ანაკლიის პორტს 12-მა კომპანიამ დაუმიზნა

ანაკლიის პორტს 12-მა კომპანიამ დაუმიზნა

100 მილიონ ტონიანი პორტის მშენებლობით 12 უცხოური კომპანია დაინტერესდა. მათგან საუკეთესოებს ეკონომიკის სამინისტრო გამოავლენს და შემდეგ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად მოლაპარაკებებს გამართავს. პორტმა, რომლის აშენება 900 მლნ დოლარამდე დაჯდება, 10 წელიწადში ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი უნდა მოუტანოს.

ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადების განმხილველი კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და ასევე ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები.

კომისის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესი გამოხატა 12 კომპანიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კომისია იწყებს კომპანიების მიერ დალუქული კონვერტებით წარმოდგენელი განაცხადების დეტალურ შესწავლას, რის შედეგადაც მოხდება იმ კომპანიების მოკლე სიის, ე.წ. „შორთ-ლისტის“ შედგენა, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. მოკლე სიაში შესულ კომპანიებს გაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ.

„ძალიან სასიხარულოა, რომ 12 კომპანიამ წარმოადგინა განაცხადი. ქვეყნების სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი, შემიძლია ჩამოვთვალო, რომ აქ არის ბელგია, ინდოეთი, ისრაელი, სინგაპური, აშშ, კვიპროსი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. შემდეგ ეტაპზე მოხდება კომპანიების ე.წ. „მოკლე სიის“ დადგენა, რომლებთანაც პირდაპირი მოლაპარაკებით გავაგრძელებთ კონცეფციაზე და კონტრაქტის დეტალებზე მუშაობას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის გათვლებით, ტექნიკური და ფინანსური რესურსის მობილიზებას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.  მინისტრი ამბობს, რომ ღრმაწყლიანი პორტის განვითარება რამდენიმე ფაზას მოიცავს და პირველი, სამწლიანი ფაზა საქართველოს გადაზიდვების პოტენციალის გაორმაგებას გულისხმობს. პორტის საბოლოო სიმძლავრემ, წინასწარი მონაცემებით, 100 მილიონ ტონას უნდა მიაღწიოს.

წინასწარი გათვლებით, პორტის ღირებულება 700 მილიონიდან 800-900 მილიონ დოლარამდე იქნება, მთლიანად ლოჯისტიკური და საწარმოო ზონის განვითარება კი რამდენიმე მილიარდიანი პროექტია, რომელიც საქართველოს შემდეგ 10 წელიწადში დიდ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს.

ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა აქვს. მათგან მთავარია, ვისი ფულით აშენდება ეს ობიექტი:

„საინტერესოა, საბოლოო ჯამში, ვისი ფულით აშენდება ეს - რამდენიმე ინვესტორის მონაწილეობით, სახელმწიფოს დაკვეთით, თუ ერთ კომპანიას მიჰყიდიან და ის პორტს აიშენებს? თანაც, მხოლოდ პორტი ხომ არ იქნება, ალბათ, ინფრასტრუქტურაც არის გასათვალისწინებელი...  თუ ამისთვის ბიუჯეტის ფული უნდა დაიხარჯოს, მაშინ არ მგონია ეს კარგი იდეა. თუ კერძო პირი დახარჯავს ამაში ფულს, ის პერსპექტივასაც დაინახავს და ააშენებს კიდეც პორტს“, - აცხადებს შეშელიძე.

მთავრობაში უკვე განაცხადეს, რომ პორტი კერძო კაპიტალით აშენდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშუალოდ მშენებლობის დაფინანსება არ იგეგმება.