში მიმდინარე რეფორმებით ეკონომიკური თავისუფლების ამაღლებას შეეხებოდა.
საქართველო წინა წლების ანგარიშის მიხედვით 42-ე ადგილზე იყო, ხოლო შარშან (იგი მოიცავდა 2011 წელს) - 25-ზე აინაცვლა. წელს კიდევ 9 საფეხურით დავწინაურდით. შეფასება ხუთ ძირითად კრიტერიუმს ეყრდნობა: მთავრობის ზომა, რომელიც სამთავრობო ხარჯების მოცულობას ასახავს; საკუთრების უფლების დაცვა და სასამართლო; ჯანსაღი ფულადი პოლიტიკა; საგარეო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტების, დასაქმებისა და ბიზნესის რეგულაციები. ეს ხუთი კრიტერიუმი 40-ზე მეტ ქვეპუნქტს აერთიანებს, რომელთა მიხედვით განისაზღვრება ეკონომიკური თავისუფლება მთელ მსოფლიოში.
საქართველო სხვა კვლევითი ორგანიზაციების შეფასებითაც ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მოწინავე ადგილს იკავებს. მაგალითად, Heritage oundation-ის 2014 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჩვენი ქვეყანა 22-ე ადგილზეა.
ინდექსები და რეიტინგები კარგია, მაგრამ სინამდვილეში რას აძლევს ის საქართველოს მოსახლეობას. მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში რეალუარად ის დადებიტი პროცესები, რომელსაც უცხოელი ანალიტიკოსები კვლევებში ასახავენ?
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მაღალი საფეხური ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უკვე მიღწეულია კეთილდღეობის მაღალი ხარისხი.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში თუკი მსგავსი პოლიტიკა გაგრძელდება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შესაძლებელია ეკონომიკური კეთილდღეობისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით წინ წასვლა. მაგალითად, ამ რეიტინგს ლიდერობს ჰონგ-კონგი და სინგაპური. ორივე ეს ქვეყანა 50 წლის წინათ საკმაოდ ღარიბი და ერთი შეხედვით უპერსპექტივო იყო, მაგრამ დღეს ეს სახელმწიფოები ლიდერობენ მსოფლიოს ეკონომიკური კეთილდღეობის ხარისხით“, - აცხადებს რადიო „თავისუფლებასთან“ პაატა შეშელიძე.
საქართველოს ინდექსის ზრდაზე იმოქმედა მონეტარული პოლიტიკისა და ინფლაციის საკითხის მოწესრიგებამ და რეგულირებების შემცირებამაც. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 7.61-დან 7.73-მდე გაიზარდა და ამ ცვლილებამ, რომელიც მეასედებში გამოიხატება, გამოიწვია ის, რომ საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესტონეთი, გერმანია, იაპონია და ა. შ.
შეშელიძის აზრით, ბოლო 2 წელიწადში საქართველოში სწორედ ბიუროკრატიის ზრდისა და სახელმწიფოს მოცულობის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა:
„კვლევა 2012 წელს ეხება და თუ ჩვენ წინასწარ შევაფასებთ 2013 და 2014 წლის მონაცემებს, ვფიქრობ, გაურესება გვექნება იმის გამო, რომ გადასახადები არ შემცირდა და აქციზი გაიზარდა, მთელი რიგი რეგულაციები შემოვიდა, სახელმწიფოს ვალდებულებები გაიზარდა, პრივატიზაცია თითქმის შეჩერებულია. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს სურათი, რომ ამ კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით, ამ პოზიციებში იქნება გაუარესება“, - აღნიშნავს პაატა შეშელიძე.
მორიგი კვლევის შედეგები 1 წლის თავზე გამოქვეყნდება და იქ გათვალისწინებული 2013 წლის მაჩვენებლები. ამის შემდეგ ძველი და ახალი მთავრობის რეიტინგული მიღწევების შედარება შესაძლებელი გახდება.